მთავარი,სიახლეები

„ივანიშვილი არის შიშებში“ – თინა ხიდაშელი „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ახალ სვლაზე

08.05.2026
„ივანიშვილი არის შიშებში“ – თინა ხიდაშელი „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ახალ სვლაზე

„ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არის შიშებში. ვფიქრობ, ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებამ ეს შიშები გააძლიერა…

ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკა – ზუსტად აქ აქვს მთავარი პრობლემა „ქართულ ოცნებას“. ეს რაღაც სამ ცხენზე ერთდროულად ჯდომა – ჩინურ ცხენზე, რუსულ ცხენზე, ირანულ ცხენზე – მერე ამერიკელებთან საუბარი და ვაჭრობა, თან მუდმივად შანტაჟის ენით,“ – თავდაცვის ყოფილი მინისტრს, თინა ხიდაშელს ბიძინა ივანიშვილის ახალ სვლაზე ვესაუბრეთ: რას ცდილობს და რის ხარჯზე „ოცნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან?

„გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან სერიოზული გავლენა „ოცნებაზე“. თუკი ვინმეს ჯერ კიდევ ერიდებიან, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები… ახალი ადმინისტრაციას ახალი სანქციები არ შემოუღია. მათ ამისი ეშინიათ გველის ნაკბენივით – იციან, რომ თუკი ტრამპის ადმინისტრაციისგან ახალი სანქციების ტალღა წამოვიდა, მაშინ უკვე საერთოდ, თეორიულადაც კი, წინ ვეღარაფერი ვერ დაუდგება ვერც ევროკავშირის, ვერც დიდი ბრიტანეთის და ვერც ვინმეს მიერ ამ სანქციების უბრალოდ კოპირება-გამეორებას.

ეს ზუსტად ის შემთხვევაა, სადაც სრულიად ერთხმად იმოქმედებს ყველა. აი, ორბანი რომ დარჩენილიყო უნგრეთში, ისიც კი ვერ გაუწევდა ამ შემთხვევაში წინააღმდეგობას,“ – გვიყვება თინა ხიდაშელი.

„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი თავდაცვის ყოფილი მინისტრია და არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეა“ დამფუძნებელი:

  • ქალბატონო თინა, რას ცდილობს ამჯერად ბიძინა ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით? ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა. 

ვფიქრობ, სრულიად ნათელია მოვლენები, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება დაუკავშირებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან: ვგულისხმობ ბატონი რუხაძის ბოლო პერიოდის მოქმედებებს და „იმედის“ გაყიდვას 1000 ლარად.

რუხაძე ამბობს, რომ ეს არის ყველაზე პოპულარული ტელევიზია, მას ჰყავს ყველაზე მეტი მაყურებელი, კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს მონაცემებს და ვხედავთ, რომ ბიზნესებს ყველაზე დიდი რაოდენობის რეკლამა მიაქვთ „იმედში“, ანუ შემოსავლების პრობლემა არ აქვს. ამ დროს ასეთ ქონებას – ყველაზე პოპულარულს, ყურებადს, ყველაზე აქტუალურს და მაღალი კომერციული შემოსავლებს რომ იზიდავს, ყიდის 1000 ლარად.

აქ არავითარი მეორე აზრის არსებობის თეორიული შანსიც არ არის, გარდა იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირების თაობაზე რუხაძე იყო ინფორმირებული. უბრალოდ, მოვლენებს დაასწრო რამდენიმე დღით.

იმ ცნობილ ინტერვიუში, რომელიც რუხაძემ მისცა, ამბობს კიდევაც, რომ მას დაქირავებული ჰყავს კომპანიები ბრიტანეთში, რომლებიც ახლოს არიან სახელისუფლებო უწყებებთან. იგი სავარაუდოდ, ლობისტურ კომპანიებს გულისხმობს. ამიტომაც, არ არის რთული, წარმოვიდგინოთ, მან იცოდა და დაასწრო მოვლენებს „იმედის“ გაყიდვით.

შემდეგ ის ყიდის „ლიბერთის“ და ისევ საჯაროდ, ღიად აცხადებს, რომ ეს კი არ იყო პირდაპირ სანქციებით გამოწვეული, მაგრამ მისი ბიზნესპარტნიორები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ – სხვა სიტყვით ამბობს, რეალურად კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მალფუჭებადი თუ ლპობადი ქონება რაც შეიძლება სწრაფად თავიდან უნდა მოეშორებინათ.

თინა ხიდაშელი

ირაკლი რუხაძე ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ დასანქცირების შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის ალბათობა ძალიან დაბალი იყო, ან არარსებული. თუ მაინც გაიყიდებოდა, ძალიან დაბალ ფასად და დაახლოებით იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, როგორც „იმედი“ აღმოჩნდა. აქაც ის წინ უსწრებს მოვლენებს: დივიდენდის წინასწარი დისტრიბუცია სწორედ ამისი მაგალითია. ამ შემთხვევაში მან სწრაფად გააკეთა, რომ დივიდენდი რაც შეიძლება მალე მიეღო და ძალიან არ დაზარალებულიყო.

ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ პირდაპირ არის კავშირში, თუ რას ელის, რას ალაგებს, ან რას ცდილობს ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

თუ გავიხსენებთ „კრედიტ სუისის“ ისტორიას, ივანიშვილისთვის იყო უეჭველი, რომ ეს კონფლიქტი ამერიკელებით იყო გამოწვეული – არავითარი კავშირი ამერიკელებს ამასთან არ აქვთ, მაგრამ მას ხომ სჯერა, რომ ამერიკელებმა გააკეთეს ეს ყველაფერი და მათი ბრალია, რომ მისი ფული დიდი ხნის განმავლობაში გაიყინა „კრედიტ სუისში“.

ამიტომაც, ივანიშვილი, რა თქმა უნდა, შიშებშია. ვფიქრობ, ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებამ ეს შიშები გააძლიერა.

  • ივანიშვილი ელოდება, რომ მას პერსონალურად დაასანქცირებენ? 

გაიხსენეთ რუხაძე – ირაკლი რუხაძე ძალიან საინტერესო კაცია იმით, რომ ლაპარაკში გაერთობა ხოლმე და ბევრ რაღაცას ამბობს, მერე დაფიქრდება და ხვდება, რომ ეს არ უნდა ეთქვა და იწყებს რაღაც ისტორიის შეთხზვას, რომ აი, სინამდვილეში ეგრე კი არ არის, მაგრამ აი, ასე გამოვიდა.

  • მაგალითად? 

ველოდებოდი, რომ ჯერ ინდივიდუალური სანქციები იქნებოდაო და არა ორგანიზაციებზე, „იმედი“ რომ დაასანქცირეს, ძალიან გამიკვირდაო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოცდენა იყო – ზუსტად ამის ეშინია ივანიშვილს.

ელის, რომ ინდივიდუალური სანქციები აუცილებლად იქნება და ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის მის ანგარიშებს, ბიზნესტრანზაქციებს, ფინანსურ ოპერაციებს. ამიტომაც, ცდილობს, რომ იქნებ რამე გამოუვიდეს. ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ ხუთ სპეცრაზმელთან დაკავშირებით, ეს ამბავი, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული ამ შიშებთან – ეს იყო მსხვერპლშეწირვა პირდაპირი მნიშვნელობით შეხვედრის წინ.

როცა შეხვედრაზე კობახიძეს ეტყოდნენ საზარელი კადრების შესახებ და ამ დროს არავინ დაუკავებიათ, ეს ამოიღებდა ქაღალდს და იტყოდა: რას ბრძანებთ, დაკავებულია ხუთი ადამიანი ამ საქმისთვისო.

ზუსტად ამის გაგრძელება იყო ასევე რუსული კანონის აქციების დროს დაკავებული პირის პატიმრობის ორ წლამდე ჩამოყვანა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ბევრს ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ იმაზე, რომ სანქციები ვითომ არ აღელვებთ, აგერ, ხაშურში ვივლით, რა პრობლემააო, მაგრამ ამასობაში ის, რომ სანქციები მუშაობს, ყველაზე კარგად ამ ორ დღეში გამოჩნდა.

გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან სერიოზული გავლენა „ოცნებაზე“. თუკი ვინმეს ჯერ კიდევ ერიდებიან, ეს არის აშშ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშის ძალისხმევა მაქსიმალურად იყოს მიმართული იქითკენ, რომ ამერიკული პოზიციები გამყარდეს და გაძლიერდეს საქართველოში ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

  • ერიდებიან, თუ უფრო შესაძლებლად ხედავენ ევროკავშირისგან განსხვავებით ამერიკასთან, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობის დალაგებას? მკაფიოა ევროპული ქვეყნების მოთხოვნები: პატიმრები, კანონები, არჩევნები, ამის შესრულებას კი, „ოცნება“ არ აპირებს.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: განსხვავებით ევროკავშირისგან, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლაზე „ოცნებამ“ ძალიან დიდი ფსონი დადო და ეს მათ ამომრჩეველს ახსოვს. პრინციპულად სხვანაირად დაუთვლის მისი ამომრჩეველი მარცხს ამერიკულ ფლანგზე, ვიდრე ევროპულ ფლანგზე.

ევროკავშირთან დაკავშირებით „ოცნებას“ ოპტიმიზმი არც არასოდეს გამოუხატავს. ამიტომ ყველაფერი, რასაც პირობითად კალაძე ლაპარაკობს – ცხადია, ის მარტო არ არის, მაგრამ ხატოვანია ამ ბოლო დროს ევროკავშირის ლანძღვაში – ეს არის რაღაცნაირად გასაგები და მარტივად აღსაქმელი „ოცნების“ ამომრჩევლისთვის.

თუმცა ასე გასაგებად და მარტივად ვერ მიიღებს „ოცნების“ ამომრჩეველი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლანძღვა-განქიქებას. გვახსოვს ცნობილი ფრაზები: „20 იანვარი მოვა და ვნახავთ“, ეს ახსოვს მის ამომრჩეველსაც და ამაზე აუცილებლად მოსთხოვს პასუხს.

ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციებს აგრძელებს, მაგრამ ახალი ადმინისტრაციის ახალი სანქციების შემოღების ეშინიათ გველის ნაკბენივით – იციან, რომ თუკი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ახალი სანქციების ტალღა წამოვიდა, მაშინ თეორიულადაც კი, წინ ვეღარაფერი დაუდგება ვერც ევროკავშირის, ვერც დიდი ბრიტანეთის და ვერც ვინმეს მიერ ამ სანქციების უბრალოდ კოპირება-გამეორებას. აი, ორბანი რომ დარჩენილიყო უნგრეთში, ისიც კი ვერ გაუწევდა ამ შემთხვევაში წინააღმდეგობას.

ეს ძალიან კარგად იციან „ქართულ ოცნებაში“, ამიტომ ერიდებიან ამერიკას.

  • ირაკლი კობახიძის აქცენტი „სუფთა ფურცელზე“ რას ნიშნავს, როგორ ან რატომ შეიძლება დაიწყოს აშშ-თან თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან, როცა მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს? ეს სვლა რაში სჭირდება „ოცნებას“? 

ირაკლი კობახიძემ იცის, რომ აშშ-საქართველოს თანამშრომლობა იყო საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე დაფუძნებული.

ირაკლი კობახიძე მუდმივად „სუფთა ფურცელს“ ახსენებს, რაც გახდა პრემიერი. გაიმეორებს იმავეს, ვიდრე პირდაპირი მნიშვნელობით არ მოხვდება სანქციების მსუსხავი ეფექტი. ის ურთიერთობების დალაგებაზე კი საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში არ სჯერა, რომ ურთიერთობების დალაგება შესაძლებელია – უკან დასახევ გზას იტოვებს, ახსენებს „სუფთა ფურცელს“ – ხვალ და ზეგ რამე რომ მოხდეს, თქვას, რომ ისინი „სუფთა ფურცელს“ ითხოვდნენ.

ძალიან დიდი ისტორია აქვს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, როგორც სამხედრო სფეროში, ისე ეკონომიკაში და ასევე დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. სუფთა ფურცელი აქ არ არსებობს.

  • „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში“ – ესეც იყო კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გეოგრაფიის იმედი აქვს ივანიშვილს? 

გეოგრაფიის იმედი უნდა ჰქონდეთ და ეს არ არის ვირტუალური იმედი. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ დათანხმდება ამერიკის შეერთებული შტატების პირობებს, ეს ურთიერთობები აღდგება. ილუზიებში არ უნდა ვიყოთ: დემოკრატიის დღის წესრიგი არ არის დღეს ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტი. ის მხოლოდ თანმდევია პროცესის.

  • ანუ შანსი აქვს ივანიშვილს? 

მე ამას არ ვამბობ. მე ვამბობ იმას, რომ დემოკრატიული დღის წესრიგი არ არის დღეს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი. რაც არის ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი, ეს არის ე.წ. ტრანზაქციული საგარეო პოლიტიკა – ზუსტად აქ აქვს მთავარი პრობლემა „ქართულ ოცნებას“: სამ ცხენზე ერთდროულად ჯდომა – ჩინურ ცხენზე, რუსულ ცხენზე, ირანულ ცხენზე – მერე ამერიკელებთან საუბარი და ვაჭრობა, თან მუდმივად შანტაჟის ენით საუბარი: „იცით, თქვენ თუ არ გენდომებით, აგერაა პეკინი…“ – ასეთი საუბარი პარტნიორებს შორის უწესობაა.

ამ უწესობას, რა თქმა უნდა, ადეკვატური პასუხი ექნება.

მე ხაზს ვუსვამ პარტნიორებს შორის ურთიერთობას. აშშ-საქართველო არ ვართ დაპირისპირებული სახელმწიფოები. ჩვენ არ ვართ ერთმანეთთან ომში ან კონფლიქტში, ხომ? ჩვენ ვიყავით სტრატეგიულ პარტნიორობაში მყოფი ქვეყნები 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით და 2009 წლიდან უკვე პირდაპირი ფორმით – ხელმოწერილი ხელშეკრულებით.

ამერიკელებს ყველაზე დიდი ფული აქვთ დახარჯული საქართველოში, ვიდრე საერთოდ ვინმეს დაუხარჯავს საქართველოში დემოკრატიისთვის, განვითარებისთვის, არმიისთვის, პოლიციისთვის, რეფორმებისთვის. ამერიკას ყველაზე ბევრი ფული აქვს საქართველოში დახარჯული ისრაელის შემდეგ საერთოდ მთელ მსოფლიოში, რაც კი დაუხარჯავს ქვეყნის ზომიდან გამომდინარე.

ამიტომაც, არავინ არ აპატიებს არც ირაკლი კობახიძეს და არც ვინმეს, რომ შანტაჟის ენით ელაპარაკოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ეს არის, რომ ცხრა ცხენზე ჯდომით ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს: მუდმივად ცხვირწინ უფრიალებს ვაშინგტონს წითელი ალამივით პეკინს და თეირანს. პარტნიორების ურთიერთობაში ეს დაუშვებელი თამაშის წესია, რომლისთვისაც ისჯებიან.

მათ ამიტომ არ აქვთ შანსი და არა იმიტომ, რომ ვაშინგტონი მაინცდამაინც დემოკრატიულ დღის წესრიგზეა ორიენტირებული და, მაგალითად, მზიას პატიმრობის გამო არ აპატიებს არაფერს ბიძინას – სამწუხაროდ, ასე არ არის და ეს ყველამ კარგად ვიცით.

იქ, სადაც ყველაზე მეტი ინტერესი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ ვერ არის ყოჩაღად „ქართული ოცნება“ და იმიტომ ვერ ალაგებს ურთიერთობებს ვაშინგტონთან. იმდენად აიხლართა თავის გაბმულ ქსელებში – პეკინს, თეირანს და მოსკოვს შორის, ვეღარ ახერხებს ამ ქსელიდან გამოსვლას.

  • ამასობაში, რა ირკვევა ანაკლიის პორტზე, სადაც ჩინელების შემოყვანას ცდილობდა ივანიშვილი?

ისინი ვერ გამოდიან ჩინელებისთვის მიცემული ვალდებულებებიდან. საბედნიეროდ, ხელმოწერილი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, სიტყვიერად აღებული ვალდებულებები საკმაოდ მძიმეა.

ვნახოთ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რამე თუ შეიცვლება. ანაკლიაში სირბილი და სხვადასხვა მინისტრის ჩაყვანა არავითარ შედეგს არ გამოიღებს – შედეგს გამოიღებს კონკრეტული მოქმედება და ასეთი მოქმედება არ ჩანს. ამას სჭირდება ერთი ნაბიჯი – ორი წლის წინ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაუქმება. ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გააუქმოს ეს ტენდერი, გამოაცხადოს ჩაშლილად და როცა „სუფთა ფურცელზე“ ვლაპარაკობთ, ერთადერთი სუფთა ფურცელი ეს არის.

  • რა ხდება თქვენი აზრით ივანიშვილის დაჯგუფებაში, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ყოფილი ჟურნალისტი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი წარმომადგენელი, გიორგი უძილაური. 

ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა: უძილაურის დაკავება ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის – მე, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ვისმენ „ოცნების“ ყველა განცხადებას და გადაწყვეტილებებს ვაანალიზებ – აღვიქვი, როგორც პირველი ნაბიჯი ამ თემით დაპატიმრებების დაწყების ლეგიტიმაციისთვის: აი, ჩვენიანი დავიჭირეთ და სხვა ბანაკში მყოფი რომ დავიჭიროთ, რა პრობლემაა? მათი მოკლე ჭკუით მიაჩნიათ, რომ ვეღარ შეედავებიან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე.

მაგალითად, გურამ როგავაზე, ან მაკა ჩიხლაძეზე თავდამსხმელი თავიდანვე, პირველ დღესვე რომ დაეპატიმრებინათ, მზია ამაღლობელის საქმეზე ცოტა უფრო თამამად ილაპარაკებდნენ, განა ლეგიტიმაცია ექნებოდათ, მაგრამ თავისი ამომრჩევლისთვის უფრო თამამად ილაპარაკებდნენ, იტყოდნენ, რომ ჩვენიანებსაც ვიჭერთ, ყველას ვიჭერთ, ვინც კანონთან არ არის პირნათელი.

მათი გადასახედიდან ვლაპარაკობ, მაგრამ მათ ეს შეცდომა დაუშვეს და სულ ცხვირწინ უფრიალებს მთელი სამყარო ამ საქმეებს. დღეს ხუთი პოლიციელის დაკავება არაფერს აღარ დაეხმარება, რადგან ეს საქმე ხუთი პოლიციელს გასცდა. დღეს ლაპარაკია იმაზე, თუ ვინ აფარებდა ხელს, ვინ ინახავდა ამ ადამიანებს პასუხისმგებლობისგან და ასე შემდეგ, ანუ შემკვეთებზე – სისტემურ დანაშაულზეა უკვე ლაპარაკი და არა ვიღაც ხუთ მოძალადეზე, რომელმაც გადაწყვიტა ქუჩაში, ჩართულ კამერასთან ჟურნალისტები ეცემა.

ახლა ვიღაც ჭკვიანმა იფიქრა, რომ ეს შეცდომა აღარ გაიმეორონ, ამიტომაც, ჯერ თავისი რიგებიდან დააკავეს ევროპული სახელმწიფოსთვის ჯაშუშობაში ბრალდებული. ჩემი აზრით, ანალოგიური ბრალდებებით დაწყებულ საქმეებზე გამოიყენებენ ამ საქმეს, ან საქმეების თაროებიდან ჩამოსაღებად. ეს ძალიან საშიში პროცესი იქნება.

  • თუმცა მანამდე იყო ასევე ჯაშუშობის ბრალდებით ახალგორში მცხოვრები თამაზ გოლოევის დაკავება… 

ყველას გვედავებიან ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორების სასარგებლოდ ჯაშუშობას, რომ აი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რომ ვართ და წევრობა რომ გვინდა, თურმე იმის სასარგებლოდ ვმუშაობთ. ჩემს წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე – მიხვდნენ, რომ რუსული საქმე ბოლომდე ვერ პარალელდება იმასთან, რა ამოცანაც აქვთ.

შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გიორგი უძილაური „ოცნების“ ჩვეულებრივი მსხვერპლია იმის გამო, რომ მორიგი რეპრესიული ტალღა წამოიწყონ და გამოიყენონ ეს საქმე ყველას წინააღმდეგ.

  • ბოლოს სამხრეთ კავკასიაზე მინდა გკითხოთ. დღეს რუსეთი აფრთხილებს ერევანს, ევროკავშირთან თამაში საშიშიაო. ის, რომ ასე გააქტიურდა ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში, ეს რამდენად შეიძლება იყოს ერთგვარი საშველი საქართველოსთვის? 

მე მირჩევნია, რომ დროშა ჩვენ გვეჭიროს ხელში რეგიონში, მაგრამ ის, რომ დროშა გადაიბარა სომხეთმა, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა – რეგიონი არ რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ამისთვის მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ სომხეთს, მივულოცოთ წარმატება. მადლობა, რომ რეგიონის დროშა ხელში უჭირავთ და ეს არ მისცემს საშუალებას ცივილიზებულ სამყაროს, ზურგით დადგეს სამხრეთ კავკასიასთან.

როგორც არ უნდა მიხაროდეს სომხეთის წარმატება, შეიძლება ვარ აბსოლუტურად სუბიექტურიც, არა მგონია, რომ საქართველოს ჩანაცვლება შეძლოს სომხეთმა. კვლევები, რომელიც სომხეთში ბოლო პერიოდში ჩატარდა, აჩვენებს, რომ მოსახლეობა ევროკავშირისთვის იმდენად არ არის მზად ემოციურად და ფსიქოლოგიურად, როგორც საქართველოს მოსახლეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც განგვასხვავებს.

ჩვენი მოსახლეობის განწყობა მიტოვების იმედს, რომ ამ ორბიტაზე ჩვენ მალე დავბრუნდებით.

იმედია, არჩევნების შედეგადაც ფაშინიანი დარჩება ხელისუფლებაში, ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება, რაც მხოლოდ დაგვეხმარება ჩვენი ამოცანების მიღწევაში.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ, ორივეს ერთად უკეთესად შეგვიძლია მოვიგოთ ეს ბრძოლა, ვიდრე ცალ-ცალკე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველას ადგილია, ვინც ამ ბრძოლაში იქნება და გაიმარჯვებს. ამიტომაც, არაფერი საკონკურენციო ჩვენ სომხეთთან არა გვაქვს, პირიქით, ეს მხოლოდ მისასალმებელია და წარმატება შეგვიძლია ვუსურვოთ. ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გავლილი და თუ რამით შეგვიძლია, დავეხმაროთ ამ პროცესის უფრო სწრაფად და ეფექტურად გავლაში. ეს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის სამსახურიცაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: