მთავარი,სიახლეები

ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის – თინა ბოკუჩავა

13.08.2025
ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის – თინა ბოკუჩავა

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაც ყველაზე თვალსაჩინო დასტურია იმის, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა, კეთილდღეობა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სამუშაო ადგილები, ინვესტიცია, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას, დასავლეთს შეუძლია, რომელსაც ებრძვის ივანიშვილი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა.

როგორ მუშაობს ოპოზიცია ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და რას გეგმავს ამ საფრთხის დასაძლევად. „ბათუმელებმა“ თინა ბოკუჩავასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო თინათინ, როგორც ვიცით, აგვისტოს ბოლოს შესაძლოა ევროკავშირმა დაიწყოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი, „ოცნება“ არაფერს აკეთებს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად. რისი გაკეთება შეუძლია ოპოზიციას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. გაქვთ თუ რა კომუნიკაცია ევროპარლამენტთან და თუ ახერხებთ მუშაობას, ეს საფრთხე რომ აიცილოს საქართველომ?

ამ ფაქტის წინაშე ქვეყანა დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა, თავისი მოქმედებებით, ანტიდემოკრატიული სვლით, პრორუსული პოზიციონირებით, ღიად ანტიდასავლური რიტორიკით და მუდმივი თავდასხმით ევროკავშირზე.

მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ცალკეული ევროპელი ლიდერის გაფრთხილებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არ მოხდებოდა ამ ანტიდასავლური, პრორუსული პოლიტიკის რევერსირება, მათ მოუწევდათ არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე რეაგირება, არამედ ქმედით ნაბიჯებზე გადასვლა. ამ ქმედით ნაბიჯებში მოიაზრებოდა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ზომა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ეს გაფრთხილებები იყო საჯარო. მაგალითად, დონალდ ტუსკის, ასევე სხვა ევროპელი ლიდერების მხრიდან იყო ასეთი გაფრთხილებები, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმმა ყურად არ იღო, გააგრძელა ანტიდასავლური პოლიტიკა და რეპრესიები საკუთარი ხალხის მიმართ, რამაც დაგვაყენა ამ ფაქტის წინაშე.

იმის მოლოდინი, რომ ივანიშვილი ამ ეტაპზე მაინც მოეგება გონს და ჩვენს ქვეყანას ააცილებს ასეთ საფრთხეს, მე პირადად არ მაქვს.

გამოსავალი არის განგრძობადი მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რასაც ჩვენ ვაკეთებდით დიდი ხნის განმავლობაში – რომ აამოქმედონ სანქციები კონკრეტულად ივანიშვილზე და მისი გარემოცვის წევრებზე, სასამართლო კლანზე, ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენებზე და სინამდვილეში ფინანსურ კორუმპირებულ ელიტაზე, რაზეც დგას ივანიშვილის რეჟიმი, პროპაგანდისტებზე, როგორიც არის ირაკლი რუხაძე და სხვები.

ჩვენი პოზიციონირება არის ეს და მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ არ უნდა შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა ქართველი ხალხისთვის, არამედ პერსონალური სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და მის გარემოცვას. უბრალოდ, აქ ის პრობლემაა, რომ ამისთვის ევროკავშირს სჭირდება სრული კონსენსუსი, რომელსაც, ვიცით, რომ არღვევს ივანიშვილის ერთადერთი მოკავშირე და ასევე პუტინის მოკავშირე, ვიქტორ ორბანი. შესაბამისად, ევროკავშირს უწევს სხვა ზომების მიღება.

  • ფაქტია, რომ დრო გვაქვს ძალიან მცირე, ამიტომ ოპოზიციურ ლიდერებზე რა არის დღეს დამოკიდებული და ხომ არ გაქვთ გეგმაში თუნდაც აგვისტოს თვეში რაიმე შეხვედრები ევროპარლამენტარებთან ამ საკითხზე?

მე შემიძლია ვისაუბრო „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით: უამრავი შეხვედრა მქონდა ბოლო რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში, დაწყებული ურსულა ფონ დერ ლაიენით, დამთავრებული ფრიდრიხ მერცით. მქონდა პირადი საუბარი კაია კალასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან, რასა იუკნევიჩიანესთან, გაფართოების კომისართან მარტა კოსისთან, პრაქტიკულად ყველა საკვანძო ფიგურასთან.

ასევე ორმხრივ რეჟიმშიც ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს წევრ სახელმწიფოებთან, მათ საგარეო უწყებებთან, ასევე როგორც საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ჩვენი ეს პოზიცია გავაცნოთ და არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა აამუშაოს პერსონალური ფინანსური სანქციების მექანიზმი ივანიშვილზე ისე, რომ საფრთხის წინაშე არ დადგეს უვიზო მიმოსვლა.

ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენელს აქვს.

  • როგორი განცდა დაგრჩათ ამ საუბრებიდან, მოახერხეთ მათი დარწმუნება ან თუ აპირებთ კვლავ შეახსენოთ თავი მათ ამ საკითხზე?

აგვისტოს თვეშიც მაქვს დაგეგმილი რამდენიმე ვიზიტი, მათ შორის ერთი ვიზიტი მექნება ევროკავშირის ერთ-ერთ საკვანძო წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელსაც კონკრეტულად ამ საკითხზე უნდა ველაპარაკო, რადგან ეს ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

წერილობითი კომუნიკაცია პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს, ამიტომ აგვისტოს თვე ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან დატვირთული იქნება.

თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის გადმოსახედიდან, უვიზო მიმოსვლა ეს არის პრივილეგია, რომლითაც არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეები სარგებლობენ მაშინ, როდესაც არაწევრი სახელმწიფოები არიან თანხვედრაში ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკასთან. ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი მოქმედებითა და რიტორიკით გაემიჯნოს ევროკავშირის.

ივანიშვილის მიზანია დაასანქციროს საქართველოს მოქალაქეები და წაართვას ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სიკეთე, რომელიც ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროინტეგრაციის გზაზე მოვიპოვეთ და რომელიც საქართველოს უამრავი მოქალაქისთვის არის შემოსავლის ერთადერთი წყარო.

ზოგიერთისთვის პირდაპირ სიცოცხლის ტოლფასია – არაერთი ადამიანი ვიცით, ვინც მკურნალობისთვის მიდის ევროპაში, მიდის სიცოცხლის გადასარჩენად. ბევრი ახალგაზრდისთვის ეს არის ევროკავშირში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობის უფლება და ასე შემდეგ.

ახლა რასაც ივანიშვილი იყენებს, რუსეთისთვის დამახასიათებელი ტაქტიკაა, რომ იმანიპულიროს ევროკავშირის წესებზე აგებული სამართლებრივი მექანიზმებითა და ჩარჩოებით. ეს ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია და განსაკუთრებით პუტინისთვის.

ამას აკეთებს ივანიშვილიც ვიქტორ ორბანის გამოყენებით, რომელიც ბლოკავს ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესებას. ივანიშვილს არ აინტერესებს 3 მილიონი ქართველი თუ დასანქცირდება და აღარ ექნებათ შესაძლებლობა უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს ცინიზმი, რასაც ვისმენთ ჩვენ შალვა პაპუაშვილისგან, ირაკლი კობახიძისგან, რომ რა პრობლემაა თურმე, რიგში დავდგებით და ასე შემდეგ, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ვზიის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამკურნალოდ მიდიხარ და დროში ხარ შეზღუდული.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვიზიტები პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.

საბოლოო ჯამში, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ წევრი სახელმწიფოები მათი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მათ ეროვნულ ინტერესში ნამდვილად არ შედის ის, რომ წესების დამრღვევი, დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც პრაქტიკულად საერთაშორისო აღიარება არ აქვს, ბოროტად იყენებდეს ევროკავშირის წესრიგს.

  • გასაგებია, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ღირებულებებზეა დაფუძნებული, რუსეთისგან განსხვავებით, მაგრამ ჩვენ გვახსოვს მათი სიტყვები „ევროპის გული ახლა თბილისში ცემს“. ფიქრობთ, რომ ამის მიუხედავად მაინც შეიძლება დატოვონ საქართველო მარტო?

პუტინის გეგმაა ივანიშვილის რეჟიმის საქართველოში დარჩენა. ამიტომ  ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. როგორც მზია ამაღლობელმა მოახერხა ერთი ქალის რევოლუციით, რომ იმ სასამართლო დარბაზში დაამხო ივანიშვილი თავისი სიმართლით, ასევე თითოეულმა ჩვენგანმა ასეთი მსხვერპლი უნდა გავიღოთ და ივანიშვილის რეჟიმი უნდა დავასრულოთ.

უნდა შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ის სიკეთე, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ბევრი იბრძოლა ქართველმა ხალხმა – უვიზო მიმოსვლა, არამედ ასევე გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მე გარწმუნებთ და ეს შემიძლია გითხრათ, სრული პასუხისმგებლობით, რომ რა წამსაც საქართველოში ივანიშვილის მოღალატეობრივი რუს-ქოცური რეჟიმი ჩანაცვლდება დემოკრატიული ხელისუფლებით, არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა აღარ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმ წამსვე გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე.

ის უდიდესი მონაპოვარი, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსი, რომელიც ივანიშვილმა ნაგვის ყუთში გადააგდო, იმისთვის არ მივიღეთ, რომ თაროზე შემოგვედო.

  • თუმცა იზოლაციის პირობებში ალბათ გაჭირდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება?

გერმანიაში წასული ბატონი გახარია, გერმანიიდან ივანიშვილის რეჟიმს მშვიდობიანად ვერ დაამხობს, ხომ? ვერანაირად. ამიტომ, ეს საქმე ჩვენი გასაკეთებელია აქ.

პოლიტპატიმრების ბრძოლა ფასდაუდებელია, მაგრამ ყველამ უნდა დადოს თავისი აგური, ვისთვისაც ძვირფასია უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, ვისთვისაც ძვირფასია კანდიდატის სტატუსი, ვისთვისაც ძვირფასია კეთილდღეობა, ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში, ყველა უნდა დადგეს პროტესტში და არა ის, რომ ახლა ევროკავშირზე გავბრაზდეთ.

ჩვენ უნდა გავბრაზდეთ ივანიშვილზე, ეს ჩვენი ბრაზი უნდა გავაერთიანოთ და ამის კონვერტირება უნდა მოვახდინოთ ჩვენს მოქმედებაში. ეს ნიშნავს მშვიდობიან, არაძალადობრივ რევოლუციას. ამ სიტყვის ძალიან ეშინია ივანიშვილს და სწორად ეშინია იმიტომ, რომ სინამდვილეში რევოლუცია არის სამოქალაქო საზოგადოებრივი ბრაზის კონვერტირება რეჟიმის ცვლილებებისთვის მაშინ, როდესაც სხვა ყველა ბერკეტი წართმეულია.

იმიტომ, რომ სხვა ბერკეტი არის არჩევნები და ეს არჩევნებიც წაგვართვა ივანიშვილმა.

  • გარდა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია და ამ ქვეყნის ევროპული გზა გვაქვს დასაცავი, კავკასიაშიც სწრაფად ვითარდება მოვლენები, ვგულისხმობ ზანგეზურის დერეფანის გადაცემას აშშ-ზე, სომხეთ-აზერბაიჯანის შორის სამშვიდობო შეთანხმებას, საიდანაც ფაქტობრივად ამოგდებულია საქართველოს ფაქტორი. ოპოზიას თუ აქვს რაიმე კავშირები მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან და როგორ უყურებთ სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებს?

ეს უმნიშვნელოვანესი, მართლაც ისტორიული პროცესი, რომელიც თეთრ სახლში ვიხილეთ, სამწუხაროდ შედგა საქართველოს გარეშე. ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას, გეოპოლიტიკურ ტრაგედიას საქართველოსთვის.

რადგან, რომ არა ივანიშვილის მოღალატეობრივი ხელისუფლება, საქართველო არა მხოლოდ იმ მაგიდასთან იქნებოდა, არამედ ძალიან დიდი შანსი იყო იმის, რომ აქ, საქართველოში შემდგარიყო ეს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

თავის დროზე ტრამპის ბრენდის შემოყვანა საქართველოში სააკაშვილმა სცადა და მისი დაინტერესება სამხრეთ კავკასიით. ბევრი პროექტი იყო ჩაფიქრებული, ისევე როგორც შემოვლითი გზის პროექტი, ანაკლიის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პორტის პროექტი. ეს ყველაფერი ჩაკლა, გაანადგურა ივანიშვილმა იმიტომ, რომ არ აწყობდათ რუსებს და შესაბამისად, არ აწყობდა რუს-ქოცურ რეჟიმს.

„ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაშიო“ თქვა ივანიშვილმა. უნდა განდევნოს ამერიკელები შავი ზღვიდან, საქართველოდან, რომ დასავლური ინტერესი საქართველოში აღარ არსებობდეს.

  • როგორ შეიძლება საქართველომ დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები სამხრეთ კავკასიაში?  

ეს უნდა დავიბრუნოთ ხელისუფლების დაბრუნებით, რადგან ნორმალურ საზოგადოებაში ხალხია ხელისუფლების წყარო და არა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო მსახურები, ვიღაც მდინარაძეები, ოხანაშვილები და წულუკიანები საბჭოთა კომისრების სახით.

თუ ხალხში იქნება ძალაუფლება და გვეყოლება ხალხთან ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ის ხელისუფლება იმოქმედებს ხალხის დაკვეთით: ეს არის საქართველოს ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება, დასავლური ინვესტიციების მოზიდვა, იმიტომ, რომ ასე იქნება დოვლათი და კეთილდღეობა და ასე იქნება მშვიდობაც.

ეს არის ყველაზე მარტივი და ცხადი დასტური იმის, რომ რუს-ქოცური პროპაგანდა მშვიდობასთან დაკავშირებით სრულიად ყალბია. სინამდვილეში, რუსეთთან პირისპირ დარჩენას, ანუ რუსეთის ამარა დარჩენას, მოაქვს მხოლოდ ომი, მხოლოდ დაპირისპირება. რამდენი ხანი იყო რუსეთი ვითომ მედიატორი და რამე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა? – არა. იმიტომ, რომ რუსეთი საზრდოობს კონფლიქტით, ომით, გაჭირვებით, საზრდოობს დაპირისპირებით.

ივანიშვილის რეჟიმსაც ასაზრდოებს რუსეთი, რადგან მის ინტერესებში არ შედის განვითარებული, ნორმალური, შემდგარი, დოვლათის შექმნაზე ორიენტირებული ქვეყნები.

სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაც ყველაზე თვალსაჩინო დასტურია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სამუშაო ადგილები, ინვესტიცია, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას, მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთს შეუძლია, რომელსაც ებრძვის ივანიშვილი.

  • ფაქტია, რომ დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს და ძალიან სწრაფი ნაბიჯებია გადასადგმელი ევროპული კავშირების აღსადგენად. თუ დავკარგეთ ვიზალიბერალიზაცია და სამხრეთ კავკასიაშიც აბრეშუმის გზის ფუნქცია, მერე ალბათ ყველაფერი ბევრად რთული იქნება.

გეთანხმებით, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა სამუდამოდ ღია არ იქნება და საკმაოდ შეზღუდულ ვადებში უნდა შევძლოთ ეს ცვლილები ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჯერ კიდევ არ მომხდარა საქართველოს ევროინტეგრაციის ფორმალური რევერსირება იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს კანდიდატის სტატუსი.

ხვალ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, საქართველო ხვალიდანვე შეძლებს თეთრ სახლთან დაამყაროს კავშირი და თქვას, რომ ეს კი არ უნდა იყოს ორმხრივი შეთანხმება, არამედ სამხრეთ კავკასიის აღორძინების შეთანხმება.

ტრამპის რუკის შექმნით (TRIPP – ითარგმნება როგორც ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისთვის) ბევრი შიშობდა, რომ საქართველომ შეიძლება ისტორიული სატრანზიტო გზის სტრატეგიული როლი დაკარგოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იქნება, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო.

საკმაოდ რთულია ზანგეზურის გეოგრაფიული ლანდშაფტი და, შესაბამისად, საქართველოს, როგორც ყველაზე ბუნებრივი სატრანზიტო გზის ჩანაცვლება ერთბაშად ვერ მოხდება. გრძელვადიანადაც კი ვერ მოხდება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს შავი ზღვა და მით უმეტეს, თუ აქ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, გვექნება უკეთესი სავაჭრო შესაძლებლობა.

საქართველომ ასევე უნდა შეითავსოს არა მხოლოდ სატრანსპორტო, სავაჭრო, სატრანზიტო ფუნქცია, უნდა შეითავსოს ე.წ. ფინანსური ჰაბის ფუნქცია, შვეიცარიას რომ აქვს მაგალითად ასეთი, სადაც იდება კონტრაქტები და ფორმდება ეს ხელშეკრულებები, ხომ?

ჩვენ შეგვიძლია ეს იმით მოვიპოვოთ, რომ ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუციები სარგებლობდნენ მაღალი სანდოობით.

ახლა კი, სასამართლო, რომელიც ორწლიან პატიმრობას უსჯის ჟურნალისტს იმის გამო, რომ სილა გააწნა უზრდელ, უზნეო და ძალაუფლების ბოროტად გამომყენებენ პოლიციელს, ბუნებრივია, ასეთი სასამართლოს მიმართ ნდობა არ იქნება, რადგან ნებისმიერი ინვესტიციის შემოსვლის წინაპირობა არის სასამართლოს მიმართ ნდობა.

გადაჯაჭვულია ეს ერთმანეთზე და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატია, ასევე არის ჩვენი ფინანსური კეთილდღეობის გარანტიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: