„საქართველო თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის. ასე გამოვა, რომ სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ვექტორი კიდევ უფრო სამხრეთით – აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის დონეზე გადაინაცვლებს, საქართველოს მიღმა. ისტორიულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ერისთვის.
ეს, ფაქტობრივად, გადახაზავს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას რეალური და არა ფორმალური სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ისევე როგორც ჩვენს მომავალს“, – ამბობს კავკასიის ისტორიის სპეციალისტი, გიორგი მამულია, რომელსაც სომხეთის არჩევნების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში შეცვლილ რეალობაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, ვკითხეთ: რა შეცდომები არ უნდა დაუშვას ფაშინიანმა ახლა?
„ფაშინიანმა, უპირველეს ყოვლისა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაალაგოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პროცესი სამივე მხრიდან. სომხეთმა არ უნდა იგრძნოს, თითქოს მხოლოდ ის მიდის დათმობებზე, მსხვერპლის გაღებაზე და იგივე არ ხდება თურქეთის და აზერბაიჯანის მხრიდან. აზერბაიჯანმა და თურქეთმა მაქსიმალური წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ, რომ სომხეთმა თავი იგრძნოს თანაბარ პარტნიორად,“ – მიიჩნევს გიორგი მამულია.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი მამულიასთან ჩაწერა, იგი საფრანგეთის უმაღლესი კვლევათა საზოგადოებრივი სკოლის დოქტორი, კავკასიის და საქართველოს ისტორიის სპეციალისტი და პოლიტოლოგია.
- ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას მოგებული არჩევნების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა? ვხედავთ, რომ რუსეთი არ ეგუება სომხეთის დათმობას, მეზობელ საქართველოში სახელისუფლებო პროპაგანდა ფაშინიანის გაშავებას ცდილობს, კიდევ ერთი მეზობელი – აზერბაიჯანი კი, სომხეთში არაპოპულარულია…
ფაშინიანმა, უპირველეს ყოვლისა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაალაგოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პროცესი სამივე მხრიდან. სომხეთმა არ უნდა იგრძნოს, თითქოს მხოლოდ ის მიდის დათმობებზე, მსხვერპლის გაღებაზე და იგივე არ ხდება თურქეთის და აზერბაიჯანის მხრიდან.
აზერბაიჯანმა და თურქეთმა მაქსიმალური წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ, რომ სომხეთმა თავი იგრძნოს თანაბარ პარტნიორად. მეტიც, სწორედ მათ უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური სულგრძელობა და გულუხვობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ პროექტებში, რათა სომხეთის მოსახლეობაში საბოლოოდ ჩაცხრეს დამარცხებულის კომპლექსი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ყოველთვის გამოიყენებს კრემლის პროპაგანდა სწორედ ისე, როგორც ქართველთა მიმართ, 2008 წლის მოვლენების შემდეგ. რიგითმა სომეხმა მოქალაქემ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იგრძნოს ის ეკონომიკური სიკეთე, რაც სომხეთის რეგიონული იზოლაციიდან გამოსვლამ, აზერბაიჯან-თურქეთთან დაახლოებამ და ჰორიზონტალურ საწყისებზე დაფუძნებულმა ეკონომიკურმა პროექტებმა მას მოუტანეს.
თურქეთმა უნდა გაუხსნას სომხეთს თავისი ბაზარიც, რასაც შემდგომ ანალოგიური ნაბიჯები უნდა მოჰყვეს ბაქოს მხრიდანაც. დღევანდელ ამბებთან დაკავშირებით, მახსენდება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მამედ-ემინ რასულზადეს პოზიცია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ აზერბაიჯანისთვის ეგზისტენციალურად აუცილებელია სომხეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთს ყოველთვის ექნება ცდუნება მოიყვანოს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში, რაც ეგრევე შეუქმნის პრობლემას არა მარტო სომხეთს, არამედ აზერბაიჯანსაც, საქართველოსაც, თურქეთსაც და მთელ რეგიონსაც. სომხეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოს თავი წაგებულად. ბაქომ და ანკარამ ერევანთან ისეთი ურთიერთობები უნდა დამყარონ, როგორც თანაბარუფლებიან პარტნიორთან. ერევანს ისეთი პირობები უნდა შესთავაზონ, რომელიც სომეხ ხალხს ახალ ფუნქციას შესძენს და მიანიჭებს სამხრეთ კავკასიაში.

გიორგი მამულია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორი და კავკასიის ისტორიის მკვლევარი
- მაგრამ ფაშინიანს არ მოუპოვებია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან.
სამწუხაროდ, სომხეთის წინა მთავრობებმა ფაშინიანს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვეს. სომხეთს მოუწევს, რა თქმა უნდა, გადასინჯოს ის პუნქტი, რაც სომხეთის კონსტიტუციაში ყარაბაღის თაობაზე არსებობს. ჩემი აზრით, ეს უნდა მოხდეს აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაახლოების პროცესის პარალელურად. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა აზერბაიჯანელებმა და თურქებმა უფრო მეტი გაბედულობა და, რაც მთავარია, ეკონომიკური გულუხვობა უნდა გამოიჩინონ – ყველაფერს სჭირდება შესაბამისი კომპენსაცია, შეთავაზებები და წინადადებები.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთთან შედარებით გაცილებით უფრო ძლიერები არიან, მათ შორის ეკონომიკურადაც. აქედან გამომდინარე, ისეთი მიმზიდველი ეკონომიკური დივიდენდები უნდა შესთავაზონ სომხეთს, რომ მან თავი დაიმკვიდროს ჰორიზონტალურ, თანასწორუფლებიან ურთიერთობებზე აგებულ ახალ გეოეკონომიკურ სისტემაში, რომელიც სწორედ ახლა ყალიბდება სამხრეთ კავკასიაში.
- ამის რესურსი არსებობს? ცნობილია, რომ სომხეთის ენერგეტიკა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე, ასევე, რუსეთია სომხეთისთვის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა სოფლის პროდუქციისთვის.
ჩემი აზრით, აუცილებელია შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას სომხეთის მეზობელი ქვეყნების მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, ისევ იგულისხმება აზერბაიჯანი და თურქეთი. აზერბაიჯანმა, მნიშვნელოვან წილად საკუთარ თავზე უნდა აიღოს სომხეთის ელექტროენერგიით მომარაგების და, ფაქტობრივად, ამ მხრივ რუსეთის ჩანაცვლების პროცესი. თურქეთმა სრულად უნდა გაუხსნას სომხურ პროდუქციას თავისი ბაზარი. შეუწყოს ხელი იმას, რომ სომხური პროდუქცია გავიდეს თურქეთის ბაზარზე. ძალიან დიდი როლი შეუძლია შეასრულოს და ამის შესრულებას იწყებს კიდევაც, ევროკავშირი.
ბრიუსელი ფაქტობრივად თანახმაა, მიანიჭოს სომხეთს უფლება, უბაჟოდ გაიტანოს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში, რაც ასევე შეუწყობს ხელს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების დასუსტებას.
- მაგრამ ევროკავშირის ინტერესი სომხეთის მიმართ გრძელვადიანად შენარჩუნდება, თუკი საქართველო დარჩება რუსეთის ორბიტაზე?
გლობალური კონტექსტი რადიკალურად იცვლება: ევროკავშირში, ფაქტობრივად, რუსეთმა ყველა თავისი მოკავშირე დაკარგა. მართალია, ბულგარეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ითვლება პრორუსულად, მაგრამ ბულგარეთი ვერასდროს ვერ შეასრულებს იმ რუსული „ტროას ცხენის“ როლს, რასაც აქამდე ორბანის უნგრეთი ასრულებდა. თანაც, ბულგარეთის პოზიცია არ არის ისეთი მკვეთრად ანტიუკრაინული, როგორც ორბანის პოზიცია იყო.
ევროპის როლი უკრაინის და ყოფილი პოსტსაბჭოური ქვეყნების მიმართ, ამჟამად სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება. ეს აქტიურობა იმდენად გაიზარდა, რომ, შესაბამისად, საქართველომაც უნდა გამოიჩინოს ამჟამად შექმნილი ვითარების ელემენტარული ადეკვატურობა. საქართველომ არ უნდა დაასწროს, მაგრამ ასევე არც უნდა დააგვიანოს და ამრიგად ჩამორჩეს საკუთარ ურთიერთობებში ევროკავშირთან და აშშ-სთან.
როგორც ისტორიკოსს, მიყვარს ისტორიული პარალელების გავლება და შეგახსენებთ, რომ ნოე ჟორდანიამ სწორედ მაშინ გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა, როდესაც ბოლო რუსი ჯარისკაცი უკვე რამდენიმე თვეა იყო გასული მისი ტერიტორიიდან. მან ეს სავსებით გამართლებული ნაბიჯი რამდენიმე თვის დაგვიანებით გადადგა, რამაც იმ დროს საქართველოს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა გადავვარდეთ არცერთ, არც მეორე უკიდურესობაში, ზუსტად უნდა მივყვეთ და ალღო ავუღოთ ამ სწრაფად ცვალებად გარემოებებს.
- ირაკლი კობახიძე ჩინეთთან მოკავშირეობაზე გამართა ბრიფინგი, ანტიდასავლური პოლიტიკა და რიტორიკა არ იცვლება…
ჩინეთი დიდი მოთამაშეა და ეს ფაქტორი, ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ. საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს მრავალწახნაგოვანი და მრავალვექტორული. რუსეთის მკვეთრი დასუსტების ფონზე ევროკავშირის როლი აშკარად იზრდება, აშშ-ც ასევე ბრუნდება სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რომელიმე ერთ მსხვილ მოთამაშეზე. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისტორიულად, მოწოდებით ვართ პროდასავლური, უძველესი ევროპული ერი – ამის არგათვალისწინება შეუძლებელია და საკუთარი თავის დავიწყების და უარყოფის ტოლფასი იქნებოდა.
ის, რასაც დღეს ვუყურებთ საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი შეცდომაა, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ჩვენს ერს. მე მაინც იმედს ვინარჩუნებ, რომ მკაცრი რეალიების გავლენით, ეს პოლიტიკა გადაიხედება.
- არსებობს მოსაზრება, რომ რეალურად საქართველოს საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს კრემლი და „ოცნების“ მთავრობამ უკვე დაუკარგა სუვერენიტეტი ქვეყანას. ლოგიკურად გაუგებარია, როცა „ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და ამ დროს კობახიძე რუბიოს პოზიტიურ განცხადებებსაც კი უკმეხად პასუხობს.
ეს არის უდიდესი შეცდომა და, არ მეშინია ამ სიტყვის, არაადეკვატურობა. შენ თუ რეალურად გინდა ეროვნული სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვა, უნდა გამოხვიდე რეალური საერთაშორისო კონტექსტიდან. წინა წლებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ წლებში, როდესაც მართლაც არსებობდა რუსეთის აგრესიის საფრთხე და ჯერ კიდევ არსებობდა „ოცნების“ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის რაღაცით გამართლების საფუძველი, ახლა ეს მდგომარეობა შეიცვალა და მას ყოველგვარი პრაგმატიზმი და რაციონალიზმიც გამოცლილი აქვს.
ამას უკვე სხვა სახელი ჰქვია. შესაბამისად, თუკი „ოცნებაში“ რეალურად უნდათ სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველო, ადეკვატურად უნდა გამოვიდნენ იმ შეცვლილი მდგომარეობიდან, რაც ამჟამად არსებობს. ახლავე უნდა დაიწყონ კონსტრუქციული მოლაპარაკება ევროპასთანაც და ამერიკასთან.
ამ მიმართულებით გადადგმული პირველი კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუნდაც უკან გაწვევა იმ სრულიად აბსურდული კანონების, რომლებიც მათ მიიღეს და რომლებსაც, სრულიად სამართლიანად, რუსული კანონების კვალიფიკაცია მიენიჭა.
- რამე გაძლევთ ამის იმედს? პირიქით, ფეისბუქში კომენტარების საკონტროლებლად ახალი სამმართველო შექმნეს.
ეს სრული აბსურდია და სრულ წინააღმდეგობაში ექცევა საქართველოში არსებულ რეალობასთან, რადგანაც საქართველო და ქართველი ერი არ არის და ვერც ვერასდროს იქნება ბელორუსები. ბელორუსიაში ლუკაშენკომ ნამდვილად ჩააბეტონა ყველაფერი და ხალხიც რეპრესიების შიშით დამორჩილებულია. დღევანდელი სწრაფად ცვალებადი რეალობის ფონზე, „ოცნებას“ მოუწევს ქართველი ხალხის ობიექტური მისწრაფებების გათვალისწინება.
გულწრფელად რომ ვთქვა, მე რომ ვიყო მათ ადგილას, კოალიციურ მთავრობასაც დავთანხმდებოდი. ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ისინი შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამენ, რადგან ამით საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, პოლარიზაცია ყველა ზღვარს გასცდება და რაც მთავარია: – საქართველო სრულიად ამოვარდება საერთაშორისო და რეგიონული კონტექსტიდან, აბსოლუტურ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
- თუ საქართველო მაინც დარჩება რუსეთის ორბიტაზე, ამ შემთხვევაში რა პერსპექტივა აქვს სომხეთის ევროინტეგრაციას?
ჩემი აზრით, სომხეთმა აქტიურად უნდა განაგრძოს ის პოლიტიკა, რაც დაწყებულია აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ისევე, როგორც ევროკავშირთან და აშშ-თან დაახლოების პროცესი. ეს პოლიტიკა, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან აისახება საქართველოზეც.
ამით სომხეთს შეექმნება სრულიად ახალი პერსპექტივა. თურქეთიც და აზერბაიჯანიც აშკარად ხვდებიან ამ მდგომარეობას და ეცდებიან მაქსიმალურად დაუახლოვდნენ სომხეთს, მისცენ საშუალება, თავი იგრძნოს რუსეთისგან დამოუკიდებლად.
რაც შეეხება საქართველოს, თუ ის დარჩება რუსეთის ორბიტაზე, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის – გამოვა, რომ სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ვექტორი კიდევ უფრო სამხრეთით – აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის დონეზე გადაინაცვლებს, საქართველოს მიღმა. ისტორიულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ერისთვის – ეს გადახაზავს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას რეალური და არა ფორმალური სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ისევე როგორც ჩვენს პერსპექტივას.
ამჟამად, უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთი აშკარად სუსტდება, რაც მისი მხრიდან საფრთხეს ამცირებს. ბოლო მოვლენათა გათვალისწინებით, ეს ტენდენცია უფრო ძლიერდება და აშკარა ხდება.
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ შეიძლება არ გავუსწროთ არსებულ ტენდენციას, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაგვიანოთ. ამჟამად კი, „ოცნების“ მთავრობა კატასტროფულად აგვიანებს. თუკი სულში ოდნავი პატრიოტიზმი გაქვს, კი არ უნდა ჩამოეკიდო რუსეთს, როგორც შენი ძალაუფლების და ხელისუფლების წყაროს, არამედ საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე.
ობიექტურად, თუნდაც საკუთარი რეალური ინტერესებიდან გამომდინარე, „ოცნება“ დაინტერესებული უნდა იყოს გაუყოს ძალაუფლება სხვებს, ხელი შეუწყოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამით ქვეყანა ევროპულ განვითარებას დაუბრუნოს.
ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როგორშიც აღმოვჩნდით 1918 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც საქართველოდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ დავაგვიანეთ და ნაწილობრივ ამოვვარდით იმ დროის საერთაშორისო კონტექსტიდან. მაშინ სახელმწიფო კონსოლიდაციის საქმეში გერმანიას ვთხოვეთ დახმარება და ნაწილობრივ ასე გამოვედით სიტუაციიდან, თუმცა ძალიან დიდი დანაკარგებით…
ამჟამად სიტუაცია სხვანაირია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დაგვიანება ასევე იქნება კატასტროფული ჩვენი ინტერესებისთვის. დაგვიანებას, საბოლოო ჯამში, ჩვენი მეზობლები და მომავალი თაობაც ჩვენ მოგვკითხავს. ჩვენ გეოპოლიტიკურად ვართ განწირულები ვიყოთ კავკასიის შუაგული, ან ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
- რა ჩანს რუსეთის რეაქციებიდან? პუტინი ცდილობს ძველი მეთოდებით შეინარჩუნოს გავლენა, მაგალითად, სომხეთში მთავარი პრორუსული ძალა ამ არჩევანზე მილიარდერი კარაპეტიანი იყო, მას „სომხეთის ივანიშვილიც“ კი უწოდეს, რადგან ბევრს გაახსენდა საქართველო 2012 წლის არჩევნებით.
პუტინი, რა თქმა უნდა, იმპერიალისტია, მაგრამ სომხეთის მიმართ მის მიერ გატარებულ პოლიტიკაში – პუტინის პირადი შურისძიება იყო გადამწყვეტი. პუტინი პირადად ვერ იტანს ფაშინიანს, როგორც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ პოლიტიკურ ლიდერს. ამიტომაც, მან ჯერ აზერბაიჯანის მეშვეობით სცადა სომხეთის დასჯა და არ ჩაერია ყარაბაღის კონფლიქტში, თუმცა ამით, პუტინმა დაკარგა სომხეთი.
საბოლოო ჯამში, პუტინისთვის პირველი მტერი – ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებაა. მისი აზრით, საკუთარი დესპოტური ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთი გარშემორტყმული უნდა იყოს მხოლოდ ავტორიტარული სახელმწიფოებით, სადაც ხალხის ნება იქნება დათრგუნული და სადაც იქნება დაახლოებით იმ ტიპის რეჟიმი, რაც რუსეთშია.
შეიძლება, ოდნავ უფრო „ლიბერალური“, ე.წ. რბილი ძალა, მაგრამ ხელისუფლება არ უნდა იყოს დემოკრატიული, ხალხი უნდა გრძნობდეს, რომ მას არა აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება და ამრიგად, განაგოს საკუთარი ბედი. დემოკრატიულად ხელისუფლების ცვლა, პუტინის მიერ აღიქმება როგორც შეტევა მის პირად ძალაუფლებაზე.
პუტინის აზრით, ნებისმიერი კომპრომისი უკრაინასთან გამოიწვევს მისი პირადი ძალაუფლების შესუსტებას და პერსპექტივაში დაცემას, რადგან ადრე თუ გვიან რუსები ჰკითხავენ მას: კი მაგრამ, რისთვის ჩავდეთ მიწაში ჩვენი მილიონი ჯარისკაცი?
აქ ორი ვარიანტია: ან რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური „ელიტა“ მოაშორებს პუტინს ხელისუფლებას, ან სიტუაცია შეიცვლება რუსეთის ეკონომიკური დასუსტებით და სამხედრო დამარცხებით, რის კონტურებიც ასევე იკვეთება. ამჟამად უკვე ორივე კონტური აშკარად ჩანს ჰორიზონტზე.
რეალურად, ფრონტმა უკრაინაში მიიღო სტატიკური ხასიათი. რუსები ვერ მიიწევენ წინ, ან თუ მიიწევენ, მხოლოდ კუს ნაბიჯებით. ამ დროს რუსეთის მთელი ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი.
სომხეთში რუსების დამარცხებაც იმის შედეგია, რომ რუსეთი დასუსტებულია და არ ძალუძს, როგორც ადრე, ეფექტურად ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში.
- სომხეთის პარლამენტში 41 მანდატი ექნება პარლამენტში პრორუსულ ოპოზიციას. ეს მანდატები ასახავს, რამდენად ძლიერია ისევ პრორუსული განწყობები. რა სახის გამოწვევაა ეს ფაშინიანისთვის?
პრორუსული აქტივი სომხეთში შემცირებულია, რადგან სომხები სულ უფრო ხვდებიან, რომ სომხეთი რუსეთისთვის აღმოჩნდა არა გეოპოლიტიკური მოკავშირე, არამედ ხურდა ფული პირადად პუტინის პოლიტიკაში.
რუსეთი გლობალურად არის დღეს დასუსტებული. რუსეთს არ ძალუძს ყურადღება მიაქციოს და მიზანმიმართული პოლიტიკა გაატაროს სომხეთის მიმართ ისე, როგორც ადრე.
სწორედ ამიტომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი საქართველოს გააქტიურება. შენ თუ რეალურად გინდა რუსეთთან აფხაზეთზე საუბარი და ამ დროს 100 პროცენტით მასზე ხარ დამოკიდებული, რატომ დაგიბრუნებს კრემლი წართმეულს? რუსები მშვენივრად ხედავენ, რომ „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად საქართველო იზოლაციაშია მოქცეული და ქვეყანას ალტერნატივა არა აქვს.
ობიექტურად, სამხრეთ კავკასიის ინტეგრაციულ პროცესებში, რომლებიც მომავალში უთუოდ განვითარდება, საქართველოს როლი, უბრალოდ გეოპოლიტიკური კონსტანტიდან გამომდინარე, მოწინავე უნდა იყოს, რადგან რეგიონის ცენტრში ვართ, სტრატეგიულ პორტებს ვფლობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება.
- პროექტში „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის პერსპექტივა“ [TRIPP] საერთოდ არ განიხილება საქართველო.
აქ არის მთელი ტრაგედია. ეს უნდა შეიცვალოს. საქართველომ არ უნდა დაკარგოს თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაც მას ყოველთვის ჰქონდა. ახლა ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია, რადგან კონფიგურაცია შეცვლილია: რუსეთი სულ უფრო სუსტდება, დასავლეთი კი, სულ უფრო აქტიურად შემოდის სამხრეთ კავკასიაში.
- „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იზრდება რისკი, დავკარგოთ გეოპოლიტიკური უპირატესობა?
რა თქმა უნდა, ამის საფრთხე დიდია. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო სრულად იქნება დამოკიდებული რუსეთზე, ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მე არ მსურს ამაზე ფიქრიც კი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო დროის მოვლენათა სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტის რეალიების ჯიუტი უგულებელყოფის პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ეს საფრთხე რეალურია.






