მთავარი,სიახლეები

„გარე რუსეთის“ აღზევება, ანუ დუმილი შინ და კულტურული ბუმი გარეთ

01.08.2026
„გარე რუსეთის“ აღზევება, ანუ დუმილი შინ და კულტურული ბუმი გარეთ

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ქვეყნიდან ხალხის მასობრივი გადინება მოჰყვა. ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართული დისკუსიის მოდერატორმა, ჟურნალისტმა და საბჭოში მთავარმა მკვლევარმა, ბრაიან უიტმორმა შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, რომ ამ ომმა რუსული კულტურის სიმძიმის ცენტრი, უბრალოდ, რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ გადაიტანა“.

შეხვედრაზე წარადგინეს ახალი ანგარიში და უცხოეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ემიგრირებულ კულტურის მოღვაწეებზე ისაუბრეს. ამ პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა სრულიად ახალი, გლობალურად დაკავშირებული საზოგადოება, რომელსაც მწერალმა მიხეილ ზიგარმა „გარე რუსეთი“ უწოდა.

  • ციფრული ტექნოლოგიებით გაერთიანებული დიასპორა

წარსულში არსებული ემიგრაციის ტალღებისგან განსხვავებით, თანამედროვე ტექნოლოგიები ახალ დევნილობას საშუალებას აძლევს, საზღვრებს მიღმაც ერთიან სივრცეში დარჩეს.

„საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ მილიონობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა, არამედ თვითონ რუსულენოვანი კულტურის სიმძიმის ცენტრმაც იცვალა ადგილი“, – განმარტავს ზიგარი. – „მთელ მსოფლიოში გაფანტული ეს ხალხი ერთსა და იმავე ტალღაზეა: იღებენ ერთსა და იმავე სიახლეებს, უსმენენ იმავე სტენდაპ კომიკოსებსა თუ მუსიკოსებს“.

  • დამოუკიდებელი მედია – ხიდი ორ სამყაროს შორის

ევროპულ ჰაბებში მომუშავე დამოუკიდებელი რედაქციები სამშობლოში დარჩენილებისთვის ინფორმაციის მისაღებ სასიცოცხლო წყაროდ იქცა. გამოცემა Medusa-ს გენერალურმა დირექტორმა, გალინა ტიმჩენკომ ხაზი გაუსვა, რომ მათი 15-მილიონიანი აუდიტორიის 70% კვლავ რუსეთშია და ცენზურის გვერდის ავლით, VPN-ის საშუალებით კითხულობს მათ მასალებს.

„ჩვენ ვართ ხიდი ამ ორ რუსეთს შორის“, – აღნიშნა ტიმჩენკომ. – „პუტინის რეჟიმს, უბრალოდ, საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს. ჩვენ კი 21-ე საუკუნეში ნაბიჯის გადადგმა და მეტი თავისუფლება გვაინტერესებს“.

  • მიმღები ქვეყნების როლი და ლიეტუვის გამოცდილება

ორგანიზაცია Freedom House-ის წარმომადგენელმა, ვიტას იურკონისმა ყურადღება გამახვილა იმაზე, თუ როგორ იღებენ ემიგრანტ ხელოვანებს ევროპული ქალაქები -კერძოდ ვილნიუსი. მან აღნიშნა, რომ ლიეტუვა აერთიანებს მკაცრ პოზიციას კრემლის რეჟიმის მიმართ და ამავდროულად მხარს უჭერს რეპრესირებულ არტისტებსა და უფლებადამცველებს:

„ლიეტუვა მკაფიო სიგნალს უგზავნის მათ, ვინც მხარს უჭერს ომსა და კრემლს, თუმცა კარს უღებს იმათ, ვინც იმედს იძლევა და მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვს“, – განმარტა იურკონისმა. – „ეს ხელოვანები აჩვენებენ რუსულენოვან აუდიტორიას,  რომ არსებობს სხვა რუსეთიც. ხმები, რომლებსაც არ ეშინიათ პუტინისა და ომის წინააღმდეგ ხმის ამაღლების“.

  • დუმილი შინ და კულტურული ბუმი გარეთ

რუსეთის შიგნით კულტურული ცხოვრება ფაქტობრივად გაყინულია, რადგან ხელოვანთა უმრავლესობა უარს ამბობს იქცეს სახელმწიფო პროპაგანდის იარაღად. რუსეთში დარჩენილი კულტურის მოღვაწეების დიდი ნაწილი, უბრალოდ, ელოდება, როდის დასრულდება ეს პერიოდი“, – დასძენს ზიგარი. – „ისინი ცდილობენ, სახე და რეპუტაცია შეინარჩუნონ“.

ამ დროს კი, ემიგრაციაში წასული მწერლები, რეჟისორები და კინემატოგრაფისტები უცხოეთში წარმატებულ კარიერას აშენებენ. ზიგარმა ალექსეი ნავალნის მიერ ციხიდან გამოგზავნილი გზავნილიც გაიხსენა, სადაც ოპოზიციონერი დევნილ მოღვაწეებს მოუწოდებდა, ხელი არ ჩაექნიათ: „ყველამ უნდა გააგრძელოთ მუშაობა, უნდა ინტეგრირდეთ და დასავლური ინტელექტუალური ცხოვრების ნაწილი გახდეთ“.

  • შიდა ცარიელი სივრცე

დისკუსიის ბოლოს გალინა ტიმჩენკომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ღრმა უფსკრულს. მისი თქმით, კრემლის რეტროგრადულმა იდეოლოგიამ ქვეყნის შიდა კულტურული სივრცე სრულიად გამოფიტა. მისი თქმით, დღევანდელ რუსეთში ღირებული და მნიშვნელოვანი, უბრალოდ, არაფერი იქმნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.