მთავარი,სიახლეები

40 000 ლარი ზვიად ბოლქვაძეს – კიდევ ვის და რამდენს გადაუხდიან  ფესტივალ „განდაგანაზე“

16.09.2025
40 000 ლარი ზვიად ბოლქვაძეს – კიდევ ვის და რამდენს გადაუხდიან  ფესტივალ „განდაგანაზე“

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ფესტივალ „განდაგანაზე“ მოწვეულ ჯგუფებსა და შემსრულებლებს ჯამში ჰონორარის სახით 191 ათას 262 ლარს გადაუხდის.

ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებასა და ჰონორარებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან 735 ათას 342 ლარი დაიხარჯება.

„ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში, 20 და 21 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ [დუმბაძის და მემედ აბაშიძის ქუჩებზე] წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი.

სპეციალურად ამ დღისთვის შემუშავებული საკონცერტო მუსიკალური პროგრამით წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების ქორეოგრაფიული ნომრები, მათ შორის საქართველოში ცნობილი პოპულარული ქართული ნაციონალური ბალეტი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, რომელიც წარმოადგენს ტრადიციულ და ე.წ მოდერნ ბალეტს“ – წერს სააგენტო.

შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილი ინვოისების მიხედვით ბიუჯეტიდან ჰონორარებს მიიღებენ:

ზვიად ბოლქვაძე – 40 000 ლარი

ჯგუფი „ურსა“ – 30 000 ლარი

ანსამბლი „აფხაზეთი“ – 22 000 ლარი

ჯგუფი „გორდელა“ – 17 000 ლარი

„ქართული ხმები“ – 16 162 ლარი

ჯგუფი „ბანი“ – 15 000 ლარი

ჯგუფი „იბერია” – 15 000 ლარი

ჯგუფი „გოგლაურა“ – 10 100 ლარი

ანსამბლი „ნართები“ – 10 000 ლარი

ანსამბლი „ოდა“ – 7 000 ლარი

თეიმურაზ თათარაშვილი – 4 000 ლარი

ჯგუფი TABEMONO – 3 000 ლარი

„ბონა დეა“ – 2 000 ლარი

ჰონორარებს ბიუჯეტიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ექსკლუზიური უფლების ფარგლებში გადაიხდიან.

„ფესტივალი „განდაგანა“ ითვალისწინებს როგორც ქალაქური, ისე ეთნო-მუსიკის შემსრულებლების მონაწილეობას. ღონისძიების კონცეფციიდან გამომდინარე, მხოლოდ გარკვეული ბენდების რეპერტუარი შეესაბამება ღონისძიებას და შესაბამისად მიზანშეწონილია წინასწარ შერჩეული, მაღალი პოპულარობითა და ფართო მსმენელთა აუდიტორიით გამორჩეული ბენდებისა და შემსრულებლების მოწვევა.

ორდღიანი მუსიკალური ფესტივალის პროგრამა შეირჩა ისე, რომ მორგებული ყოფილიყო სხვადასხვა სეგმენტის, ასაკისა და მუსიკალური გემოვნების აუდიტორიას“ – აცხადებს აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.

გარდა ჰონორარებისა, ჯამში 544 080 ლარი დაიხარჯება ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებასა და სხვადასხვა მომსახურებაში, რასაც სააგენტო მის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კერძო კომპანიებს გადაუხდის.

მათ შორის:

95 700 ლარი – შპს „ჯეოვოისი“  – „ევროპის მოედანზე ორი სცენის მოწყობა: რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას სკაფოლდის სისტემებით, სასცენო განათებას, სასცენო ეფექტებს, გახმოვანების აპარატურას, 100 კვტ. სიმძლავრეს, 120 კვ.მ -ის ლედ ეკრანებს, ლაივ ჩართვებს და სატელევიზიო სადგურით მომსახურებას, სასცენო დაცვასა და ე.წ. ბექ სტეიჯის მომსახურების უზრუნველყოფას“.

118 000 ლარი – შპს კრეატივ-ჯგუფი – „დეკორაციული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე სივრცითი დეკორაციების, ინსტალაციების, კვების ზონების, ეთნო კუთხეების, თაღებისა და საშემოდგომო თემატიკაზე გარემოს მოწყობას“.

129 980 ლარი – შპს „მარკა“ – „ეთნო-სივრცის შექმნა, რომელიც ვიზუალურად და შინაარსობრივად ასახავს აჭარული კულტურის, ყოფისა და ტრადიციების უნიკალურობასა და ასევე, არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას“.

91 000 ლარი – შპს „ჩვენი თეატრი“ – „თეატრალური წარმოდგენებისა და ქუჩაში კოსტუმირებული მსვლელობების ორგანიზება – 20 მონაწილისგან შემდგარ მოსიარულე ორკესტრის შოუს, თემატურ სამოსში გამოწყობილ სხვადასხვა პერსონაჟების მსვლელობებს, გიგანტურ თოჯინებისა და ძელზე მდგარი აკრობატების შოუს, შემეცნებითი ზონა სადაც წარმოდგენილი იქნება კერამიკის ნივთების მოხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, თოჯინების თეატრი და სხვადასხვა საბავშვო აქტივობები“.

109 400 ლარი – შპს „კრეატივ ჯგუფი“ – „კულინარიული მოგზაურობის“ ზონაში აჭარული კერძების სადემონსტრაციო სივრცის მოწყობა, რომელიც მოიცავს კვების ჯიხურების და მასთან დაკავშირებული სრული ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას, კვებისა და კულინარიული მასტერკლასებისთვის თემატური და დეკორაციული სივრცის მოწყობას და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ორგანიზებას“.

____________

ფოტოზე: ფესტივალი „განდაგანა 2024“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: