გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს. მანამდე იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკადრო ცვლილება 2 თვის წინ განხორციელდა.
გოჩა ვანაძის სახელი და გვარი ცნობილი „მზია ამაღლობელის საქმიდან“ გახდა – გოჩა ვანაძე ამ საქმის ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელია. იგი ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო, როცა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დააკავეს.
გოჩა ვანაძემ მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით თავად დააკავა. სინამდვილეში კი, აქციაზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს და მოსამართლემ სალიხ შაინიძემაც დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით გრიგოლ ბესელიამ დააკავა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც ჯერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციიდან გაუშვეს და ბოლო ცნობებით, სამშენებლო კომპანიის დაცვის უფროსად დაასაქმეს.
2025 წლის 6 აგვისტოს, როცა მზია ამაღლობელს მოსამართლე სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები გოჩა ვანაძის გამოჩენას სკანდირებით – „ცრუმოწმე! ცრუმოწმე“ – შეხვდნენ.
ამ თემაზე:
მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში არსებული სიყალბე ნაწილობრივ დაადასტურა – ვიდეო






