პროკურატურამ ბაჩანა [ბაჩო] ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურა ბაჩო ახალიას ბრალს დებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ვერსიით:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს.
პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს. ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათივე განცხადებებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.
პროკურატურა დაკავებული ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ – წერს პროკურატურა.
- რა ხდება?
ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, ბაჩო ახალაია, რომელმაც „ქართული ოცნების“ პირობებში 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს. „ოცნება“ მას 4 ოქტომბრის მოვლენების „მთავარ ორგანიზატორად“ მოიაზრებს.
სუს-ის ბრიფინგის თანახმად, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის პროცესების ორგანიზატორებად მიიჩნევს: პაატა მანჯგალაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა ბურჭულაძეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ ეს კონტაქტი ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა იმ მომენტებში, როდესაც მომიტინგეებს სცენიდან გააცნეს პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებული გეგმა, ასევე – სასახლესთან მიმდინარე პროცესების დროსაც.
რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამ კავშირების შინაარსის შესახებ დღეს არაფერი უთქვამს.
სუს-მა ასევე დააკავა ახალიას ცოლი ანი ნადარეიშვილიც, თუმცა გაათავისუფლეს და მის მიმართ სამართლებრივ დევნას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აპირებენ.
ბაჩო ახალიამ, არსებული ინფორმაციით, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
ამავე თემაზე:






