სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საიას თანამშრომლებს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იბარებს.
BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სუსში გამოკითხვაზე დაბარებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და 1 თანამშრომელი.
საია აცხადებს, რომ მისი თანამშრომლები მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან.
„ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს.
ფილმში საიამ ისაუბრა 2024 წლის მასობრივი პროტესტების დროს აქციის მონაწილეების წამების და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა სისტემურ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, სადაც ათეულობით დაზარალებულის შემთხვევაა აღწერილი.
ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომია და საია ამ საკითხებზე ღიად საუბრობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საიას თანამშრომლების მოწმის სტატუსით დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა, რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ.
სუს-ის მიერ ამ საქმის ფარგლებში გამოყენებული ფორმულირება – „სახელმწიფო ინტერესების დაზიანების“ კვალიფიკაციის შესახებ განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ.
მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს. გამოძიებას საიას თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამოვლენას, დოკუმენტირებას და საზოგადოების ინფორმირებას,“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.
პირველ დეკემბერს ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ბიბისის მასალის გამოქვეყნების შემდეგ სუს-ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: სსკ-ს 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი მოქალაქე, რომლებიც დარბევებისას მიღებულ დაზიანებაზე საჯაროდ საუბრობენ. მათ შორის, ექიმი ძმები კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები, ექიმი გელა ღუნაშვილი, იმ კვლევის თანაავტორები, რომელიც BBC-ის მასალაშია ნახსენები.
ამავე თემაზე:
BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს






