მთავარი,სიახლეები

ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია? – ინტერვიუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან

08.07.2026
ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია? – ინტერვიუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან

„მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აყოლილან…“ – ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ახალი პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველო“.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ახალ პოლიტიკურ პარტიაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ გაუჩნდა ნდობა პარტიის ლიდერის – ვიქტორ ყიფიანის მიმართ. ვიქტორ ყიფიანი წლების წინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო.

„ფაქტია, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს საქართველოში კეთდება, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ… ჩვენ რამდენიმე საფეხურით უკეთესი პოლიტიკა უნდა შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეს. ეს არის „ჯერ საქართველოს“ სურვილი, სწრაფვა და აქეთკენ მივდივართ. ვინც იმავეს გაიზიარებს, მგონი, პრობლემა არ იქნება მათთან ურთიერთობის,“ – გვითხრა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია და რას გვთავაზობს? – „ბათუმელებმა“ ყოფილ ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია:

  • ბატონო ვასილ, მოგვიყევით ახალი პოლიტიკური პარტიის „ჯერ საქართველოს“ შესახებ: როგორ და რატომ მიიღეთ მისი შექმნის გადაწყვეტილება, თქვენ როგორ აღმოჩნდით პარტიულ პოლიტიკაში? 

იმ მოვლენების შემდეგ, რაც განვითარდა საქართველოში, აქტიურად ჩავერთე პროტესტში რუსთაველზე. ვფიქრობ, რუსთაველზე დაიბადა და ახლაც იბადება სამოქალაქო საზოგადოება. იქ მართლაც ძალიან ბევრ თემაზეა საქმიანი საუბარი. იქ არიან პროფესიონალები, საჯარო მოხელეები, რომლებიც გათავისუფლეს სამსახურებიდან – ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოადგნენ სახელმწიფოს. მე 2013 წლიდან სულ ახალ ამბებთან მქონდა საქმე, საზოგადოებას ვაცნობდი ახალ ამბებს და თან მიმყავდა ინტერვიუები პოლიტიკოსებთან.

პოლიტიკის სფერო ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან შემოვიდა: 90-იანებში მამაჩემი აქტიურად უყურებდა პარლამენტს იმისთვის, რომ საქმის კურსში ყოფილიყო. ის იყო კინოდრამატურგი და მის შემოქმედებაშიც მუდმივად ეს ხაზი იყო: რა ხდება, სად ვართ, რატომ ვართ იქ, სადაც ვართ? დედაჩემი ტელე-რადიო ჟურნალისტი იყო და ის ყოველთვის მიმდინარე პროცესებს აშუქებდა.

მერე მეც ამ პროცესებს ვაშუქებდი და ეს ყველაფერი დატრიალდა ჩემს თავს. აქტიური სამოქალაქო პოზიციების გამო აღმოვჩნდი პროტესტში, ამ პროტესტში გავიცანი ამდენი საინტერესო ადამიანი და ქვეყანაში გვაქვს საერთო სურათი: პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოება ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალებს.

რომ გითხრათ, რომ სადმე წარმომედგინა ჩემი თავი პოლიტიკურ გაერთიანებაში-თქო, არასდროს ასეთი აზრი არ მქონია. „ჯერ საქართველო“ – როდესაც ეს იდეა გაჩნდა, მე შემხვდა ვიქტორ ყიფიანი. მანამდე რამდენჯერმე ქალაქში გადავიკვეთეთ შემთხვევით, სადღაც გასვენებაში შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ რაღაც ღონისძიებაზე და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. ამ ლაპარაკს მოჰყვა ვიქტორის შემოთავაზება: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინიციატივის შექმნა და შემდეგ უკვე გამოჩნდება, პროცესი საითკენ წაგვიყვანსო.

ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ბირთვი, არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. მათი გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან: ხედავენ პრობლემებს და აქვთ რესურსი, ჩაუღრმავდნენ თითოეულ პრობლემას.

ეს იძლევა საშუალებას, თითოეული საკითხის ე.წ. ჩონჩხის ანატომია განვიხილოთ, დიაგნოზი დავსვათ და შემდეგ მოვსინჯოთ მსოფლიოში აპრობირებული გამოცდილებები. ჩვენი რეალობა რა არის, ამ რეალობაზე დავფიქრდეთ, შესაძლებლობები განვიხილოთ და უკვე დოკუმენტზე დაყრდნობილი პოლიტიკა ვაწარმოოთ, სადაც ეს ყველაფერი იქნება არა უბრალოდ პოპულისტური განცხადებები, არამედ ამას საფუძვლად ექნება კონკრეტული, აკადემიური კვლევა, ცოდნა, გამოცდილება და გვეცოდინება: სად ვართ, რა არის გასაკეთებელი, ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, როდის?

  • ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნდობაა. როგორ გაგიჩნდათ ნდობა, მაგალითად, ვიქტორ ყიფიანის მიმართ, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერია და მანამდე იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი? იქნებ ვიქტორ ყიფიანის ეს წამოწყებაც ივანიშვილის მორიგი ტრიუკია? 

მე მქონია თავად ვიქტორთან ინტერვიუ ამ საკითხზე, მისი პუბლიკაციაც წამიკითხავს და ვიცოდი მისი წარმოდგენები. ეს არასდროს არ ყოფილა ისეთი წარმოდგენა, რომ „ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მზე.“ ვიქტორი არის საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი იურისტი, იგი თავისი საქმის პროფესიონალია.

მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აჰყოლილან. არ გადაუდგამთ ნაბიჯი იქითკენ, საითკენაც ბევრი მიდის ხოლმე: შენი საქმის გარდა, მაგალითად, რაღაცაში კიდევ გაერიო, სხვის თამაშს აჰყვე, უკეთესად იცხოვრო, დივიდენდები მიიღო და ასე შემდეგ.

რამდენიმე ადამიანი ვიცი ასეთი, რომლებიც არ აყოლიან ამ ცდუნებას. ვიქტორ ყიფიანზეც შემიძლია იგივე ვთქვა.

  • ფიქრობთ, ივანიშვილი დაუშვებს იმას, რომ თავისი გარემოცვის ყოფილმა წევრმა წაართვას პოლიტიკური ძალაუფლება? ვიცით, როგორ იღებს ივანიშვილი ადამიანებს მის გარემოცვაში და როგორ უშვებს, გვახსოვს ბაჩიაშვილის შემთხვევაც: როგორ ჩამოაფარეს ტომარა თავზე და  გაიტაცეს თანამდებობის პირებმა ივანიშვილის დაკვეთით… 

ასეთი შიში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, ღირს თუ არა პოლიტიკაში შესვლა? თუ მან რეალურად ძალაუფლების მპყრობელს გაუწია იმხელა კონკურენცია, რომ ხალხი მას უპირატესობას ანიჭებს, მსგავსი რისკი შეიძლება ყველას ჰქონდეს.

„ჯერ საქართველო“ არ არის ტრადიციული, ქართული, პოლიტიკური პარტია, რომ, მაგალითად, ჯერ ფული იშოვო, ბიზნესმენები გყავდეს, რომლებიც გაფინანსებენ და ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს. აქ არის მაღალი კვალიფიკაციის გუნდი შეკრებილი, პატრიოტული განწყობების მქონე. ეს გუნდი როგორც ოპერირებს, მსჯელობს და პრიორიტეტებს აყენებს – მე ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას და უფლებას, რომ დიახ, აქ არ არის რაღაც ფარული ჩანაფიქრი.

ეს არის გუნდი, რომელიც ფიქრობს, როგორ გამოადგეს ქვეყანას და როგორ უზრუნველყოს ის, რომ ეს ქვეყანა ტრანსფორმირდეს კარგ სახელმწიფოდ.

  • გაგვაცანით თქვენი პოლიტიკური ძალის რამდენიმე ხედვა, მაგალითად, სასამართლოს კლანს რას უპირებთ: სად წავლენ ის მოსამართლეები, რომლებმაც ადამიანები უსამართლოდ გამოკეტეს ციხეებში? 

„ჯერ საქართველოს“ ხედვები ჩვენ განვიხილეთ მხარდამჭერებთან ერთად და ამ ხედვის გაცნობა შესაძლებელია „ჯერ საქართველოს“ ფეისბუქგვერდზე. სასამართლოსთან დაკავშირებითაც კონცეპტუალური დოკუმენტია გამოქვეყნებული.

მართლმსაჯულების დოკუმენტში საუბარია რეფორმის მონახაზზე, იმაზე, თუ როგორ უნდა განიტვირთოს, მაგალითად, სასამართლო, გათავისუფლდეს სასამართლო, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება როგორ უნდა მოხდეს.

  • ანუ ემხრობით ე.წ. ვეტინგის ჩატარებას, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას? ევროკავშირის ამ პირობის შესრულებაზე „ოცნების“ მთავრობამ უარი თქვა. 

სრულად არა, მაგრამ ამ დოკუმენტში ესეც გარკვეულწილად არის მიმოხილული, რა ნაწილი გვინდა, რომ გამოვიყენოთ… არაკეთილსინდისიერი მოსამართლე არავინ არ რჩება, არავინ არ უნდა დარჩეს. შეთავაზებულია სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს, ანუ ეს არ უნდა მოხდეს პოლიტიკური შურისძიებით.

„ჯერ საქართველო“ არ უყურებს საკითხს ისე, რომ პირობითად უმრავლესობით მოვიდა და ერთპიროვნულად რაღაცები გააკეთოს. პოლიტიკურ შურისძიებას კი არ უნდა მივმართოთ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, არამედ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც თავად გამორიცხავს იმას, რომ არაკეთილსინდისიერი მოსამართლე არ დარჩეს სისტემაში და უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის ისეთ ხარისხს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვერავინ შეძლოს გავლენა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.

  • ასეთი მექანიზმი არსებობს? ეს მაინც პოლიტიკურ ნებაზე და კულტურაზეა დამოკიდებული, ასევე ვეტინგზე, რაც არის ევროპული გამოცდილება. 

სრულად ვეტინგზე არ არის ლაპარაკი. კეთილსინდისიერების შემოწმება შეიძლება იყოს, მაგალითად, აუდიტი: ადამიანი თუ გამდიდრდა, დაუსაბუთებელი ქონება ხომ არ აქვს მას. მეორეა საქმეები, რაზეც მას გადაწყვეტილება აქვს მიღებული და არსებობს იგივე საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე, უზენაესი სასამართლო.

  • როგორც ცნობილია, არჩევნების გზით აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას. რა რესურსია დღევანდელ მოცემულობაში ამისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს? პარტიების დიდი ნაწილი განაგრძობს ბოიკოტის რეჟიმშია და პროევროპული აქციები ქვეყანაში 2024 წლის არჩევნების შემდეგ დღემდე გრძელდება. 

დიახ, „ჯერ საქართველო“ ასე უყურებს პროცესს, რომ საქართველოში უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მოქალაქეს მაქსიმალურად უნდა უადვილდებოდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვით ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ეს არის დემოკრატიული პროცესი.

ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ თუ არ მოხდა სიტუაციის ნორმალიზება, მათ შორის, ამკრძალავი კანონების გაუქმება, ტყვეების გათავისუფლება, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ნორმალური, სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას?

  • თუ თქვენი მოთხოვნები არ შესრულდა, არ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? 

მეორე საკითხია, წინასაარჩევნოდ საერთო კონტექსტი როგორი იქნება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა პოლიტიკური პარტია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეიტანა საკუთარი განაცხადი რეგისტრაციაზე და ველოდებით იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას.

შემდეგ იწყება გზა და ასპარეზობა პოლიტიკურ ველზე.

ჩვენ ისიც გვაქვს დეკლარირებული, რომ ერთ რომელიმე პარტიას ცალკე, დამოუკიდებლად არ ექნება ცვლილებების შესაძლებლობა. აუცილებელია გარკვეული ერთობა.

  • რომელ პოლიტიკურ ძალებთან წარმოგიდგენიათ ეს ერთობა და ვისთან არა? 

ერთობა წარმოგვიდგენია უფრო მეტად იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც წარსულით არ არიან დამძიმებულები. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დაკვეთა ახალ პოლიტიკურ ძალებზე. ველზე უკვე გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები და ინიციატივები, რომლებიც შეიძლება ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. ეს არის, მაგალითად, „თავისუფლების მოედანი“, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“, „სართული“, ინიციატივა „ქართული რესპუბლიკა“.

ჩვენ ერთი შეხვედრა გვქონდა კიდევაც და განხილვის საკითხი იყო ურთიერთობის სტილი: სად ვხედავთ ჩვენ თავს, როგორ წარმოგვიდგენია პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან ურთიერთობა ცივილურად, როგორ გავანორმალუროთ და გავაადამიანუროთ პოლიტიკა.

ფაქტია, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს საქართველოში კეთდება, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ. მე საქართველოს მოქალაქეებს არ ვყოფ პოზიციად და ოპოზიციად. საქართველოს მოქალაქე არის საქართველოს მოქალაქე და როდესაც ვწერთ გადაცემას „სახალხო მოამბეს“, გვხვდება სხვადასხვა მოსაზრების რესპონდენტი. ყველას აქვს ერთი აზრი, რომ მათ უნდათ უკეთესობა, ცვლილებები. მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ პოლარიზაციით და დაპირისპირებით საქმე არ გამოდის.

ჩვენ რამდენიმე საფეხურით უკეთესი პოლიტიკა უნდა შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეს. ეს არის „ჯერ საქართველოს“ სურვილი, სწრაფვა და აქეთკენ მივდივართ. ვინც იმავეს გაიზიარებს, მგონი, პრობლემა არ იქნება მათთან ურთიერთობის.

  • ბოლოს საზმაუს შესახებ მინდა გკითხოთ, რომლის დატოვებაც მოგიხდათ თქვენი კრიტიკული პოზიციების გამო: ხედავთ რესურსს, რომ ამ ქვეყანაში საზმაუმ მართლაც იმუშაოს საზოგადოებისთვის? გუშინ უნგრეთის საზმაუმ ბოდიში მოუხადა მაყურებელს, გატყუებდითო… 

რესურსი საქართველოში ძალიან დიდია არამარტო საზმაუსთვის, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მოაზროვნე სახელმწიფო და ყველა ინსტიტუტი ჰქონდეს ძლიერი და გამართული. ამის რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ცოდნის მიმართულებით, არსებობს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩემი შეხედულებით საჭიროებს რეფორმას, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. დღევანდელი კანონმდებლობით ის, რაც დავალებული აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ის დაფინანსება, რომელსაც იგი იღებს, არ არის ერთმანეთთან კორელაციაში.

პირველ რიგში, სამეურვეო საბჭოა გასაძლიერებელი, შესაცვლელია მისი დაკომპლექტების წესი, რომ თავიდან ავირიდოთ აუცილებლად ის გარემოება, რაც ახლა გვაქვს. დღეს შესაძლებელია, უმრავლესობა ხელში ჩაიგდოს ერთმა გუნდმა და შემდეგ უკვე მის ხელთ არის ბერკეტები: მას შეუძლია ბიუჯეტი არ დაუმტკიცოს გენერალურ დირექტორს, გენერალურ დირექტორს უნდობლობა გამოუცხადოს და ისეთი კანდიდატი მოიყვანოს, რომელიც მის ინტერესებს გაატარებს.

საკანონმდებლო რეფორმა გასატარებელია აუცილებლად და ეს შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს. მან ის ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომელიც ჩვენ გვჭირდება – მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანი იყოს საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს საზღვარგარეთ, როგორ მუშაობენ საზოგადოებრივი მაუწყებლები. მაგალითად, შეიძლება გაგვიკვირდეთ, მაგრამ შეერთებულ შტატებში დიდ შტატებს აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლები და ისინი კონცენტრირებულები არიან საგამოძიებო მედიაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პირველი მომთხოვნი მოქალაქეების ინტერესების დამცველი და პოლიტიკოსები ვალდებულები უნდა იყვნენ, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცენ. ამის უზრუნველყოფაც კი, შეიძლება საკანონმდებლო დონეზე.

შესაძლებლობები ძალიან ბევრია და დამიჯერეთ, საქართველოში ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც შეუძლიათ გამართული რეფორმის დაწერა და მისი განხორციელება…

უნგრეთში რომ ბოდიში მოიხადეს, საქმე იმაში კი არ არის, მაუწყებელი ბოდიშს მოიხდის თუ არა, კონკრეტულად უნდა მოხდეს იმის განხილვა: რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ – პრაქტიკულად სულს ღაფავს დამოუკიდებელი მედია, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია. იგი არ მაუწყებლობს ისე, როგორც პროპაგანდისტული არხები, მაგრამ იგი არ მაუწყებლობს ისე, როგორც უნდა მაუწყებლობდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: