მთავარი,სიახლეები

რატომ აღარ ისმის რეზო ხარაზის პროტესტის ხმა – აქტიური პოლიტიკიდან კივის ბაღებში

06.08.2026
რატომ აღარ ისმის რეზო ხარაზის პროტესტის ხმა – აქტიური პოლიტიკიდან კივის ბაღებში

სად გაქრა ოპოზიციონერი, რომელზეც ყველა ამბობდა, რომ ბრძოლის ველს არასდროს დატოვებს, ოპოზიციონერი, რომელზეც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩაკეტილ საჯარო სივრცეებს არღვევდა და ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ფანჯრიდან შედიოდა? ის ხშირად მართავდა ბრიფინგებს, აპროტესტებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამხელდა მაღალჩინოსნებს, აჩერებდა საკრებულოს სხდომებს.

ბევრი აკრიტიკებდა და არასერიოზულ ქცევადაც კი აფასებდა ხმაურს, რომელსაც რეზო ხარაზი ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს სხდომაზე თავისი პროტესტით იწვევდა:

„შოუებს დგამს“, „წავიდნენ ტელევიზიები, რეზოც წავიდა“, „ბიუჯეტს ვამტკიცებთ, სად არის ახლა რეზო?“ – ცინიკური იყო მის მიმართ საკრებულოში „ოცნების“ წარმომადგენლობა.

რეზო ხარაზი აქტიური იყო საპროტესტო აქციებზეც, არაერთხელ დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

როცა რეზო ხარაზი მერიის დაკეტილ შენობაში ფანჯრიდან შევიდა

როცა რეზომ სხდომაზე განაცხადა, რომ მერთან შესვლა სურდა და კარებთან დაცვა ჩადგა

სად გაქრა და რატომ აღარ ჩანს რეზო ხარაზი? – ამ კითხვას, რამდენიმე საპასუხო ვერსია მოჰყვა:

„ხელი ჩაიქნია, ამ საქმიდან არაფერი გამოვაო და სოფელში გადავიდა“, „ოცნების ხელისუფლებიდან გრანტი მიუღია და ბიზნესს იწყებს – ესეც თქვენი ოპოზიციონერი“, „საკუთარ პარტიაზეა გაბრაზებული – დაჭამეს ერთმანეთი თანამდებობებისთვის“, „რა ქნას, შვილები ჰყავს, ოჯახს რჩენა უნდა, ბავშვებს სწავლა, თქვენ როგორ ლაპარაკობთ“ და ასე შემდეგ.

რეზო ხარაზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია მისი დაფუძნების დღიდან, წინა ხელისუფლების დროს ჯერ იყო განათლების სამინისტროს სპორტისა და ახლაგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემდეგ ქობულეთის გამგებლის მოადგილე [მაშინ მერების ნაცვლად გამგებლები მართავდნენ მუნიციპალიტეტს].

იყო წინა მოწვევის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და როცა მისი თანამებრძოლების ნაწილი ნიკა მელიასთან ერთად „ახალში“ წავიდა, თვითონ დარჩენა გადაწყვიტა: „მე არსად წავსულვარ და არც პარტია შემიცვლია ზოგიერთებისგან განსხვავებით. კაცი უნდა იყოს სტაბილური“ – თქვა მან მაშინ.

ჩვენ გადავწყვიტეთ თავად რეზოსთვის გვეკითხა, სად გაქრა ოპოზიციონერი, რომელიც ყველას ეგონა, რომ არასოდეს გაჩერდებოდა. მას სოფელ ზედა კვირიკეში, საკუთარ სახლში მივაკითხეთ იმის გასარკვევად, მართლა ხელი ჩაიქნია და ბიზნეს იწყებს, თუ პარტიის ხელმძღვანელებზეა გაბრაზებული.

რეზო ხარაზი სოფელ ზედა კვირიკეში მშობლებთან და ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მამა აგრონომია, მას წლების წინ საკუთარ კარ-მიდამოში კივის ბაღი გაუშენებია, ახლა ამ ბაღის გაფართოება და მის სარეალიზაციოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა გადაუწყვეტია რეზოს. ბაღი უკვე ერთ ჰექტარზე აქვს გაშენებული.

„მირჩიეს უცხოეთში წასვლა. მარწმუნებდნენ, რომ სხვანაირად არაფერი გამომივიდოდა. არ წავედი, მე მაქვს შესაძლებლობა რომ აქ ვიშრომო, გადავწყვიტე და შევიტანე განაცხადი აგროკრედიტზე. დიდხანს არ მაძლევდნენ პასუხს, არ მოვეშვი. მართალია, მქონდა უიმედობის მომენტები, მაგრამ მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ პრინციპული უნდა ვიყო და მეც არ მოვეშვი. ამოვიდა კომისია შემამოწმა, ადგილი ნახეს, მოეწონათ, მაგრამ მაინც აჭიანურებდნენ.

ბოლოს მოვთხოვე ოფიციალური უარი, რაზეც მიპასუხეს, რომ მსგავს წერილებს არ გასცემდნენ. ბიუჯეტი არის ჩვენი ხალხის ფული და დიახ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რაც ამ ბიუჯეტიდან გვეკუთვნის. ვიდრე ამ განაცხადს გავაკეთებდი, გადავამოწმე და ვნახე, რომ ძალიან დიდ, ფინანსურად ძლიერ კომპანიებს, მათ შორის პარლამენტარებს აქვთ მიღებული მსგავსი დაფინანსებები. ჰო და, არ მოვეშვი“.

გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, საბოლოოდ რეზომ აგროკრედიტი მიიღო, მოაწყო სარწყავი სისტემა, სამაცივრე ოთახი და დაიწყო კივის ბაღის გაფართოება. ამბობს, რომ ეს საქმე დიდ შრომას ითხოვს, რაც ადვილი არ არის: „ მაგრამ არც ოპოზიციონერობაა ადვილი, ხომ იცით მე სამსახურს ვერავინ მომცემდა, ვერავინ დამასაქმებდა.“

რეზო ყველას ურჩევს, რომ მოითხოვონ, რაც ეკუთვნით, არ გაჩერდნენ, ხელი არ ჩაიქნიონ, არ დაიღალონ და იყვნენ პრინციპულები:

„ბიუჯეტი ჩვენი ფულია, ჩვენი. დავდივარ და ყველას ვეუბნები, რომ არ წავიდნენ სოფლებიდან, არ დაკეტონ, არ გაყიდონ სახლები. ძალიან გული გვტკივა სოფელში სახლებს რომ ყიდიან, ხალხი გარბის, ახალგაზრდები გარბიან. ყველას ვთავაზობ, რომ დავეხმარები“.

როგორც თავად გვიამბო დილის ექვსი საათიდან ბაღში გადის, უვლის ნარგავებს, ისე, როგორც მის ხარისხიან მოსავალს სჭირდება.

საუბარში ხშირად უბრუნდება იმ საკითხს, რომ პროტესტში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა მისი საუბრით ირკვევა ისიც, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესებმა მის ერთგულ წევრებში იმედგაცრუება გამოიწვია:

„ჩვენ უნდა გვქონდეს პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება საქმეზე,  რომ მიხვალ მოქალაქესთან არავინ უნდა თქვას, რა გაგიკეთებიაო. ვლანძღავთ ამ „ოცნებას“, ვლანძღავთ… 14 წელი საკმარისზე მეტი დროა. შენ ელაპარაკებოდე ადამიანებს და თან თითს უქნევდე, ასე თითის დაქნევით დღეს ვერავის შეაშინებ. ამას უნდა სხვანაირი მიდგომა.

ვინც ოპოზიციურად აზროვნებს, პოლიტიკური პარტია, თუ „ოცნების“ საქმეს არ აკეთებ, მაშინ უნდა დასხდნენ, დაილაპარაკონ და შეთანხმდნენ საბოლოოდ რა უნდათ. ამ ბრძოლამაც გამოაჩინა, ვინ სად იყო.

მე ვარ გლეხი, ვმუშაობ აგერ სოფელში და ველოდები პოლიტიკოსი როდის იტყვის სწორ სიტყვას, როდის გააკეთებს სერიოზულ განცხადებას და არა იმას, რომ 26-ში შევიკრიბოთ – დავიშალეთ, 27-ში შევიკრიბოთ, უი, ვერ შევიკრიბეთ. ვისი ბრალია? – ნაციონალების ბრალია, მერე „გირჩის“ ბრალია, საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ბიძინა ივანიშვილის ბრალი რაც არის, ეს ძალიან კარგად იცის ხალხმა“.

რეზო ამბობს, რომ არ აპირებს „ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად დაწყებულ ბრძოლას ჩამოშორდეს, თუმცა აცხადებს, რომ არც იმ შეცდომების დანახვა და გაანალიზება უჭირს, რასაც, ზოგადად, ოპოზიცია და თუნდაც მისი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ უშვებს. მისი აზრით, ახლა საქმეზე და შეთანხმებაზე ორიენტირების დროა, რადგან „მხოლოდ გინებით და ლანძღვით არაფერი გამოვიდა.“

„მე საქმეს მოვკიდე ხელი იმის პარალელურად, რაც ხდება პოლიტიკურ ველზე. აქ ვნახე შვება. დიახ, ახლა ყველაზე მეტი ბრძოლა ქუჩაშია. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს იმაზე მეტ ადამიანთან, ვიდრე ამ დრომდე მქონდა, აქედან უფრო კარგად გავიაზრე, რა არის მომავალში გასაკეთებელი. რა შეცდომები დავუშვით და რისი გამოსწორებაა საჭირო.

ალბათ დადგება დრო, როცა ადამიანები, რომლებსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა, ლიდერის პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან ხალხმა უწოდა ლიდერი პოლიტიკურ ველზე, გაიაზრებენ, ვინ სჭირდებათ, როგორი ადამიანები სჭირდებათ.

თუ საქმეს აკეთებ – უნდა გააკეთო. ვფიქრობ, ამ გადახტომა-გადმოხტომებმა ყველაზე მეტად დააზარალა ჩვენი ქვეყანა. ახლა ბევრს მსჯელობენ რიყის დოქებიო, პარტიული თანამდებობებიო – რა დროს თანამდებობები და რიყის დოქებია ხალხო, ქვეყანაა გადასარჩენი.

არც თანამდებობა მაინტერესებს და არც პარტიის ყრილობა, მე მაინტერესებს საქმე, რომელსაც შედეგი ექნება. უნდა დაილაპარაკონ და შეთანხმდნენ, რა გვინდა“ – ამბობს რეზო ხარაზი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008