დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროკავშირის ელჩის მოადგილე და წარმომადგენლები დანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის საელჩოებიდან.
საელჩოების წარმომადგენლებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად, წერილობით მიეწოდებათ სხდომის თარგმანი.
მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.
9 ივნისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დაესწრო დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი; 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ: პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – შვედეთის ელჩი და მარგე მარდისალუ-კაჰარი – ესტონეთის ელჩი საქართველოში.
ამავე დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად საქართველოში.
4 მარტს სასამართლო სხდომას ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 5 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
უფლებადამცველებისა და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
_______________
ფოტო: „ბათუმელები“






