მთავარი,სიახლეები

ფოთის სკოლიდან გაშვებულ მასწავლებელს ადვოკატის ყოლის უფლება არ მისცეს

15.01.2026
ფოთის სკოლიდან გაშვებულ მასწავლებელს ადვოკატის ყოლის უფლება არ მისცეს

ფოთში გათავისუფლებულ მასწავლებელს, იგორ კეკელიას მე-15 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 15 იანვარს უთხრა, რომ მას ადვოკატის ყოლის უფლებაც არ აქვს. მასწავლებელი სკოლის დირექტორის ბრძანებას მის გათავისუფლებაზე უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლომდე ბრძანებას თავად სკოლის სამეურვეო საბჭოში ასაჩივრებს.

„სხდომის პირდაპირ მონაწილეობაში პროფესიული იურიდიული წარმომადგენლის [ადვოკატის] დაშვება არ არის გათვალისწინებული“, – აღნიშნულია სამეურვეო საბჭოს წერილში, რომელიც სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა, იგორ კეკელიამ მიიღო. ამავე წერილში წერია, რომ „სამეურვეო საბჭოს სხდომის სრული ვიდეო/აუდიო ჩაწერა არ განხორციელდება“.

სამეურვეო საბჭო წერილში აღნიშნავს, რომ „სამეურვეო საბჭოს სხდომა წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოში შიდა განხილვას და არ წარმოადგენს სასამართლო, ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოების ფორმას“.

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი განმარტავს, რომ ეს მორიგი უკანონობაა ფოთის მე-15 სკოლის მხრიდან, რადგან „როგორც ინდივიდს, სადაც გაქვს პროცესში მონაწილეობის უფლება, იქ ადვოკატის ყოფილს უფლებაც ავტომატურად გაქვს“.

„რა აქვს დასამალი სკოლას? როდემდე უნდა დაემატოს უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს სხვადასხვა უკანონო გადაწყვეტილება?

გარდა ამისა, დღემდე ვითხოვთ მოგვაწოდონ იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც საჩივარს განიხილავენ – ანუ კომისიის წევრთა ვინაობა. შესაძლოა ვინმე დაინტერესებულია საქმით? მომჩივნის ახლობელია? შესაძლოა რომელიმე წევრის მიმართ აცილების საფუძველი არსებობდეს? არა, საბჭოს წევრთა ვინაობა საიდუმლოაო, ასეთია პასუხი,“ – ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

  • რა ხდება?

საუბარია ფოთში მომხდარ შემთხვევაზე: მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელს, იგორ კეკელიას, 2025 წლის დეკემბერში პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრი სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დაწყებულია და დღემდე გრძელდება, თუმცა ამ საქმის გამო არავინ დაუსჯიათ.

გამომძიებლები მასწავლებელს ეუბნებიან, რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრი გაქრა და მათაც არ უნახავთ. სამაგიეროდ, სკოლაში უთხრეს მასწავლებელს, „ღირსება თუ გაქვს, სკოლა უნდა დატოვოო“.

სკოლის დირექტორს, ნანა საბულუას მიუღია გადაწყვეტილება მასწავლებლის გათავისუფლებაზე იმ არგუმენტით, რომ იგორ კეკელიამ მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა დანაშაულია, პროკურატურას კი, ამ საქმეში იგორ კეკელიას მხრიდან მოსწავლეზე ძალადობა, ან სხვა დანაშაულის ჩადენა არ დაუდგენია.

ნანა საბულუა სკოლის დირექტორია და ასევე ფოთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. იგორ კეკელია კი, მასწავლებელი, ვინც ფოთში ღიად გამოხატა პროტესტი „ოცნების“ რეჟიმის მიმართ.

2024 წლის ნოემბერში იგორ კეკელია ფოთში ორ კოლეგასთან ერთად ასეთი ტრანსპარანტით გამოჩნდა: „რა ვასწავლო ბავშვებს? საქართველოს მომავალი რუსეთშია?“ 

__

ამ თემაზე:

დირექტორი კადრების გავრცელების შემდეგ პედაგოგის გათავისუფლებაზე – „ეგ დელიკატური საკითხია“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: