კაცი, რომელმაც პოლიციელს საზარდულში პანღური ამოარტყა, სასამართლომ პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევის მუხლით [სსკ 353-ე მუხლი] გაასამართლა. ეს ის მუხლია, რომლითაც 2 წლით ციხეში გაუშვეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიციელზე სილის გაწვნისთვის.
მზია ამაღლობელისგან განსხვავებით, კაცი, რომელმაც პოლიციელს პანღური ამოარტყა, ციხეში არ გაუშვიათ – მას მზია ამაღლობელის მსგავსად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ორივე წელი სასამართლომ მას პირობით ჩაუთვალა.
„ი. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი,“ – აღნიშნული იყო პანღურის ამორტყმის საქმის განაჩენში.
ეს გადაწყვეტილება არც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუცვლიათ.
6 აგვისტოს გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს და დირექტორს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელს პროკურატურა სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სილის გაწვნა თავდასხმა არ არის, მაგრამ არის წინააღმდეგობა – სსკ-ის 353-ე მუხლი გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
„ზუსტად ერთი საქმე მივუთითე წინა პროცესზე სასამართლოს და მინდა ყურადღება მიაქციოთ: იქ პოლიციელს პანღური ამოარტყა ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, ბრალდებულმა და იმ საქმეში დაზარალებული იყო რიგითი პატრულ-ინსპექტორი და არა პოლიციის უფროსი,“ – განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული ეს საქმე [საქმე №526აპ-24 სექტემბერი, 2024 წელი] გაიხსენა და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ სასამართლოს შეეძლო ამ შემთხვევაშიც კი – როცა მან მუხლი გადააკვალიფიცირა – გამოეყენებია სასჯელის სხვა ფორმა და ციხეში არ დაეტოვებინა მზია ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის დადასტურებული პრობლემა აქვს.
„იმ საქმეში სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო თავდასხმა პოლიციელზე და პირობითი სასჯელი დააკისრა, ჩვენ შემთხვევაში კი, დააყენა თავისუფლების აღკვეთა.
დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც ჯარიმა, რომელსაც გადააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზიამ მოიხადა და გაათავისუფლებდა. 7 თვე თავისუფლების აღკვეთა სილის გაწვნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი აქვს, საკმარისი არ არის?!
ერთი, რომ [მოსამართლეს] შეეძლო ჯარიმის გამოყენება და დარბაზიდან გათავისუფლება და ასევე, შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა, რაც არ გააკეთა სასამართლომ,“ – აღნიშნა მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.
პოლიციელისთვის პანღურის ამორტყმის საქმეზე კი სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„…საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორების: დ.კ.-სა და კ.კ.-სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სასკ-ის 173-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს ი.ბ. და გადაიყვანეს ქ. ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, მისი დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსების მიზნით.
აღნიშნულ შენობაში ი.ბ. თავს დაესხა დეპარტამენტის საპირფარეშოში მყოფ დ.კ.-ს [მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებაში მონაწილე პოლიციელს] და მას ამოარტყა ფეხი საზარდულში, რის შედეგადაც დ.კ.-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
ი.ბ-ს ბრალი წაუყენებს სისხლის სამართლის კოდექსის 353 1 -ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავდასხმას პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ამ შემთხვევაშიც კვალიფიკაცია.
მზია ამაღლობელის საქმე გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ
ამ თემაზე:
ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა






