ანტიკორუფციული ბიურო 87 ათას 845 ლარის საოფისე ავეჯს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე იყიდის. ბიუროს განმარტებით, ქონების შეძენა განაპირობა შენობის იჯარით აღებამ, რომელიც ბიუროს ინვენტარის გარეშე გადაეცა.
ქონება, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს იჯარით აქვს სარგებლობაში, თბილისში, გიგა ლორთქიფანიძის ქუჩის N4-ში მდებარეობს და მისი საბოლოო მესაკუთრე ოფშორში დარეგისტრირებული უცხოური კომპანიაა.
ბიუროს მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, იჯარით აღებული ქონების მესაკუთრეა შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“.
„ბათუმელების“ მიერ საჯარო რეესტრში გადამოწმებული დოკუმენტების მიხედვით, „სოლო-ლაკი ინვესტორს“-ის მესაკუთრეა შპს „ტიფლის სითი [ჯი-აი-ჯი ჯგუფი]“. ამ უკანასკნელის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე კი არის შპს „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი“, ს/ნ 66004896, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.
ანტიკორუფციულ ბიუროს ქონება ოთხწლიანი იჯარით აქვს აღებული [2029 წლის ივნისამდე]:

ამონარიდი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან
„ანტიკორუფციულ ბიუროს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადმოეცა უძრავი ქონება, რომელიც საჭიროებს სამუშაო გარემოსთვის შესაბამის ინვენტარს, კერძოდ: სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესყიდვას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდეს ზემოაღნიშნული საქონლის შესყიდვა.
აღნიშნული შესყიდვა ექვემდებარება ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელებას. ვინაიდან შესყიდვის მიზნით ტენდერების გამოცხადება და მისი შემდგომი პროცედურები მოითხოვს ხანგრძლივ ვადებს, ხოლო დროის სიმცირიდან გამომდინარე სხვადასხვა დასახელების საოფისე ავეჯის შესყიდვა უნდა განხორციელდეს შემჭიდროებულ ვადებში, საჭიროა აღნიშნული შესყიდვა განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობის საშუალებით.
აღნიშნული საქონლის შესყიდვის განუხორციელებლობა გამოიწვევს ბიუროს მიმდინარე სამუშაო პროცესის არსებით შეფერხებას, რაც გაართულებს ბიუროს ეფექტიან საქმიანობას“, – აღნიშნულია ანტიკორუფციული ბიუროს განაცხადში. რაც შეეხება იჯარის თანხას, ხელშეკრულება ღიად არ იძებნება.
სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ე.წ. ფარას აღმასრულებელი უწყება.
მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმების მიზნით შემოღებული რუსული კანონი, რომელსაც ქართული ოცნება „ფარას“ უწოდებს, უცხოური დონორი ორგანიზაციების ფულის კონტროლის მიზნით, გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან აგენტად დარეგისტრირებას ითხოვს.
——
დღეიდან, 31 მაისიდან ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, ე.წ. ამერიკული FARA-ს ასლი.
ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად, ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ მიიღეს. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით“ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან და სხვა სხვა საერთაშორისო მხარდამჭერებისგან მიღებული დაფინანსების, ამ გზით კი მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოების კონტროლს ცდილობს.
ამ ახალი რუსული კანონის აღმასრულებელი სწორედ ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
საია „უცხოეთის აგენტების აქტს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს






