მთავარი,სიახლეები

ბსუ პირველკურსელებს 150-ნაჭრიან ტორტზე რესტორანში ეპატიჟება

21.09.2025
ბსუ პირველკურსელებს 150-ნაჭრიან ტორტზე რესტორანში ეპატიჟება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ბსუ-ს პირველკურსელთა დახვედრის ღონისძიების მომსახურების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 18 850 ლარია.

მიმწოდებელი ვალდებული იქნება ბათუმში, ბსუ-ს მიერ შერჩეულ დროსა და სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ადგილას უზრუნველყოს მომსახურების გაწევა, კერძოდ:

„1500 ადამიანზე გათვლილი სივრცის უზრუნველყოფა; სარესტორნო სივრცე; მდებარეობა სანაპიროს პირველი ან მეორე ზოლი; აუცილებელია სივრცეს გააჩნდეს მოქმედი სამზარეულო და ბარი, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოთხოვნის მიხედვით შეუკვეთონ მათთვის სასურველი ქართული თუ ევროპული კერძები;

სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალითა [მიმტანი] და დაცვის თანამშრომლით. არანაკლებ 10 დაცვის თანამშრომლისა. აღჭურვილი სასცენო გახმოვანებისა და განათების სისტემით, მოსასვენებელი სივრცით, მაგიდა სკამებითა და სხვა საჭირო ინვენტარით.

ღონისძიების ტერიტორიაზე დაუშვებელია სხვა არამონაწილე პირის დაშვება.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ასევე ადგილობრივი, პოპულარული DJ-ის მოწვევა, შემსყიდველთან შეთანხმებით; შესაბამისი დიჯეი აპარატურით დეკების და მაგიდის უზრუნველყოფა;

ასევე, 1 500 ადამიანზე გათვლილი ქეითერინგით უზრუნველყოფა. მენიუ: წყალი; გამაგრილებელი სასმელები; ტკბილეული; სეზონური ხილი;

150-ნაჭრიანი ტორტი, მარცეპანის ზედაპირით; ზომები: 100X60; ტორტის ზედაპირზე დატანილი უნდა იყოს სიტყვა – WELCOME, ბსუ-ს ლოგო და სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.“

ტენდერის პირობის მიხედვით, „მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა, შემსყიდველის შეკვეთის შესაბამისად.“

ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2025 წლის 26 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება. შესაბამისად, ბსუ-ს შესაძლებლობა აქვს 1 500 კაცი რესტორანში 4 ოქტომბრამდე შეკრიბოს [როცა „ოცნება“ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავს].

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ პირველკურსელთა დახვედრის ღონისძიების ორგანიზება ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 5 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით არის მოთხოვნილი.

სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტი კი, „შესყიდვის დაგეგმვის მიზნით ჩატარებული ბაზრის კვლევისა და ბსუ-ს 2025 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის საფუძველზე“ მომზადდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: