მთავარი,სიახლეები

დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეებს სცემეს

23.02.2026
დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეებს სცემეს

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

პროკურატურის ცნობით, აჭარის პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით მივლინებულნი იყვნენ აჭარაში.

„ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას, აღნიშნულმა პირებმა ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სამი მოქალაქე მიიყვანეს, რა დროსაც გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც არსებითად დაარღვიეს ფიზიკური პირების უფლებები და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

სამივე ბრალდებული 2026 წლის 23 თებერვალს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ – წერს პროკურატურა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: