„პროტესტის მთავარი ძალა, რაც რეჟიმს აშინებს, არის ის, რომ უწყვეტი და არაძალადობრივია. ამ პროტესტის დამსახურებაა, რომ რეჟიმი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. სანქციების ქვეშ არიან ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ივანიშვილმა მოიშორა“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე, ბათუმის აქციების მონაწილე.
300 დღეზე მეტია, რაც გოჩა მჟავანაძის დღე საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე სრულდება:
„დილით მოვდივარ სამსახურში, საღამოს- საკონსტიტუციო სასამართლოსთან. 300 დღეზე მეტია ასეთია ჩვენი დღეები“ – ამბობს გოჩა.
როცა სახლში აგვიანებს, ხან მამა ეხმიანება, ხან დედა ურეკავს. ღელავენ, აქციაზე ვითარება არ დაიძაბოს და აქციის მონაწილეებს არაფერი დაემუქროთ.

საპროტესტო მარშზე ბათუმის ქუჩაებში – ედო მჟავანაძის ფოტო

გოჩა მჟავანაძე აქციაზე ფოტო: ედო მჟავანაძე
გოჩა მჟავანაძე პროფესიით ეკონომისტია, მონაცემთა შესწავლა და ანალიზი მისი საყვარელი საქმეა, ამიტომაც სიამოვნებით დასთანხმდა, როცა სწორედ ამ საქმის კეთება შესთავაზეს. ამბობს, რომ ეს შეთავაზება მისთვის სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზუსტად მაშინ მოხდა, როცა „დათრგუნული და უარყოფილი იყო“.
გოჩა ხელვაჩაურის მერიაში ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა, მიზეზი არ აუხსნიათ, თუმცა მისთვის ცხადი იყო, რომ მმართველმა პარტიამ მისი მოშორება განსხვავებული შეხედულებების გამო გადაწყვიტა. იგი ჯერ დააკავეს.
„დამაკავეს, რომ შემშინებოდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა და მიანიშნა, რომ ხელვაჩაურის მოქმედი მერი – ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია.
ბრალის დამტკიცება ვერ შეძლეს, ამიტომაც გადაწყვიტეს პირდაპირ დაეთხოვათ. ადმინისტრაციული დაკავებიდან რამდენიმე დღეში – 2022 წლის 19 მაისს გოჩა მჟავანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.
როცა სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო, დახმარებისთვის ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიმართა. ამ ორგანიზაციაში კარგად დაინახეს გოჩას შესაძლებლობები, კეთილსინდისიერება და ცოდნა, ამიტომაც შესთავაზეს სამსახური, რასაც სიამოვნებით დასთანხმდა.
გოჩა საკუთარ თავზე ბევრს არ საუბრობს. ყველა ამბავი, რაზეც ვეკითხებით, პროტესტს უკავშირდება და ყველა ამბავი, რასაც ის გვიყვება, პოლიტპატიმრებთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესსა და მის მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული.
„ყოველ საღამოს აქციაზე უნდა ვიდგეთ ბათუმში, თბილისში ან ნებისმიერ სხვა ადგილას და ჩვენი ხმა გავაგონოთ რეჟიმს. ეს ჩვენი ცხოვრების წესად იქცა, აქციის აქტიურ მონაწილეების, ვინც ყოველდღიურად დავდივართ, 300 დღეზე მეტია თითოეული დღე ასე გვაქვს დაგეგმილი“ – ამბობს გოჩა.
იგი ამბობს, რომ ასე იქნება ვიდრე ამ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს:
„როლები შეიძლებოდა შეცვლილიყო, ციხეში ჩვენ ვყოფილიყავით, ვინც აქტიურადაა ჩართული პროტესტში. თუ შენ ციხეში ხვდები და ქუჩაში პროტესტი წყდება, ანუ შენი თანამებრძოლი ნებდება, ეს მორალურად დიდი დარტყმაა.
ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის დიდი დარტყმა იქნება პროტესტის შეწყვეტა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ერთი დღეც არ გამოვტოვო. 60-ზე მეტი პოლიტპატიმარია ციხეში, მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება, მათ გათავისუფლებამდე, ტყვეობიდან დახსნამდე ფიზიკურად ვერ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ ამ ბრძოლას მოვწყდე და წავიდე და ჩემი პირადი საქმით დავკავდე“.
გოჩა მათ შორის არის, ვისაც სჯერა, რომ აქციები საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით დასრულდება.
„ძალას მაძლევს იმედი და მოლოდინი, რომ რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება და საქართველოს მოქალაქეები გავიმარჯვებთ“ – ამბობს გოჩა.
ბოლო დღეებში ბათუმის აქციებზე ხშირად საუბრობენ, რომ საჭიროა სტრატეგიის შეცვლა, რომ ბრძოლა უფრო მრავალმხრივი და ეფექტური გახდეს. აქციის მონაწილეების უკმაყოფილება ოპოზიციურ პარტიებსაც მიემართება.
ამ თემაზე საუბრისას გოჩა ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება მათთან, ვინც არჩევნებს ბოიკოტი არ გამოუცხადა:
„ყველა უნდა ჩაერთოს ამ დიდ ბრძოლაში და თავისი აგური დადოს. დიდ პატივს ვცემ იმ პარტიების წარმომადგენლებს, ვინც ამ პროტესტის აქტიური მონაწილე იყო, პატივს ვცემ ერთად გავლილ პერიოდს, მაგრამ მათ აირჩიეს სხვა გზა და ჩაერთნენ ე.წ. საარჩევნო მარათონში, რომელსაც არჩევნებთან რეალურად არაფერი საერთო აქვს.
იმ ხალხთან ერთად ახალ სტრატეგიებზე მუშაობა ჩემთვის წარმოუდგენელია და არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ მონაწილეობას ამაში, რაც არ უნდა გეგმა -სტრატეგია შეიმუშაონ და ახალ ეტაპზე გადავიდნენ. მათ მიატოვეს ბრძოლის ველი და სხვა გზაზე გადავიდნენ, მათ შორის, ბევრი მათგანი თავადაც არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას“ – ამბობს გოჩა.
იგი მიიჩნევს, რომ ორი ოპოზიციური პარტიის, „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებამ არჩევნებში მონაწილეობაზე, პროტესტი დააზიანა:
„ბევრი, ვინც ემხრობოდა ბოიკოტის რეჟიმს და ქუჩის პროტესტის გაგრძელებას, ამაზე საუბრობდა აქტიურად და სხვებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას განიხილავდა ეხუმრებოდა მეგობრულად, რა დროს არჩევნებიაო. გავიდა რამდენიმე დღე, პარტიის ლიდერმა დააანონსა არჩევნებში შევდივართო და ეს ხალხი აღმოჩნდა იმ ფლანგზე, არჩევნების გზით უნდა დავამარცხოთ რეჟიმიო“ – იხსენებს გოჩა.
იგი „შეცდომაში გაჯიუტებულებს“ უწოდებს მათ ვინც, არ აღიარებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეცდომა იყო:
„შეცდომაში გაჯიუტებულები არიან და სხვა მესამე პირებს აბრალებენ თავისი შეცდომის შედეგად მიღებულ სიტუაციას. ობიექტურად არ მიმაჩნია მათი თითის გაშვერა მესამე პირებისკენ. 25-კაციან საკრებულოში თითო მანდატს რომ მიიღებ, მაშინ როცა გამოგლეჯაზე გაქვს ამბიცია, კატასტროფული შედეგია. ხალხს ეს დაკვეთა არ ჰქონდა, რაც შედეგზეც აისახა“.
გოჩა ამბობს, რომ 4 ოქტომბრის პროტესტში მონაწილე ადამიანების რაოდენობამ დაანახა, რომ ქუჩის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. გვითხრა ისიც, რომ იმ დღეს ხალხი რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტისთვის იყო მზად და არავითარი ძალადობა და შეჭრა მათ გეგმებში არ ყოფილა:
„მინიმუმ 100 000 ადამიანი იყო ქუჩაში და აფიქსირებდა, რომ ბრძოლას აგრძელებენ, რომ არ აღიარებენ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რეჟიმთან დანებებას და შეგუებას არ აპირებენ და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხალხის რაოდენობამ და ე.წ. არჩევნებში დაფიქსირებულმა აქტივობამ ნათლად დამანახა, რომ არჩევნებს არაფერი საერთო არ ჰქონდა რეალურ არჩევნებთან. ეს იყო პოლიტიკოსები მცდარი გადაწყვეტილებების შედეგი“.
გოჩას, როგორც 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეს, ვკითხეთ, რამდენად მოსალოდნელი იყო მისთვის, როგორც პროტესტის ერთი მონაწილისთვის, თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენები. მან გვითხრა, რომ მისთვის გამაოგნებელიც კი იყო მოწოდება, რაც მოისმინა:
„რაც შეეხება ათონელის რეზიდენციაზე მოწოდებას, რომ გასაღებს ჩააბარებდა ვიღაც, არასერიოზული იყო ეგ გადაწყვეტილება. ასევე მანიფესტის შინაარსი, რაც მოვისმინე, გაოგნებული ვიყავი. ვფიქრობ, სპონტანურად მიიღეს რაღაც გადაწყვეტილებები. იქ ინფორმაციის გავრცელების პრობლემაც იყო, არ ისმოდა.
მე ვიყავი გასული პროტესტის და არჩევნების ბოიკოტის დასაფიქსირებლად. იმ ხალხის დასანახად, ვინ ვართ, ვინც ვიბრძვით და რამდენი ვართ. ხალხის რაოდენობამ გამაძლიერა და დამარწმუნა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოთმინება უნდა ვიქონიოთ, პრინციპულობა უნდა შევინარჩუნოთ და სწორ გზაზე მივდივართ. ვფიქრობ გამარჯვება არც ისე შორსაა“.
გოჩას თქმით, 4 ოქტომბრის აქციებზე მყოფები უფრო რამდენიმედღიანი პროტესტის გამოცხადებას ელოდნენ:
„ხალხს გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჰქონდა თან, რომ ღამე გაეთია.მრავალდღიანი პროტესტის მოლოდინი ჰქონდათ.
რა მოწოდებაც გაკეთდა, ამისთვის ხალხი არ იყო მზად და ეს ფაქტებითაც დადასტურდა – ხალხი რუსთაველზე დარჩა და გააგრძელა პროტესტი, რომლითაც, ცივილიზებულ სამყაროს, ყველას, შიგნითაც, გარეთაც, ყველა აქტორს უთხრა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის მონაწილეები და და რაც არ უნდა ავტორიტეტმა, ორგანიზატორმა ჩვენთვის მიუღებელი მოწოდება, განაცხადი, გეგმა შეიმუშაოს, ჩვენ ამ გეგმის განხორციელებაში და შესრულებაში მონაწილეობას არ მივიღებთ.
ეს დავინახე მე“.

გოჩა მჟავანაძე აქციაზე. ფოტო: ედო მჟავანაძე






