მთავარი,სიახლეები

ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს

14.09.2026
ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს

დღეს, 14 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“ ბათუმში ბრიფინგი გამართა საბავშვო ბაღების პრობლემაზე.

ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, აცხადებს, რომ ამ სასწავლო სეზონზე მუშაობა ვერ განაახლა ბათუმში მოქმედი 38 ბაღიდან 9 ბაღმა.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. არსებულ ბაღებშიც ვერ იქნება დაცული დადგენილი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ცხრა ბაღის აღსაზრდელები არიან გადაყვანილი მოქმედ ბაღებში, შესაბამისად, ძალიან მაღალია ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა.

ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში ასობით ბავშვი ისე გახდა 6 წლის, რომ მშობელმა ვერ მოახერხა ბავშვის ბაღში მიყვანა“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ ბრიფინგზე.

ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი ისევ შეჩერებულია – #2, #6, #9, #10, #16, #18, #20, #29, #34 საბავშვო ბაღებში.

ბაღების მუშაობის შეჩერების მთავარ მიზეზად წლების განმავლობაში გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელდება.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება რეაბილიტაციას უტარებს იმ ბაღებსაც, რომლებიც 5-6 წლის წინათ გაარემონტეს. ასევე, დაიხურა ორი ახალაშენებული ბაღი: 34-ე ბაღი თამარის დასახლებაში და 21-ე ბაღი – ლერმონტოვის ქუჩაზე.

„34-ე საბავშვო ბაღი 2018 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს, 7 წლის შემდეგ კი ბაღი დაიკეტა. მიზეზად შენობის ავარიულობა დაასახელეს და მოზარდები სხვადასხვა ბაღში გადაანაწილეს. გასულ წელს 12 ბაღი იყო უფუნქციო, დაპირების მიუხედავად, ბათუმის მერიამ მხოლოდ 3 საბავშვო ბაღის გახსნა შეძლო. ასევე, გაიხსნა 2 ახალი ბაღი.

მიუხედავად ამისა, ქალაქის მზარდი მოსახლეობის ფონზე, მუნიციპალური საბავშვო ბაღების სიმცირის გამო, ყოველწლიურად 2000-მდე ბავშვი რჩება სკოლამდელი განათლების გარეშე.

#9 საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები კი კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას, ვინაიდან რამდენიმე ბაღის აღსაზრდელებს ერთ შენობაში უყრიან თავს, შედეგად ირღვევა სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები – ადგილების სიმცირე და ბავშვების რაოდენობის სიმჭიდროვე, სათამაშო სივრცეების ნაკლებობა, ძილის რეჟიმის დარღვევა…

ეს პრობლემას უქმნის განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, ვინაიდან ვერ ახერხებენ მუნიციპალური ბაღების მიღმა დარჩენილი შვილების კერძო საბავშვო ბაღში მიყვანას და იძულებულნი არიან, სამსახური მიატოვონ.

ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი – ტენდერებს იგებენ ჩინოვნიკებთან დაახლოებული კომპანიები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ გამოცდილება. შედეგად, რეაბილიტირებული და ახალი ბაღები მალე გამოდის მწყობრიდან, გაფლანგული მილიონების გარდა ბავშვებს არ ეძლევათ სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

2026 წლის 21 აგვისტოს, ბიუჯეტში ცვლილების შემდეგ, ბათუმის მერიამ 2,6 მილიონი ლარი ამოიღო საბავშვო ბაღების დაფინანსებიდან. აქედან 1.5 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე N188-ში დაგეგმილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაფინანსება იყო. ამ ბაღის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა სხდომაზე განმარტა, რომ ეს თანხა 2027 წლის ბიუჯეტში გადააქვთ, რადგან ბაღისთვის გათვალისწინებულ ადგილზე, ე.წ. ბარაკებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები დროში გაიწელა.

გარდა ამისა, „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელმაც ეს ბაღი უნდა ააშენოს, ავანსის სახით 400 000 ლარი უკვე გადაურიცხეს.

საქმე ისაა, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #188-ში, „ოცნების ქალაქთან“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბათუმის მერიამ 2024 წლის ბოლოს დაგეგმა და 2025 წლის ბიუჯეტში ჩასვა. გასული წლის ბოლოს ამ ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოავლინა და ავანსიც გასცა, თუმცა ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა.

რამდენი ბავშვი მიიღო წელს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ და რამდენი ბავშვი დარჩა ბაღის გარეშე? – ამ კითხვებზე პასუხს „ბათუმელები“ მერიისგან ელის. ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: