ბათუმში, მწვანე კონცხის პლაჟთან არსებული პირსი, რომელიც ვიზიტორთათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია და რომლის რეაბილიტაციაში რამდენიმე წლის წინ 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დღეს ჩაკეტილია.

მწვანე კონცხის პირსი / 28.06.2026
ხიდზე შესასვლელი სპეციალური ბარიერითაა გადაკეტილი და განთავსებულია წარწერები – STOP, „შესვლა აკრძალულია!“.
ხიდის შუა ნაწილში კიდევ ერთი ბარიერი და წარწერაა – „ვიზიტორთა შესვლა დროებით შეზღუდულია!“.
„ხიდი რამდენიმე თვეა რაც გადაკეტილია და ეს წარწერებიც გააკეთეს, ამბობენ ავარიულიაო, თუმცა უმეტესობა მაინც გადის ხიდზე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ადგილზე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში.

ბათუმი, მწვანე კონცხის პირსი / 28.06.2026
პირსზე კიდევ ერთი წარწერაა: „ხიდიდან გადახტომა აკრძალულია!“, თუმცა ასეთი წარწერა აქ ადრეც იყო.
საქმე იმაშია, რომ მწვანე კონცხის პლაჟის გასწვრივ ზღვაში/წყალქვეშ აგებულია ქვის დამბა – ტალღმტვრევი ნაგებობა. ამ წყალქვეშა ნაგებობის [რომელიც პირსის ქვემოთ გადის] სიგრძე 790 მეტრია და ის კონცხთან ნაპირდამცავ ფუნქციას ასრულებს.
პლაჟთან ახლოს მდებარე წყალქვეშა ნაგებობა კი ბანაობისთვის სახიფათოა.

წითელი ხაზით მონიშნულია წყალქვეშა დამბა [ტალღმტვრევი ნაგებობა] მწვანე კონცხის სანაპიროსთან
რატომ აიკრძალა პირსზე გასვლა? კონკრეტულად რა დაზიანება აქვს და რას უპირებენ ნაგებობას? – ამ კითხვებით ბათუმის მერიას მივმართეთ. მერიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.

ბათუმი, მწვანე კონცხის პირსი / 28.06.2026
ბათუმში კიდევ ერთი პირსი, ახალი ბულვარის მიმდებარედ, დაახლოებით 5 წლის წინ შტორმმა დაანგრია. მის აღსადგენად ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ.
ახალი ბულვარის პირსი და მიმდებარე ტერიტორია კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და რეესტრის ამონაწერით ის იჯარითაა გაცემული.
ამ თემაზე: რას უპირებენ ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ პირსს

ბათუმი, მწვანე კონცხი / პლაჟზე ჩასასვლელი / 28.06.2026
აჭარის საკუთრებაშია ასევე მწვანე კონცხზე პირსის მიმდებარე ტერიტორიაც პლაჟის გასწვრივ.
ამ ტერიტორიას თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტსი“ ითხოვდა, თუმცა, აღარ გადასცეს და ამ კომპანიას მხოლოდ მიმდებარე ნაკვეთები მიჰყიდეს.

ბათუმი, მწვანე კონცხი / პირსი და მიმდებარე ტერიტორია [მონიშნულია მომწვანო ფერით], რომელიც ბოტანიკური ბაღის სარგებლობაშია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ტერიტორია [მოწითალო ფერით] და შპს „ბიზნეს დეველოპმენტსის“ საკუთრება [მონიშნულია ყვითელი ფერით]
რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი






