სიახლეები

არ მინდა ადამიანები ჩემი ქალაქის ქუჩებში იყინებოდნენ

09.01.2013
არ მინდა ადამიანები ჩემი ქალაქის ქუჩებში იყინებოდნენ

ჩემმა პროდიუსერმა ეს ამბავი მნიშვნელოვნად ჩათვალა და დილით პირდაპირი ჩართვა მთხოვა ადგილიდან, სადაც, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს უსახლკარო 90-მდე ადამიანი ღამეს გაათევდა; პირდაპირი ჩართვა მქონდა იმ ადგილიდან, სადაც ადრე ბავშვთა სახლი იყო. მერიის პროექტით, ეს შენობა უნდა გადაკეთებულიყო ისე, რომ ყველა ოთახს სველი წერტილი ჰქონოდა. ანუ აქ იგეგმებოდა თავშესაფარის მოწყობა, მიუსაფარ ადამიანებს ზამთარში სითბოში რომ ეცხოვრათ, დღეში სამჯერადი კვებით. წინასწარი გაანგარიშებით პროექტს ბათუმის მერია აფინანსებდა; მაშინ ზუსტი ბიუჯეტის დადგენაზე მუშაობდნენ.

 

რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის მერმა ბრიფინგი გამართა: თემა ბათუმის ბიუჯეტის შემცირება; მერმა დაასახელა პროექტები, რომლებიც ამ წელში იყო დაგეგმილი, მაგრამ ვეღარ გაკეთდებოდა, რადგან ბათუმის ბიუჯეტი შემცირდა… მჯეროდა, რომ ბიუჯეტის შემცირება მაინცადამაინც მიუსაფარ ადამიანებს არ შეეხებოდა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი, პირადად მე, ეს  პრობლემა მგონია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი – სწორედ თავშესაფარის დაფინანსებაზე თქვა მერიამ უარი. მიზეზად ბათუმის ბიუჯეტის შემცირება დაასახელეს.

 

მე მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება მერიამ შარშან მორჩენილი თითქმის 20 მილიონიდან დააფინანსოს ერთი პატარა თავშესაფარი ბათუმში… ჩემი აზრით, ჩემს ქალაქს შეუძლია მაქსიმუმ ასამდე ადამიანისთვის თავშესაფარის მიცემა, თუნდაც ისეთ საშინელ სუსხში, როგორიც დღესაა ბათუმის ქუჩებში.

 

ამ ქვეყნად მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ადამიანის სიცოცხლეა… აღარ მინდა ჩემს ქალაქში,  ქუჩაში, ადამიანები იყინებოდნენ და ისე იხოცებოდნენ. ნუთუ ეს ასე ბევრია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: