2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა.
მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგო.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით შობადობა 4.1 %-ით შემცირდა.
2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა.
2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე ცოტა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).

„2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
სტატისტიკის მიხედვით, შემცირდა იმ ქალების რიცხვი, ვინც შვილს 25 წლის ასაკამდე აჩენს და გაიზარდა იმ ქალების რიცხვი, ვინც შვილს 40 წლის მერე აჩენს.
„2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე.
ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა,“ – ნათქვამია სტატისტიკაში.







