საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2024 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით დღეს, 2025 წლის 26 აგვისტოს დამატებითი მონაცემები გაავრცელა, სადაც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებია გამიჯნული.
საქსტატის მონაცემებით, საყოველთაო აღწერით აღრიცხული მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი, ანუ 3 მილიონ 657 ათასი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტი, ანუ 257 ათასი ადამიანი – ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ მთლიანობაში [უცხოელების ჩათვლით] 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი [53 პროცენტი] ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი [47 პროცენტი] – კაცი.
„საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში“, – აცხადებს საქსტატი.
საქსტატის განცხადებით „ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს საფუძველზე… აღწერის დეტალური [საბოლოო] შედეგები კი გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.
აღწერის წინასწარი შედეგები პირველად 2025 წლის 25 ივნისს გამოქვეყნდა. „საქსტატი გამოხატავს მზადყოფნას, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, მონაცემთა დამუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა საქსტატმა დღეს, 2025 წლის 26 აგვისტოს.
„საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად [აღწერის კრიტიკული მომენტი] განისაზღვრა 2024 წლის 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია“, – აღნიშნულია საქსტატის განცხადებაში.
ამ თემაზე:
როგორ გაიზარდა 200 ათასით მოსახლეობა, როცა ხალხი ემიგრაციაში მიდის?






