სიახლეები

რუსი ოფიცრის „გაქცევა“ თურქეთში – რას იხსენებს 88 წლის პედაგოგი კირნათიდან

27.07.2026
რუსი ოფიცრის „გაქცევა“ თურქეთში – რას იხსენებს 88 წლის პედაგოგი კირნათიდან

88 წლის პედაგოგი, ზურაბ წითელაძე საკუთარი სახლის ეზოდან გაჰყურებს იმ სოფელს, რომელსაც ადრე ზედა მარადიდი ერქვა, შემდეგ კი მურათლი დაურქმევიათ. ზედა მარადიდი მურათლი მას შემდეგ გახდა, რაც ერთი სოფლის ორ უბანს შორის სახელმწიფო საზღვარი გავიდა – ზედა ნაწილი თურქეთში, ქვედა კი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში მოექცა.

აი, რას იხსენებს ზურაბ წითელაძე:

  • ცხოვრება საბჭოთა საზღვართან

„კომუნისტური პარტიის წევრებს დიდი პრივილეგიები ჰქონდენ – სამსახურზე, მთავრობაში და ა.შ. როდესაც გავხდი სტუდენტი – მესამე კურსზე ვიყავი თუ მეორეზე ზუსტად არ მახსოვს, ვიფიქრე, პარტიაში შევალ-მეთქი და არ მიმიღეს. განცხადება დავწერე, პასუხი არ მომცეს. მეორეჯერ რომ მოვიკითხე, შენი კომუნისტურ პარტიაში შესვლა არ შეიძლებაო, მიპასუხეს – მამიდები გყავს თურქეთშიო. ესე იგი, უნდო ვიყავი“, – გვიყვება ზურაბ წითელაძე.

  • საშვის აღება საკუთარ სახლში მისასვლელად

ზურაბ წითელაძე გვიყვება, რომ საბჭოთა კავშირის დროს, საზღვრისპირა სოფლებში თავისუფლად შესვლა მხოლოდ იქ მცხოვრებთ შეეძლოთ, სხვები კი მხოლოდ სპეციალური საშვებით შედიოდნენ. სოფელ აჭარისწყალთან იყო სასაზღვრო შლაგბაუმი, სადაც ყველა გამვლელ-გამომვლელს ამოწმებდნენ.

ის იხსენებს პერიოდს, როცა ბათუმში ცხოვრობდა და სახლში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, საშვის გარეშე არ უშვებდნენ.

„აჭარისწყალზე შლამბაო იყო [რუს. შლაგბაუმი – სასაზღვრო ბარიერი]. ან პროპუსკი [რუს. საშვი] უნდა გქონოდა, ან აქაურ მცხოვრები უნდა ყოფილიყავი და პასპორტით გამოივლიდი-გეივლიდი. ჩავლაიც გსინჯავდა, ამოვლაიც. ქალაქში თუ ცხოვრობდი, ოფიციალურად, მილიციიდან პროპუსკი გინდოდა. მილიცია გაძლევდა კომენდანტურასთან შეთანხმებით – ვის შეეძლო გასულიყო საზღვარზე?! ყველას არც უშვებდნენ. მაგ მომენტში მეც მოვხვდი: ჯარიდან რომ ჩამოვედი, ქალაქში ჩევეწერე და უპროპუსკოთ დედაჩემთან ვერ მოვდიოდი“, – ამბობს ზურაბ წითელაძე.

  • რუსი ოფიცრის „გაქცევა“ თურქეთში

ის იხსენებს შემთხვევას, როცა თურქეთში გაიქცა არა ადგილობრივი, არამედ რუსი ოფიცერი, რომელიც სოფელ კირნათში საზღვრის დასაცავად იყო გამწესებული. ზურაბ წითელაძის თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსი ჯარისკაცის თურქეთში გაქცევა კომუნისტური მთავრობს დაგეგმილი სცენარი ყოფილა. ამ გეგმას კირნათელი კაცის, თუფან შოთიძის თავისუფლების 10 წელი შეეწირა.

„კირნათის სკოლაში დირექტორად მუშაობდა თუფან შოთიძე. მიდიოდა სკოლისკენ და შეხვდა ოფიცერი, რუსი. დეილაპარაკის, ხელი ჩამოართვეს. მეორე დღეს დეიჭირეს მაგი – თუფანაი. რატომ? იმიტომ, რომ იმ ლაპარაკის შემდეგ, ეს ოფიცერი მოაჯდა ცხენზე, გავარდა და გედევდა თურქეთში. აქეთიდან დააყარეს ტყვიები რუსებმა, კომუნისტებმა, მაგრამ ვითომ ვერ დაატანესო. სინამდვილეში პირდაპირ არ ისვროდნენ. იქიდანაც დახვდნენ, დეიჭირეს, წეიყვანეს.

მერე და მერე გამომჟღავნდა, რომ გაგზვანილი იყო კომუნისტების მიერ. ავტომატით ტყვიები იმიტომ დააყარეს, რომ იქ ემუშავა [ჯაშუშად]. ეს დაამტკიცა წითელაძე ახმედ ბიძამ – მოსკოვში გამოფენაზე იყო და ის ოფიცერი კაცი იცნა. დაბრუნებულიყო. იცნა, მარა ვერ დაელაპარაკა ამან – შიში ჰქონდა. ვინმეს ვერ დეელაპარაკებოდი. იმანაც მიყურა, მეც ვუყურეო და ისე დავცილდით ერთმანეთსო“, – გვიყვება ის.

თუფან შოთიძე 10 წლით დაუპატიმრებიათ იმის გამო, რომ რუსი ოფიცრის „გაქცევამდე“ მასთან ლაპარაკში შენიშნეს.

„ახალდაქორწინებული იყო მაშინ თუფანაი“ – სინანულით ამბობს ზურაბ წითელაძე.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თუფან შოთიძეს განაჩენი გაუსაჩივრებია. ციხეში გატარებულ 10 წელს უკან ვერ დაუბრუნებდნენ, ამიტომ ეს პერიოდი სამუშაო სტაჟში ჩაუთვალეს.

ვრცლად ზურაბის ისტორია:

88 წლის კაცის ისტორია საზღვრის პირას ცხოვრებაზე, საბჭოთა რეპრესიებსა და მომავლის იმედზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: