აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად გოჩა გაბრუშიძე დანიშნეს, მანამდე ის ამ ორგანიზაციაში იურისტად მუშაობდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის ბრძანების მიხედვით, გოჩა გაბრუშიძის ხელფასი 8000 ლარი იქნება.
აჭარის პროექტების მართვის კომპანია აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაქვემდებარებაში მუშაობს და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო-სამშენებლო პროექტების შესყიდვა- განხორციელებაზე მუშაობს.
დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბაქარ ჩიტაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა – ის ბათუმის მერიაში გადავიდა სამუშაოდ.
ჩიტაიამ ბათუმის მერიის ერთ-ერთი ყველზე მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაცია, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ჩაიბარა. ეს თანამდებობა აკაკი ბერიძემ დატოვა გასულ წელს, თუმცა ამ დრომდე დირექტორის მოვალეობას მოადგილე ასრულებდა.
ამავე დროს, ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. კანონის შესაბამისად, რიგ თანამდებობებზე მერიას კონკურსის გამოცხადება მოუწევს, რიგ თანამდებობაზე კი მერი თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს ხელმძღვანელებს.
რამდენიმე მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელების შეცვლის შესახებ გასულ კვირას გავიგეთ.
მერს ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს ახალი ვიცე-მერი, ეს თანამდებობა ბათუმის მერიაში ვაკანტურია.
ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ რეორგანიზაცია 9 იანვარს გამოაცხადა.
_______________
ფოტოზე: ბაქარ ჩიტაია, გოჩა გაბრუშიძე






