„განყოფილებიდან დამიკავშირდნენ, თეა ლაღაძეს მიაყენეთ შეურაცხყოფა სასამართლო სხდომაზეო და მიჩივლა მე,“ – აცხადებს ლევან ხორავა, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
თეა ლაღაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იურისტია და აქციაზე დაკავებულების საქმეზე ის წარმოადგენს შსს-ს სასამართლო სხდომებზე. მაგალითად, თეა ლაღაძემ მარიამ კერესელიძესთან ერთად წარმოადგინა სასამართლოში მზია ამაღლობელის გაყალბებული საქმე.
ლევან ხორავა 12 იანვარს საპროტესტო აქციაზეც დააკავეს. შსს-ს ვერსიით, იგი თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, თუმცა არც ამ საქმეზე წარმოუდგენია ნეიტრალური მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს. ლევან ხორავა მაშინ 8 დღით გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
ლევან ხორავას თქმით, მას ედავებიან იმას, რომ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მიაყენა შეურაცხყოფა თეა ლაღაძეს და მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან.
ეს მუხლი გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, ან სამართალდამცავი სხვა უწყების წარმომადგენლის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელი გადაკიდებასა ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
ამ მუხლის მესამე ნაწილი კი, ითვალისწინებს 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით იმ პირის მიმართ, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენის დროს სახდელი აქვს დადებული.
„შეურაცხყოფა კი არ მოგაყენე, მიგანიშნე, რომ ჯოჯოხეთი გელოდება. ჯოჯოხეთი გელოდება არამხოლოდ შენ, არამედ ყველა ცრუ მოწმეს, ქვეყნის ყველა მტერს, ვინც სასამართლო სხდომებზე წირავს ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულისთვის, გელოდებათ პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთის ცეცხლი, ყველას აბსოლუტურად ვინც ქვეყანას ემტერება და სამშობლოს ყიდის,“ – აღნიშნავს ლევან ხორავა, დღეს, 22 ივლისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ლევან ხორავას სასამართლოო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 24 ივლისს გაიმართება.






