ექიმი ვახტანგ კალოიანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, ჯუმბერ ბოლქვაძის მიმართ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის კომენტარს ფეისბუქზე ეხმიანება.
დღეს, 2 ოქტომბერს, მიხეილ სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროტესტზე განაცხადა, რომ ექიმმა კლინიკაში პაციენტის მიღებაზე უარი თქვა, რაზეც „აუცილებლად იქნება სამართლებრივი რეაგირება“.
ექიმი ვახტანგ კალოიანი წერს, რომ გადაცდომა მართლაც თუ დაფიქსირდა, რატომ არ განიხილავს ამ ფაქტს პროფესიული საბჭო და რატომ მოსთხოვა ექიმს სამინისტრომ სამსახურიდან წასვლა.
„ვენდოთ ჯანდაცვის სამინისტროს და დავუშვათ, ეს სიმართლეა. ჯანდაცვის ბრძნული პოლიტიკის შედეგად ნაოპერაციები პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია ვერ ხდება სახელმწიფო კლინიკაში მაღალი თანამდებობის პირების ჩარევის გარეშე [ვისაც სახელმწიფო კლინიკების იმედი გაქვთ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეხედეთ და ბათუმის რესპუბლიკურის აღორძინების საგა გაიხსენეთ].
არ დაგავიწყდეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გააპარტახა კრიტიკული მედიცინა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი, ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე მას თანამდებობის დატოვებას სთხოვს. სარჯველაძემ დღეს, 2 ოქტომბერს, ეს უარყო და თქვა, რომ ჯუმბერ ბოლქვაძეს თავად სურდა სამსახურის დატოვება სექტემბერში.
როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფი ექიმები ჰყვებიან „ბათუმელებთან“, ეს ამბავი 2026 წლის ივნისში მოხდა – კლინიკაში უნდა შემოეყვანათ მძიმე პაციენტი, თუმცა საავადმყოფოს „ემერჯენის“ განყოფილებაში საკმარისი ადგილი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, როგორც ჯუმბერ ბოლქვაძემ თქვა, მათ ათვისებული ჰქონდათ განყოფილების სარეზერვო ინვენტარიც.
ექიმების თქმით, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორი დაჟინებით მოითხოვდა პაციენტის მიღებას.
ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში იყო და სატელეფონო საუბრისას გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორს არაერთხელ განუმარტა, რომ პაციენტის მიღება არ შეეძლო. ოპერატორმა მას მინისტრის შესაბამის ბრძანებაზე მიუთითა, ჯუმბერ ბოლქვაძემ კი ოპერატორს უთხრა, რომ რადგან ასეთია მინისტრის ბრძანება – „წაიყვანეთ მინისტრთან“.
მიხეილ სარჯველაძე კი ირწმუნება, რომ იმ წუთას საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო, როგორც ემერჯენსის, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში და ამის დასტურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ხელმძღვანელი პირი პირადად ჩაერია საქმეში, იმავე კლინიკაში პაციენტის მიღება შესაძლებელი გახდა.
„ერთი კონკრეტული პირი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობდა პაციენტის მიღებაზე უარს. ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“, – თქვა მან.






