არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას და „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესს ფეისბუქზე ეხმიანება.
მისი შეფასებით ის რაც „ქართული ოცნების“ ირგვლივ ხდება რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა.
„ვერ შეძლებ თან ოლიგარქიული ავტოკრატია აშენო და თან მხოლოდ შენ ჭამო“-წერს თამთა მიქელაძე.
„როგორი ლინზით შეიძლება დავინახოთ, რაც ახლა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების და მსხვილი ბიზნესმენების თავს ხდება?!
ერთი შეხედვით, ეს შიდა ელიტური წმენდა და ლოიალურობის გაღრმავების მცდელობაა „ქართული ოცნების“ ვერტიკალის გამყარებისთვის.
განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესმენის, გიორგი რამიშვილის დაკავება, შეიძლება აჩვენებდეს რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური სფეროდან უკვე ბიზნესის სფეროსთვის ერთგულების მოთხოვნის ღია გადანაცვლებას [მით უმეტეს, რომ გიორგი რამიშვილის საქმიანობა გამოირჩევა ნელთბილი აქტიურობით მედიის, საინფორმაციო და საზოგადოებრივ სფეროში].
თუმცა აშკარაა, რომ კორუფციასთან ბრძოლას და „დაზიანებული ბექგრაუნდის“ მქონე ბიზნესების დასჯას ჯერ საკმარისი მადით ვერ ირგებს რეჟიმი, როგორც მორალური თვითწმენდის და თვითლეგიტიმაციის გაზრდის პროცესს.
წმენდა ძალიან ახლო წრეში ხდება და ეშინიათ, რომ ამას მძიმე ელექტორალური ფასი შეიძლება ქონდეს. რიჟვაძის ტრაგედიამ (ნამდვილად მძიმე იყო ჩემთვის ამ ამბის გაგება დღეს) ამის მორალური ფასი კიდევ უფრო დაამძიმა.
ამავდროულად ყველაფერი რაც ხდება რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა. ვერ შეძლებ თან ოლიგარქიული ავტოკრატია აშენო და თან მხოლოდ შენ ჭამო.
ასეთი რეჟიმების ფუნქციონირების მატრიცაც ისაა, რომ სხვებიც უნდა დააკმაყოფილო თუ გინდა, რომ წონასწორობა და კმაყოფილება შეინარჩუნო სისტემაში (თან ასეთ პატარა ქვეყანაში და ეკონომიკაში და ძალაუფლების დასუსტების ასეთ რეალობაში, რომელშიც “ქართული ოცნებაა” [პუტინმა ოლიგარქების დაქვემდებარება მისი აღმავლობის ფაზაში 2000-იან წლებში დაიწყო და მათი სიმრავლის და დიდი მასშტაბების გამო ბალანსის მიდგომას მაინც იყენებდა].
ეს პროცესები შეიძლება ელიტური ალიანსების რღვევის და შიდა წინააღმდეგობების სახიფათო დასაწყისიც იყოს, საბოლოოდ. წმენდის პროცესებმა შეიძლება დააზიანოს „ქართული ოცნების“ ისედაც შესუსტებული სოციალური ალიანსები რეგიონებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც პოლიტიკური გავლენა ტრადიციულად პირად კავშირებს ეყრდნობოდა (აჭარა (რიჟვაძე), კახეთი (ღარიბაშვილი), ვანი (ლილუაშვილი) და ა.შ).
ამიტომ ივანიშვილის სიხარბე და ირაკლი კობახიძის სიხისტე შეიძლება საბოლოოდ მათი სისუსტის მთავარი მიზეზი აღმოჩნდეს. თუმცა, პროცესებს დალოდება სჭირდება“-წერს თამთა მიქელაძე.






