პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გორში დაკავებულ პირებზე პოლიციელების მიერ ჯგუფურად ძალადობის საქმეზე.
დღეს, 27 მაისს, გორში, პოლიციელებმა დაკავებულ ორ პირზე ჯგუფურად იძალადეს. ინტერნეტსივრცეში ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გამოძიება დაიწყო.
„პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სსკ-ის 333-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით და ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში პოლიციელების მიერ ორ დაკავებულზე ჯგუფურად ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.






