28 ნოემბერს, დილით, ჩხრეკა ჩატარდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის რეზიდენციაში – ამის შესახებ დილიდანვე ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გაავრცელა.
ანრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს САП-მა, უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (ნაბუ). უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჩხრეკა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს და მოგვიანებით გაავრცელებენ მეტ ინფორმაციას.
„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ მათმა კორესპონდენტებმა შეძლეს გადაეღოთ, თუ როგორ შევიდა საგამოძიებო უწყებების დაახლოებით 10 თანამშრომელი ერმაკის რეზიდენციაში.
ჩხრეკის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თავად ანდრეი ერმაკმაც. მისი თქმით, გამომძიებლებს დაბრკოლება არ შეჰქმნიათ და მათ ბინაზე სრული წვდომის უფლება მისცა.
„ჩემი ადვოკატები ადგილზე იმყოფებიან და სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ“, – დაწერა ერმაკმა, თუმცა არ აზუსტებს, თავად იმყოფება თუ არა ჩხრეკის ადგილას.
უცნობია, რამდენად უკავშირდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ადმინისტრაციის უფროსისი სახლში მიმდინარე ჩხრეკა კორუფციულ სკანდალს.
საქმე ისაა, რომ ახლახან უკრაინაში დაიწყო კორუფციული სკანდალი, რომლის ცენტრალური ფიგურა, ტიმურ მინდიჩი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძველი მეგობარი და ყოფილი ბიზნესპარტნიორია. მედიის თანახმად, მინდიჩმა ქვეყნიდან გასვლა მოახერხა, საანამ პოლიცია მის სახლს გაჩხრეკდა.
ბრალდების თანახმად, მინდიჩი და სხვა ბრალდებულები ენერგოკონტრაქტებიდან მილიონობით დოლარის ქრთამს ითხოვდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, კორუფციულ სკანდალიში, ანუ „მინდიჩის ჩანაწერებში“, კოდური სახელით „ალი-ბაბა“ ფიგურირებს ანდრეი ერმაკიც.
აქამდე „ალი-ბაბას“ არსებობის შესახებ ისაუბრა სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ კლიმენკომაც. მან განაცხადა, რომ „ალი-ბაბა“ გასცემდა განკარგულებებს ნაბუს დეტექტივების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (ნაბუ) მონაცემებით, ამ ჩანაწერებში დაფიქსირებულია „ენერგოატომში“ 100 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციული გარიგებები.
ანდრეი ერმაკს ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
__________
მოამზადა თორნიკე ბასარიამ.






