პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს.
„ვფიქრობ, უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“ – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენისას.
დღევანდელ პროცესზე პროკურორები საბოლოო სიტყვას ამბობენ. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ასევე სარჩელი შეტანილი აქვთ მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის განხილვა 18 ნოემბერს დასრულდება სააპელაციო სასამართლოში.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმარია. მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
ამავე თემაზე:
პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეითი” ვერ იპოვა – ექსპერტიზის დასკვნა





