„ქართული ოცნების“ მთავრობა რეგიონებში მოდულური სკოლების დამონტაჟებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ტრანსპორტირებადი მოდულური სკოლების შეძენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა – 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული.
სატენდერო მონაცემების მიხედვით, მოდულები უნდა იყოს მრავალჯერადი ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი, ქარხნული წარმოების/საამქროში დამზადებული, სრულად დასრულებული და მზად ექსპლუატაციისათვის.
„მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურა უნდა ქმნიდეს ერთიან, თანამედროვე, ფუნქციურ და ენერგოეფექტურ არქიტექტურულ კომპლექსს.
მოდულების დიზაინი, არქიტექტურული გადაწყვეტა, ფასადები, ფერთა პალიტრა, კარ-ფანჯრის სისტემები, გამოყენებული მასალები და ინტერიერის გადაწყვეტა უნდა იყოს ურთიერთთავსებადი და ქმნიდეს ერთიან ვიზუალურ იდენტობას.
საჭიროების შემთხვევაში მოდულებს (გარდა ტიპი D – სანიტარული კვანძის მოდული) უნდა გააჩნდეს ორ სართულად განთავსების ტექნიკური შესაძლებლობა.
ორ სართულად განთავსების შემთხვევაში, შეთავაზებაში შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას, შეისყიდოს ტექნიკური დავალებით მითითებული სრული რაოდენობა“- წერია სატენდერო პირობებში.
პირობების მიხედვით, გამოყენებული მასალები, კონსტრუქციები, საინჟინრო მოწყობილობები და აღჭურვილობა უნდა იყოს უსაფრთხო, გამძლე და განკუთვნილი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტენსიური ექსპლუატაციისათვის.
„გამოყენებული ყველა მასალა უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედ სამშენებლო, სანიტარიულ, სახანძრო, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით მოთხოვნებს, არ უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს და უნდა გააჩნდეს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“.
საკლასო ოთახის მოდულიგანკუთვნილი უნდა იყოს 10-12 მოსწავლისთვის და ერთი მასწავლებლისთვის. მოდული უნდა იყოს აღჭურვილი გათბობა-გაგრილების სისტემით.
სანიტარული კვანძის მოდული 100-120 მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო კომპლექსის საჭიროებებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.
მასში უნდა მოეწყოს ბიჭებისა და გოგოებისთვის დამოუკიდებელი ბლოკები, ასევე უნდა იყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 28 სექტემბერს დასრულდება.
სატენდერო პირობის მიხედვით:
- „ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს შესათანხმებლად წარუდგინოს თითოეული მოდულის ტიპური პროექტი.
- მოდულის ტიპური პროექტის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი დავალების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არანაკლებ 200 მოდულის მიწოდება და მონტაჟი.
- ობიექტების ზუსტი ადგილმდებარეობა დაზუსტდება შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი წერილობითი დავალების გაცემის საფუძველზე.
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.“






