„ჩემი ბინა 50 კვადრატული მეტრია, ვითხოვდი მინიმუმ 15 კვადრატულის დამატებას, რაზეც უარი გვითხრეს. ამიტომაც ვთქვით უარი ახალ კორპუსზე,“ – ამბობს ბათუმში, ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ მცხოვრები ნაზიბროლა ესებიძე. მის სამეზობლოშიც სხვა ოჯახებსაც უარი უთქვამთ მერიისთვის ე.წ. სოციალურ სახლზე.
ბათუმის მერიამ „შანხაის დასახლებაში“ ბიუჯეტში გათვალისწინებული 2 კორპუსიდან მხოლოდ ერთი ააშენა, მეორეს – აღარ აშენებს. „ობიექტურ მიზეზად“ მერია ასახელებს მოსახლეობას, რომელიც „ბარაკებიდან“ ვერ გამოასახლეს.

ე.წ. შანხაის დასახლება ბათუმში

„ჩვენ წინასაარჩევნოდ დაგვპირდა „ოცნება“, რომ მინიმუმ 15 კვადრატულს დაგვიმატებდა, რატომ გადაგვაგდეს?“ – უთხრეს დღეს, 22 აგვისტოს„ბათუმელებს“ ე.წ. შანხაის დასახლებაში, სადაც დაახლოებით 150 ოჯახი ისევ გაუსაძლის და უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. თითქმის ყველა ოჯახი აქ პერიოდულად იტბორება, სახურავიდან წყალი ჩამოსდის, ძველი კორპუსის კედლები დანესტილი და დაბზარულია…
ამ მძიმე რეალობის მიუხედავად, „შანხაის დასახლებაში“ გვითხრეს, რომ ისევ ვიწრო ბინაში გადასვლას არ დათანხმდნენ.
ახალ კორპუსში სავარაუდოდ ის რამდენიმე ოჯახი გადავა, ვისი ბარაკიც იმ ადგილზე იყო, სადაც უკვე ახალი კორპუსია და რომლის შესასვლელთან დაცვის სამსახური დაგხდებათ: ჯერ შიგნით არავინ ცხოვრობს, ვერ შეგიშვებთო!
დასახლებაში გვიყვებიან, რომ დასრულებულ, ახალ კორპუსში ბინების ნაწილი გაიყიდება, ნაწილის დაკავება კი, თვითონ შეუძლიათ, მაგრამ მათთვის არაა მისაღები მერიის შეთავაზება:
„37 კვადრატულში მთავაზობდნენ იგივე ფართობის ბინას, რაც არ არის მისაღები. ორი შვილი მყავს. გამოდის, რომ მე და ჩემმა ცოლმა, ან ჩემმა შვილებმა ისევ სამზარეულოში უნდა დაიძინონ.
როცა ამბობენ, ხალხზე ვზრუნავთო, ეს არ არის ხალხზე ზრუნვა,“ – გვითხრა იაგო ბერიძემ.

იაგო ბერიძე
იაგო ბერიძე გვიყვება იმაზეც, რომ მძიმე პირობებში ცხოვრების მიუხედავად, სოციალური შემწეობა შეუწყვიტეს.
„სოციალური დაუტოვეს მხოლოდ ჩემს მცირეწლოვან შვილებს, არავის არაფერი არ განუმარტავს, რატომ შეგვიწყვიტეს სოციალური, არაფერი არ შეცვლილა, პირიქით გავღარიბდით უფრო… უკვე 2 თუ 3 თვეა, აღარ ვიღებთ დახმარებას.
მანამდე სამუშაოდ ვიყავი წასული პოლონეთში 3 თვით, მშენებლობაზე, მაგრამ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკან დავბრუნდი. ახლა ოჯახში დასაქმებული მხოლოდ მე ვარ,“ – ამბობს იაგო ბერიძე.
„მოლაპარაკება იყო მერიაში 2 თვის წინ. გვითხრეს, დარჩით მაშინ თქვენს ბარაკებშიო, ჩვენ ვითხოვდით 15-20 კვადრატულის დამატებას, რასაც მანამდე დაგვპირდნენ.. იყვნენ აქ მოსულები მანამდე მერიიდან,“ – გვიყვება ეთერ კვირიკაძე და ბარაკული ტიპის საცხოვრებელში დაბზარულ კედლებს გვაჩვენებს, ბინაში ჩამოსული წვიმით მიყენებულ ზიანს, ვიწრო სამზარეულოს, სადაც ორი ადამიანი ფეხზე მდგომიც კი, ვერ გაჩერდება. ბარაკული ტიპის საცხოვრებლის გადატიხრული მისაღების უკან, უფანჯრო ოთახში, ოჯახს საძინებელი მოუწყვია.
„მე ვითხოვდი მოეცათ ბინა ისე, რომ ორი ოთახი მაინც მქონოდა. არ მომცეს და მტოვებენ ასე, აქ აღარ იცხოვრება, კედლები ყანყალებს, რა დაგვეცემა თავში, არ ვიცით,“ – ამბობს ეთერ კვირიკაძე.

ეთერ კვირიკაძე
„დატბორილი ვარ სულ, აქ არ იცხოვრება, მაგრამ ვცხოვრობ,“ – მძიმე ჰაერი ვიწრო ოთახში შესვლისთანავე იგრძნობა ნათელა ქამაშიძესთან. ქალს ლეიბები და სხვა ნივთები ეზოში გამოუტანია: ასე ვცდილობ გაშრობას მზეზე, თუ მოვასწარიო.
„ჩემი ბინა 33 კვადრატულია, მაგრამ ეზოც ჩემია, რეესტრში გაფორმებული არ არის, მაგრამ წლებია მე მეკუთვნის… ვითხოვდი 65 კვადრატულს, რაზეც უარი მითხრეს,“ – გვითხრა ნათელა ქამაშიძემ.

ნათელა ქამაშიძე

ნათელა ქამაშიძის ბარაკული ტიპის საცხოვრებელი, სადაც ის ქმართან ერთად წლებია ცხოვრობს
„შანხაის დასახლებაში“ შევხვდით ისეთ ოჯახსაც, რომელიც ახალ კორპუსში შესვლას ელოდება:
„მე ვცხოვრობდი ერთ-ერთ ძველ კორპუსში, რომელიც უკვე დანგრეულია, იქ აშენდა ეს ახალი კორპუსი,“ – გვიყვება ჟუჟუნა კვირიკაძე, – „ჩვენთვის არ დაუმატებიათ კვადრატულობა, მაგრამ მისაღებია ახალ, მოწესრიგებულ გარემოში ყოფნა. ერთი სული მაქვს, როდის გამოცხადდება შესვლა.
ვიდრე შევალთ ახალ კორპუსში, მერია გვიხდის ქირის თანხას. ჩვენ ხუთსულიანი ოჯახი ვართ და გვაძლევენ 1200 ლარს. ამიტომაც, აქვე ვიქირავეთ ბინა,“ – გვითხრა ჟუჟუნა კვირიკაძემ.


გავესაუბრეთ ისეთ მოქალაქესაც, რომლებსაც აწყობს ფართობის დამატების გარეშე მიიღოს ახალი ბინა, მაგრამ მაინც თავის ბარაკში უწევს დარჩენა:
„მე ვცხოვრობ 28 კვადრატულში და თანახმა ვიყავი, ისევ 28 კვადრატულში მეცხოვრა ახალ კორპუსში, მაგრამ მითხრეს, რომ ამ ფართობის ბინა აღარ არის. შემომთავაზეს ქირით გასვლა, მაგრამ ესეც არ არის მისაღები, რადგან ჩემმა შვილმა მიიღო ახალ კორპუსში ბინა, მინდა მასთან ახლოს ვიყო, მოსავლელი ვარ უკვე,“ – გვითხრა ნარიე ცენტერაძემ.
ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის დაფინანსება შემცირდა 10 920 200 ლარით, ხოლო მერიის სამმართველოსა და „ანაგს“ შორის შეთანხმების აქტში წერია, რომ – 15 277 179 ლარით.
-
„მცირდება ღონისძიების დაფინანსება [ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმების შედეგად ამოღებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, რის შესაბამისადაც შემცირდა ხელშეკრულების ღირებულება – 10 920 200 ლარით“, – წერს მერია ბიუჯეტის გადასახდელების ცვლილების პროექტში, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
-
„მხარეთა შეთანხმების“, ანუ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და „ანაგს“ შორის გაფორმებულ დოკუმენტში კი წერია, რომ „ბ“ ბლოკის მშენებლობის სამუშაოების გაუქმებისა და კომუნალური სისტემის მიერთება/გამრიცხველიანების საფასურის ცვლილების შემდგომ ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შემცირდა 15 277 179,67 ლარით“.
__
ამ თემაზე:
ბათუმის მერია სოციალურ სახლს აღარ ააშენებს – 32 მილიონ ლარად 2 კორპუსი უნდა აშენებულიყო






