დღეს, საღამოს, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ეზოში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც სპეცრაზმი გამოჩნდა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა და აქციის მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლი გაუშვეს.
ორბელიანების სასახლესთან ვითარება დაძაბულია, ისმის შეძახილები: „რუსებო, რუსებო!“ გარდა ამისა ისმის სროლის ხმა, სავარაუდოდ, სპეცრაზმი ისვრის ცრემლსადენ გაზს.
როგორც ჟურნალისტები ადგილიდან გვატყობინებენ, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. ვითარება ორბელიანების სასახლესთან დაძაბულია.
დღეს, 4 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.
პაატა ბურჭულაძემ „ეროვნული კრების დეკლარაცია“ წაიკითხა. მან ხალხს დეკლარაციის კონკრეტული პუნქტების მხარდაჭერა სთხოვა.
„ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს. ე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრებაზე დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას“ – განაცხადა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძემ ასევე დაასახელა „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი, მათ შორის: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ კრება მოითხოვს მათ დატყვევებას. მან ასევე განაცხადა, რომ შსს ვალდებულია დადგეს ხალხის მხარეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ „დღეს მოქმედებას დაიწყებს მამაკაცური ძალა“, ჩაიბარებენ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეების პრეზიდენტის სასახლისკენ, ათონელის რეზიდენციისკენ დაიძრნენ და ჯებირები მოანგრიეს, პოლიციამ კი წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო.
სიტუაცია ამ დრომდე [19:40 სთ] უკიდურესად დაძაბულია.
ნახეთ, „ნეტგაზეთის“ პირდაპირი ჩართვა:






