მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა. ბრძანებას ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს მოაწერა ხელი.
ბრძანებაში არაა განმარტებული, რის გამო გაათავისუფლეს მერაბ ტურავა.
მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020-2025 წლებში. იგი „ოცნების“ მთავრობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 28 აპრილიდან იკავებდა.
მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის 34 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა 2024 წელს გაყალბებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით არც რუსული კანონის მოქმედება შეაჩერა. სარჩელი რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე კი ამ დრომდე არ განუხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო კონსტიტუციის დაცვა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა, „ფარული მოსმენების საქმეა“. ამ საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.
მერაბ ტურავამ ამ საქმეზე „ბათუმელებს“ 2024 წლის 29 ივლისს უთხრა, გადაწყვეტილება მალე გვექნებაო, თუმცა ისე დატოვა პოსტი, რომ ვერც ეს პირობა შეასრულა.
2025 წელს ლიეტუვამ მერაბ ტუარავა დაასანქცირა.






