ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #50-ში, ორსართულიან შენობაში, სადაც მსხვილი სამშენებლო კომპანია „ორბის“ ოფისი მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების პარალელურად შენობის ფასადზე შავი მილი გაჩნდა, რაც, პრაქტიკულად, ფასადს აზიანებს, თუმცა კომპანია ამბობს, რომ ფასადი არ გაუხვრეტია და აქ მილი ადრეც გადიოდა.

ბათუმი, მემედ აბაშიძის #50

ფოტო: „ბათუმელები“
შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს, ძეგლის ხელყოფა ან დაზიანება დანაშაულია.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, შენობის ფასადზე მიმდინარე სამუშაოები უნებართვოა, რასაც უარყოფს „ორბის“ წარმომადგენელი. ის „ბათუმელებთან“ ასევე აცხადებს, რომ კომპანიას ფასადი არ გაუხვრეტია და იგივე ადგილას გამათბობლის მილი ადრეც გადიოდა.
„ნებართვა არის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გაცემული აქვს. ეგ ნახვრეტი ადრეც იყო. როგორ არ გინახავთ, არ არსებობს, სამი კარმა იდგა“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში გელა მახარაძემ, „ორბის“ წარმომადგენელმა.
მისივე მტკიცებით, ძველი მილი ფასადის რეაბილიტაციის გამო მოხსნეს და ის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება:
„გაუკეთდება ე.წ. ქუდი, რომ არ ჩანდეს ცუდად. ჯერ ახალდაყენებულია, მოიხსნა რეაბილიტაციის დროს, დასრულდა რეაბილიტაცია, დაბრუნდა თავის ადგილზე და როცა გაშრება გავუკეთებთ ე.წ. ქუდს, მილი არ გამოჩნდება. როგორც იყო, იმავე მდგომარეობაში დაბრუნდება. ეგ ახალგახვრეტილი არ არის. დალპა ყველაფერი და გავაკეთეთ, გავაკეთილშობილეთ, შიგნითაც, მათ შორის. არ ვიცი რატომ ამბობს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომ უნებართვოა. ნებართვა არის“.
ძველი ფოტოების მიხედვით მილი იგივე ადგილზე, სავარაუდოდ, მართლაც გადიოდა, ოღონდ არა იმ მასშტაბის, რაც ახლაა.

ფოტო გადაღებულია ფასადის რეაბილიტაციის დაწყებამდე – დააკვირდით შუაში მდებარე ფანჯრის ქვედა ნაწილს.
„ბათუმელებს“ ამ საკითხზე მუშაობისას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განმეორებით დაუკავშირდა. სააგენტოდან განგვიმარტეს, რომ კომპანია გააფრთხილეს და ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა მოსთხოვეს.

ფოტო: „ბათუმელები“
სახლი მემედ აბაშიძის #50-ში XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. შენობა თავდაპირველად ერთსართულიანი იყო. წყაროების მიხედვით, შენობა ე.წ. გასაქირავებელ სახლს წარმოადგენდა.
სპეციალისტების დახასიათებით, სახლი XX საუკუნის ბათუმური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურის კარგი ნიმუშია. შენობის სამშენებლო მასალად ქვა და აგურია გამოყენებული. შელესილი და შეღებილი ფასადები სწორკუთხა ღიობების რიგით არის დანაწევრებული. დეკორატიული ელემენტები – ფრონტონები, სანდრიკები, საჭექი ქვები და პილასტრები რენესანსულ-ბაროკოული ეკლექტიზმიდან არის ნასესხები. შენობა საინტერესოა როგორც ქალაქგეგმარებითი, ისე არქიტექტურული თვალსაზრისით.






