მშენებელი კომპანია ახალი პროექტის მაქსიმალურ სიმაღლეზე [კ2] თანხმობის სანაცვლოდ ბათუმის მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს. კომპანია სკვერის აშენებას გეგმავს მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე თავისი სხვა კომპანიის სამშენებლო პროექტის წინ მდებარეობს.
მერია თანახმაა, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს.
„მიეცეს დადებითი რეკომენდაცია შპს „ბათომი დეველოპმენტი“-ს მუნიციპალურ მიზნობრივ პროგრამაში ჩართვასა და მის ფარგლებში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობაზე“, – ვკითხულობთ განკარგულების პროექტში, რომელიც მერიამ დასამტკიცებლად უკვე მოამზადა.
შპს „ბათომი დეველოპმენტი“ ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მრავალბინიანი, 26 სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, შენობის სიმაღლე 80 მეტრი იქნება. ამისთვის კომპანიას პროექტის განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა სჭირდება 16.0-მდე.

მონიშნულია ადგილი, რომლის ათვისებასაც კომპანია მშენებლობისთვის გეგმავს
სანაცვლოდ მერიას ნამატი ფართობის 10 პროცენტს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, ბაგრატიონის #127-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობას ჰპირდება.

წითელი ფერით მონიშნულია ადგილი, სადაც კომპანია მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს, მწვანე ფერით მონიშნულია „ნევ ბათ ჯგუფის“ მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია ასევე მრავალბინიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს.
ზუსტად იმ ნაკვეთის მომიჯნავედ, სადაც კომპანიამ მერიას სკვერის მოწყობა შესთავაზა, შპს „ბათომი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი მესაკუთრის ზურაბ დუმბაძის სხვა კომპანია „ნევ ბათ ჯგუფი“ 20-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.

რენდერი
შპს „ბათომი დეველოპმენტი“ 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანიაა და მის წილებს ზურაბ დუმბაძე [41%] , მანუჩარ ქამადაძე [49%] და ლია აშბა[10%] ინაწილებენ. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ზურაბ დუმბაძე ამავდროულად „ნევ ბათ ჯგუფის“ 50%-ის მფლობელია, დარჩენილ 50 პროცენტს კი ზებურ დუმბაძე ფლობს.
ბათუმში სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965 000 ათასი ლარი მიიღო, ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრ მშენებლობას ითვალისწინებს.
ამ თემაზე:
ძმებმა ზურაბ და ზებურ დუმბაძეებმა და მათმა პარტნიორებმა „ოცნებას“ 1 მლნ შესწირეს – კვლევა






