დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს.
„გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“- ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ.
აქციაზე შეკრებილი იყვნენ როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები.
მათი მოთხოვნა საერთოა – გაძვირდა ფასები საწვავზე, პროდუქტზე, მათი შემოსავალი კი არ გაზრდილა.
„70 თეთრი ღირს მარშუტკა. 3 ლარზე რომ ხუთი კაცი ჩაგიჯდება, მარშუტკაზე იაფად დავდივართ ჩვენ. 4-ლარიან ბენზინს რომ ჩაასხამ და სამლარიან კლიენტს მიიყვან, რაღა უნდა დაგრჩეს?
საწვავი ღირს 3,50 – 4 ლარი. და შეკვეთები? შეკვეთები შემომდის 2,50 ლარიანი. 1,80-ადც მივსულვართ.
მთელი დღე რომ იმუშაო, სუფთად არ დაგრჩება 50 ლარი. ცალკე მანქანის ნაწილების ცვეთას თავი დაანებე,“ – ამბობს ტაქსის მძღოლი რუსლან რესულიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.
გარდა ტარიფის მომატებისა, დღეს გამართულ აქციაზე მძღოლებმა ისაუბრეს გაზრდილ ჯარიმებზეც.
საქმე იმაშია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც გაიზარდა ჯარიმები.
ბათუმში არ არის საკმარისი ადგილები პარკირებისათვის და მძღოლებს, რომლებიც მგზავრის ასაყვანად ყოვნდებიან სხვადასხვა ადგილას, აჯარიმებენ.
„არასამართლიანი დამოკიდებულება აქვთ. მგზავრი რომ გიძახებს, 2 წუთი ხომ უნდა დაელოდო? 3-ლარიან გამოძახებაზე 100 ლარს რომ მიწერ, სად არის სამართალი? ყველა მძღოლს აქვს ჯარიმა.
აქ ყველა გამოსული ვართ იმისთვის, რომ ჩვენი გულისტკივილი მიიტანონ სახელმწიფო იქნება, კომპანიის უფროსი იქნება თუ ვინც იქნება. სამართალი ვერ ვნახეთ, ვეძებთ აგერ, გამოსული ვართ, რაღაცის იმედად ვართ და შედეგი ნული,“ – თქვა აქციაზე ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა.
ბათუმელი ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციის მოწყობას გეგმავენ პირველ მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს.






