გაეროს უახლესი მონაცემების თანახმად, 2025 წლის ივნისში უკრაინაში 232 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1343 დაშავდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ [HRMMU] უკრაინაში 10 ივლისს განაცხადა, რომ 2025 წლის ივნისში დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა, ერთი თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალია 2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე.
2025 წლის წლის ივნისში დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა (98%) უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ამავე დროს, გასული თვის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 2024 წლის ივნისში.
გაეროს მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში 6754 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა. ეს 54%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან, გაეროს მისიამ დააფიქსირა სულ მცირე 13,580 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 716 ბავშვის, დაღუპვა. ამავე პერიოდში დაშავდა 34 115 ადამიანი, მათ შორის – 2 173 ბავშვი.
გაეროს პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებამ სასიკვდილო გავლენა მოახდინა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით – ხერსონისა და დონეცკის რეგიონებზე.
„უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა ისეთ ტანჯვას განიცდის, როგორიც სამ წელზე მეტია არ გვინახავს. ქვეყნის მასშტაბით შორი დისტანციის რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების ზრდამ კიდევ უფრო მეტი სიკვდილი და ნგრევა მოუტანა მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც ფრონტის ხაზიდან შორს ცხოვრობს“ – განაცხადა HRMMU-ს ხელმძღვანელმა, დანიელ ბელმა.






