„მათ გადამირჩინეს შვილი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ კიდევ სჭირდება სანდროს მკურნალობა. რამდენიმე თვის წინ ვიყავით ექიმთან კონსულტაციაზე. საჭიროა ანალიზები, გადაღება და კვლევები, რაც არ გვიფინანსდება“, – გვიყვება 4 წლის სანდროს დედა, მაკა ზარანდია.
როცა ამბობს „სანდრო მათ გადამირჩინესო“ – გულისხმობს მოქალაქეების დახმარებას, მაკა ორ შვილს მარტო ზრდის, რადგან ბავშვების მამა პატიმარია.
სანდროს შეიძლება „ბათუმელების“ მკითხველის ბენეფიციარიც ვუწოდოთ. სხვადასხვა დროს, როცა სანდროსთვის სამედიცინო დახმარების საჭიროება დღის წესრიგში მწვავედ დადგა, სანდროს დედა გვწერდა, რომ რომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და ისევ ხალხისთვის უნდა ეთხოვა დახმარება.
სანდროს საჭიროებებზე პირველად 2022 წელს, შემდეგ 2024 წელს გამოვაქვეყნეთ, მის ამბავს ყოველ ჯერზე გულისხმიერად ეკიდებოდა „ბათუმელების“ მკითხველი.
„ახლა ისევ ვწვალობთ. რამდენიმე თვის უკან ვიყავით კონსულტაციებზე. ანალიზები, გადაღება, ბევრი რამე გავაკეთეთ. ახლა კიდევ გვიწევს ნეიროქირურგთან, ნევროლოგთან, ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაცია, პედიატრი გვჭირდება – ეს ყველაფერი ფასიანია. სანდრო შშმ პირია, მაგრამ ამერიკულ ჰოსპიტალში სჭირდება თავზე გადაღება. აქვს ეპილეფსია, წამლებზე არ ვართ, ჯერ კონტროლირებადია და პერიოდულად უღებენ ელექტროენცეფალოგრამას“, – გვიყვება მაკა.
დედის ნაამბობით, სანდრო უკვე დადის და ლაპარაკსაც ცდილობს: „მართალია გამართულად ვერა, მაგრამ გვახვედრებს“.
მაკა გვიყვება, რომ ამ წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების ფასები გაიზარდა:
„რაც წინა წელს 90 ლარი ღირდა, ახლა 100 ლარია, პედიატრის კონსულტაცია 130 ლარი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი – 150, უროლოგიც დაგვჭირდა ოპერაცია გავუკეთეთ შარდის ბუშტზე, ყოველ მეხუთე თვეს ამოწმებს, როგორ მიდის პროცესი. 570 ლარი გვიჯდება ელექტროენცეფალოგრამა დაძინებით.
მაკას უფროსი შვილიც ჰყავს, გოგონა 11 წლის არის, ჯანმრთელია, თუმცა მოსწავლეა და მასაც აქვს მთელი რიგი საჭიროებები.
სანდროს სახელმწიფოსგან დახმარების სახით, თვეში, მხოლოდ 470 ლარი აქვს, სხვა დახმარებას ოჯახი ვერ იღებს.
მაკას მშობლები ეხმარებოდნენ, როცა ბავშვი კარგად იყო მშობლებს უტოვებდა და მუშაობდა. ის სტილისტია და როგორც თავად გვიყვება, სამსახურის ძებნა არ სჭირდება, როგორც კი შეძლებს ნებისმიერ დროს ელოდებიან მეგობრები სამსახურში.
მაკა ვერ მუშაობს, რადგან სანდროს ვერ ტოვებს, გასულ წელს მამა გარდაეცვალა, დედა ავადმყოფობს, ბავშვის მოვლა არ შეუძლია.
მაკას კიდევ რამდენიმე გამოწვევა აქვს, რომლებიც უნდა დაძლიოს, რომ სანდრო კარგად იყოს. ის თბილისში ქირით ცხოვრობს, მისი სახლი ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია, სადაც ვერ იცხოვრებს, რადგან სანდროსთვის აუცილებელია ამერიკულ კლინიკასთან ახლოს იყოს: „მისი მდგომარეობის გამო, ეს აუცილებელია.“
გარდა ამისა, სანდროს სპეციფიკური კვება სჭირდება, ბავშვს ყველაფერს ვერ აჭმევენ, რადგან საავადმყოფოში ყოფნის დროს მას ზონდით აწვდიან საკვებს, რაც დღეში 30 ლარი ღირს. გარდა ამისა, სანდროს ექიმმა ვიტამინები გამოუწერა დანამატის სახით, ესეც აუცილებლად სჭირდება.
თუ მაკას და სანდროს დახმარებას გადაწყვეტთ:
საქართველოს ბანკი #GE44BG0000000365994986
ლიბერთი #GE29LB0711154613074000
მიმღები დედა, მაკა ზარანდია.
თიბისი ბანკი GE66TB7249745064300044 მიმღები, სალომე შენგელია – სანდროს დეიდა.






