თურქული მედიის ცნობით, 22 სექტემბერს მანისას პროვინციის თურგუტლუს რაიონში, ერთ-ერთ სკოლასთან სროლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.
სროლა იყო დილის 8 საათის ფარგლებში, „ინჯი უზმეზის“ (İnci Üzmez) სახელობის პროფესიულ-ტექნიკურ სკოლასთან. პირმა სანადირო თოფიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან ფეხით მიიმალა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. სროლის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
ბოლო ცნობებით, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, რომ სკოლასთან მშობლები შეიკრიბნენ, რათა შვილების მდგომარეობა გაერკვიათ. ზოგიერთი მშობელი ტერიტორიაზე შესვლისას პოლიციას დაუპირისპირდა.
მედიის ცნობით, დაწყებულია გამოძიება.
___________________
ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“






