28 ივნისს ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა სომხების გენოციდის აღიარებას ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. გენოციდის აღიარების საკითხი ახლა ისრაელის პარლამენტმა, ქსენეთმა უნდა განიხილოს კენჭისყრაზე.
„ისრაელის მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მე წარვუდგინე სომხების გენოციდის აღიარების შესახებ. არასდროს არის გვიან სწორი ნაბიჯის გადადგმა“,- ციტირებს ისრაელელი მედია, „იერუსალიმი პოსტი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, გედეონ საარს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ამ გენოციდის აღიარება ისრაელის მორალური ვალდებულებაა.
გაეროს 32 წევრი ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს სომეხთა გენოციდს ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915-16 წლებში, რომლის დროსაც ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხები მასობრივი ხოცვა-ჟლეტის, დაპატიმრებისა და დეპორტაციის მსხვერპლნი გახდნენ.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სომეხთა გენოციდს აღიარებენ, არიან: საფრანგეთი, კანადა, აშშ, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. ბოლო დრომდე ისრაელი თავს იკავებდა გენოციდის აღიარებისგან.
თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრეა, გენოციდს უარყოფს.
თურქეთის მთავრობა 28 ივნისს, იმავე დღეს გამოეხმაურა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას და მას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ამ აღიარებით ისრაელის მთავრობა ცდილობს „დაფაროს საკუთარი დანაშაულები“ ღაზას სექტორში.
_____________
ფოტოზე: გედეონ საარი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო






