ხულოში, სოფელ დანისპარაულში, ენგენაურის ხიდი, რომელიც 2025 წელს უნდა აშენებულიყო და რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი გამოიყო, დღემდე არ აშენებულა.
ენგენაურის ხიდი ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხიდმა ორი სოფელი უნდა დააკავშიროს ერთმანეთს.
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების განცხადებით, რომლებმაც ხულოში ყოფნისას ამ ხიდის მდგომარეობა გადაიღეს, აცხადებენ, რომ ხიდის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 2025 წელს 366 ათასი ლარი გამოიყო – ხიდი 3 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.
„2026 წლის აპრილში, ხიდის მშენებლობისთვის დამატებით გამოიყო 250 000 ლარი, მაგრამ აპრილის შემდეგ საერთოდ აღარ უხლიათ ხელი მშენებლობისთვის. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ ჭამს კორუფცია ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს გახარიას პარტიის წევრი.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დანისპარაულის აუშენებელ ხიდთან.
ხულოს საკრებულოს წევრი ამავე პარტიიდან, თეონა შავაძე ამბობს, რომ ხიდის საკითხი არაერთხელ დააყენა საკრებულოს სხდომაზე, „მაგრამ საკრებულოს წევრები [„ქართული ოცნებიდან], რატომღაც თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას.
არ ხდება ზედამხედველობა ასეთ დაუსრულებელ პროექტებზე, არც იმაზე, თუ რამდენად სრულდება მათ მიერ გამოცხადებული ტენდერები“, – ამბობს თეონა შავაძე.
მათი განცხადებით, კომპანიის წარმომადგენელი რომან ბოლქვაძე, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, მაგრამ ხიდი არ ააშენა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავია.
ხიდის თაობაზე ვიდეოს გავრცელების შემდეგ ახსნა-განმარტება ხულოს მერიამ ფეიბუქით გაავრცელა.
მერიის განმარტებით, „აღნიშნული გარემოება“, ანუ რომან ბოლქვაძის და ანზორ ბოლქვაძის ნათესაური კავშირი, „არ წარმოადგენს რაიმე სახის კავშირს ტენდერის პროცესთან, პროექტის განხორციელებასთან ან გადაწყვეტილებების მიღებასთან“.
მერია ამ პოსტით ადასტურებს, რომ 2025 წლის 24 იანვარს ნამდვილად გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას შპს „გიგა 2015“-ს იმავე წლის 11 მარტს ხელშეკრულებაც გაუფორმეს.
„ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება ვადაში არ განახორციელა, რის გამოც კომპანიას დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო“.
„კომპანიამ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 60%. მიმდინარე წელს სამუშაოები არ გაგრძელებულა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიას დღემდე ერიცხება შესაბამისი პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოფელ დანისპარაულში ენგენაურის ხიდის მშენებლობის საკითხზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ყველა პროცედურა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში“, – წერს ხულოს მერია.






