ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთების პროექტის განხორციელების მიზნით, სააქციო საზოგადოება „პოლიგრაფისტს“ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ. დოკუმენტებში წერია, რომ მერია და კერძო მესაკუთრე ვერ შეთანხმდნენ.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელებას [გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთით] და მის შეერთებას ფიროსმანის ქუჩასთან, ჯავახიშვილის ქუჩის გადაკვეთით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 20 აგვისტოს ბრძანებით, პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონედ და ბათუმის მერიას მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება – „პროექტის არეალში მოქცეულ სს „პოლიგრაფისტის“ საკუთრებაში არსებულ 585 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 135.37 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაზე“.
ამავე ბრძანების მიხედვით, „პროექტიდან გამომდინარე, სამი ერთეული უძრავი ქონების [მიწის ნაკვეთების] მესაკუთრეებთან მიღწეულია შეთანხმება და დასრულდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპენსაციის საკითხი, ხოლო მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, სს ,,პოლიგრაფისტის“ ქონებასთან დაკავშირებით“.

ნახაზი ზემოთ: ფარნავაზ მეფის ქუჩის გაგრძელება ფიროსმანის ქუჩამდე / გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთი / ფოტო მერიის დოკუმენტებიდან. ფოტო ქვემოთ: ყვითელი ფერით მონიშნულია „პოლიგრაფისტის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი, რომლის ნაწილი [300 კვ.მ] საპროექტო არეალშია მოქცეული
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან…
თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
შესაძლებელია ასევე მინისტრის ბრძანების გასაჩივრებაც „მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“.
ბრძანება 2025 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელების [შეერთების] პროექტისთვის ბათუმის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში 572 ათას 159 ლარი აქვს გათვალისწინებული.
ამ ქუჩების შეერთებას ბათუმის მერია 2023 წლიდან გეგმავს.
ვრცლად: ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანამდე გაგრძელდება – ექსპროპრიაციით ან შეთანხმებით მესაკუთრეებთან
იმავე 2023 წელს ბათუმის ბიუჯეტში 6,4 მილიონი ლარი გაითვალისწინეს იმ კერძო საკუთრების გამოსასყიდად, რომელიც ფარნავაზ მეფისა და ინასარიძის ქუჩების გაგრძელებისთვის, ასევე ადლიისა და კაჩინსკების ქუჩების დასაკავშირებლად იყო საჭირო.
ამ თემაზე:
შეთანხმება ან ექსპროპრიაცია – 6 მილიონი კომპენსაციისთვის ბათუმში ქუჩების გასაგრძელებლად





