დღეს, 8 ივნისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობბაზაზე დარტყმის ფაქტი.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ნოვოროსიისკში მდებარე ნავთობბაზაზე დრონის თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია.
მედიის ცნობით, „გრუშოვააიას“ ნავთობსაცავი, რომელიც ეკუთვნის „ტრანსნეფტის“ შვილობილ კომპანია „ჩერნომორტრანსნეფტს“, კავკასიაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობპროდუქტების შესანახი ობიექტია. კომპლექსი მოიცავს დაახლოებით 1.2-1.4 მილიონი ტონა საერთო ტევადობის ავზებს და ნოვოროსიისკის პორტის საკვანძო ცენტრს წარმოადგენს. ობიექტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მისაღებად, შესანახად და გადასაზიდად.
ეს არ არის უკრაინის პირველი დარტყმა „გრუშოვაიას“ ნავთობბაზაზე. უკრაინული დრონების ბოლო დარტყმა ამ ნავთობბაზაზე 23 მაისს მოხდა.
გარდა ამისა, 8 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში ვოლგოგრადის რეგიონში „კრასნი იარის“ ხაზოვანი წარმოებისა და განაწილების სადგური დაბომბეს. რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ „ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ჟირნოვსკის რაიონში წარმოებისა და განაწილების სადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც სწრაფად ჩააქრეს“.
______________
ფოტო: უკრაინის გენშტაბი






