მთავარი,სიახლეები

რა იცრუა პოლიციელმა ბერდია ფერაძემ მზია ამაღლობელის საქმეში

03.08.2025
რა იცრუა პოლიციელმა ბერდია ფერაძემ მზია ამაღლობელის საქმეში

„ბატონმა ბერდია ფერაძემ იცრუა, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლოში მისი დაკითხვისას არაერთ გარემოებაზე,“ – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად აღწერა, თითოეულმა ცრუ მოწმე პოლიციელმა, რა მოიტყუა მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ.

  • რა მოიტყუა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის უფროსი ბერდია ფერაძე?

ნაწყვეტი მაია მწარიაშვილის დასკვნითი სიტყვიდან:

„ბერდია ფერაძემ ორივე შემთხვევაში განაცხადა, რომ ირაკლი დგებუაძე პოლიციის ეზოს ჭიშკართან გავიდა აქციის მონაწილეებისათვის დაკავების საფუძვლის განმარტების მიზნით, რაც სიცრუეა.

აღნიშნულს უტყუარად ადასტურებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება „ვიდეო #14- ჩემი ოჯახის წევრი დააკავეს“, სადაც ჩანს ირაკლი დგებუაძის ჭიშკრიდან გამოსვლა და ისიც ჩანს, რომ ის ვინმესთან კომენტარის მიზნით არ გამოსულა, ის არც კი უყურებს მის წინ მდგომ ეთერ თურაძეს და მზია ამაღლობელს.

ამასთან, მას წინ ეღობება ეთერ თურაძე, რომელსაც ის უხეშად ხელით იშორებს შემდეგი  სიტყვებით – „რა ვი, ვინც გინდა ის იყავი“. ამას მოჰყვება მზია ამაღლობელის წინადადება, რათა რამენაირად შეაჩეროს – „ჩემი ოჯახის წევრი დააკავეთ“.

არც ერთი მტკიცებულებით (გარდა თავად პოლიციელთა ჩვენებისა) არ დასტურდება, რომ ის გაბაიძეების დაკავებაზე განმარტების გასაკეთებლად გამოვიდა და არც აკეთებს ამგვარ განმარტებას ვინმესთვის. ის იძულებულია ასე ვთქვათ, მიუგდოს პასუხი მზია ამაღლობელს რამდენჯერმე დასმულ შეკითხვაზე.

ბატონმა ფერაძემ იცრუა, როდესაც მიუთითა, რომ „ირაკლი დგებუაძის წინ მდგომი 2 ქალბატონი გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და, ზოგადად, პოლიციის მიმართ აგრესიას. კერძოდ, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ მას და ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას“.

სასამართლოზე დაკითხვისას მან შეცვალა ფრაზა – „ითხოვდნენ გათავისუფლებას“ ფრაზით „ეკითხებოდნენ, თუ რატომ დააკავეს“, რაც განსხვავდება გათავისუფლების მოთხოვნისაგან.

ამავდროულად მან ვერ ახსნა, თუ რაში გამოიხატებოდა აგრესია ირაკლი დგებუაძისა და, ზოგადად, პოლიციის მიმართ. საბოლოოდ, მისი განმარტებების მიხედვით, მთელი ის აგრესია, როგორც ირაკლი დგებუაძის, ისე პოლიციელთა მიმართ იყო მზია ამაღლობელის შეკითხვა ხმამაღალი ტონით, „რატომ დააკავეთ?“

ამ გარემოების აღწერისას მოწმე ბერდია ფერაძემ იცრუა რამდენჯერმე: მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე გამოხატავდნენ აგრესიას ირაკლი დგებუაძის და, ზოგადად, პოლიციის მიმართ.

რომც დავუჯეროთ ბერდია ფერაძეს, რომ ხმამაღალი ტონით ნათქვამი „რატომ დააკავეთ“ არის აგრესიის გამოხატვა პოლიციის მიმართ, მან მაინც იცრუა, ვინაიდან არც პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში და არც ჩვენს მიერ წარდგენილ #14 ვიდეომტკიცებულებაში მზია ამაღლობელი არ ამბობს სიტყვებს – „რატომ დააკავეთ“.

ის სულ 3 წინადადებას ამბობს და არც ერთი არ არის – „რატომ დააკავეთ“.

მოწმე ბერდია ფერაძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ იქამდე, ვიდრე ირაკლი დგებუაძე უპასუხებდა მზია ამაღლობელს, ის აკეთებდა განმარტებებს იქვე მდგომი ჟურნალისტებისათვის და მათაც პასუხობდა.

ბერდია ფერაძემ თქვა, რომ დგებუაძემ ეს განმარტებები გააკეთა მანამდე, ვიდრე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოფაილში ჩანს.

მოწმე ბერდია ფერაძის ეს განმარტება სიცრუეა, ვინაიდან მოწმე ბერდია ფერაძე ჭიშკარში გამოდის მოგვიანებით და კერძოდ იმ დროს, როდესაც ირაკლი დგებუაძე ეკითხება მზია ამაღლობელს – „ვინ?“ ფერაძე თავიდანვე კადრში არ ჩანს.

პროკურატურის ვიდეოკადრი მოჭრილია სწორედ ამ წუთიდან და იქმნება არასწორი აღქმა, რომ მოწმე ბერდია ფერაძე იქ ინციდენტის ეპიცენტრში დგას თავიდან ბოლომდე. თუმცა ჩვენს მიერ წარდგენილი ვიდეო #14 ადასტურებს, რომ ის ჭიშკარში გამოდის 01.00 წმ-ზე, მაშინ, როდესაც ირაკლი დგებუაძე უკვე გამოსულია და საუბარი მზია ამაღლობელთან უკვე დაწყებულია.

იგივე ვიდეო აჩვენებს, რომ ირაკლი დგებუაძე არავის არ აძლევს განმარტებებს მანამდე, ვიდრე ეთერ თურაძე არ შეაყოვნებს და მზია ამაღლობელი სწრაფად არ დასვამს კითხვას. ჭიშკრიდან გამოსული ირაკლი დგებუაძე მიემართება მარცხენა მხარეს, ხოლო მზია ამაღლობელი დგას მარჯვენა მხარეს.

ირაკლი დგებუაძე არც კი შეჩერდებოდა, რომ არა ეთერ თურაძე, რომელიც წინ გადაუდგა. გარდა ამისა, მისი ჭიშკრიდან გამოსვლის მომენტში არც ჟურნალისტები დგანან, არც რაიმე კითხვებს უსვამენ დგებუაძეს და არც ის პასუხობს არარსებულ კითხვებს. ისმის მხოლოდ მოქალაქეების უკმაყოფილო შეძახილები ბესელიას და პოლიციის მიმართ განხორციელებული ძალადობების გამო.

მოწმე ბერდია ფერაძემ იცრუა და სასამართლო სხდომაზე 3-ჯერ მაინც განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი დავაკავეთ მე და გიორგი ბჟალავამ და შევიყვანეთ ადმინისტრაციულ შენობაში“.

ბრალდების მიერ წარმოდგენილ ვიდეოში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი შეაგდეს ჭიშკარში მოწმე ბერდია ფერაძემ, თავად ირაკლი დგებუაძემ და სხვა ნიღბიანმა პოლიციელებმა, ხოლო მოწმე გიორგი ბჟალავა მზია ამაღლობელამდე არც კი მისულა.

უფრო მეტიც, ის ჭიშკარში რჩება ამ კადრის 00.19 წმ-დე, ხოლო ამავე ტაიმკოდზე კადრში ჩანს უკვე დაკავებული მზია ამაღლობელი მიჰყავს უცნობ პირს (ჩანს მზია ამაღლობელის მარცხენა მხარეს), რომელიც ჩანს ზურგიდან.

ის, რომ ბერდია ფერაძე ცრუობს, დასტურდება ასევე ჩვენს მიერ წარდგენილი #9 ვიდეომტკიცებულებით – „სისხლით ბო… ვიყო, სისხლით“: 00.15 წმ-დან კადრის ბოლომდე ნათლად ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დაკავებული ჰყავთ თავად მოწმე ბერდია ფერაძეს და შავ ქურთუკსა და ნიღაბჩამოცმულ ჩვენთვის უცნობ პოლიციელს, რომელიც არ არის მოწმე გიორგი ბჟალავა, ვინაიდან გიორგი ბჟალავას უნიფორმა და კეპი სრულებით განსხვავდება მზია ამაღლობელის დამკავებელი პირის შავი ქურთუკისა და კეპისაგან.

გარდა ამისა, შეუძლებელია, დამკავებელმა მოწმე ბერდია ფერაძემ არ იცოდეს, ვინ აკავებს მასთან ერთად მზია ამაღლობელს, ვინ დგას მასთან ერთად მზია ამაღლობელისგან ხელმარცხნივ.

ცხადია, მან იცის, თუმცა მან ეს იცრუა წინასწარი გამოძიების ეტაპიდან არაერთხელ.

დასკვნით სიტყვაში პროკურორმა დაადასტურა, რომ ბჟალავა ფიზიკურად არ აკავებს მზია ამაღლობელს და განავითარა მსჯელობა იმაზე, რომ გიორგი ბჟალავა უზრუნველყოფდა მზიას უსაფრთხოებას შენობაში.

ამაზე კიდევ ვისაუბრებ.

მოწმე ბერდია ფერაძემ იცრუა, როდესაც განმარტა, რომ მზია ამაღლობელი არ ითხოვდა ადვოკატებთან შეხვედრას, რისი მტკიცებაც ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია, მით უფრო, რომ მან ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და მათ შორის შეფურთხების შესახებ, მაშინვე განუცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

მოწმე ბერდია ფერაძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მას არავითარი როლი და ფუნქცია არ ჰქონდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებულ საქმესა და ამ საქმის კვალიფიკაციასთან, ვინაიდან, როგორც მოწმე გრიგოლ ბესელიამ, ისე ირაკლი დგებუაძემ განმარტეს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებისა და კვალიფიკაციის შესახებაც.

მოწმე ბერდია ფერაძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ირაკლი დგებუაძეს ლოყა და ყური ჰქონდა წითელი და მან ეს ნახა შენობის პირველ სართულზე 10-15 წთ-ში.

უპირველეს ყოვლისა, ირაკლი დგებუაძეს არც ლოყა და არც ყური არ ჰქონდა გაწითლებული და რაც მთავარია, თავად ირაკლი დგებუაძემ უარყო, რომ ის პოლიციის შენობაში პირველ სართულზე შევიდა ან იმყოფებოდა. მან სასამართლოზე განმარტა, რომ დაახლოებით 30 წუთი ის იყო პოლიციის ეზოში გარეთ და მხოლოდ შემდეგ ავიდა პირდაპირ სამუშაო ოთახში მეორე სართულზე“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: