ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისის“ შორის დავა მიმდინარეობს, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
სასამართლოს წინ აქციის მონაწილეებმა გამოიტანეს სინდისის პატიმრებისა და თბილისში, საპროტესტო აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები.
„ეს არის ერთ-ერთი მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც ბერმუდის სასამართლოს შემდეგ ბრიტანეთის სასამართლომ უნდა განიხილოს. როგორც ვიცი, ეს პროცესი გაგრძელდება ოთხი დღე და ამ დავას განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, სარჩელის დასაშვებობა-დაუშვებლობაზეა პროცესი.
ერთ მხარეს არის „კრედიტ სუისი“, მეორე მხარეს – ბიძინა ივანიშვილი და მთელი მისი ოჯახი. საუბარია იმ ფულზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რწმენით მას მოჰპარეს და ამას აკონტროლებს „გლობალური ომის პარტია“.
ეს პროტესტი დაგეგმა მოქალაქეების ჯგუფმა. მიზანია ის, რომ ყველამ დაინახოს, მათაც, ვინც შედის ამ სასამართლოში – ადვოკატებმა, მოსამართლეებმა, რეალურად რა ხდება. ბიძინა ივანიშვილს რაღაც კონსპირაციების გამო მთელი ქვეყანა აყვანილი ჰყავს მძევლად“, – ამბობს დათო ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

საპროტესტო აქცია ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ სარჩელის დასაშვებობის საკითხი განიხილება.
ფოტო: დათო ჯინჭარაძე.






