მთავარი,სიახლეები

„11 წელია მაღაროში მუშაობს სიცოცხლის რისკის ფასად“ – რას ამბობს დაკავებული მაღაროელის მეუღლე

02.05.2025
„11 წელია მაღაროში მუშაობს სიცოცხლის რისკის ფასად“ – რას ამბობს დაკავებული მაღაროელის მეუღლე

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველანი ვნერვიულობთ. ბავშვებიც განიცდიან მამის ამბავს, გოგონამ იტირა კიდეც სკოლაში, ძლივს დაუწყნარებიათ.

მე ის ვიცი, რომ ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ჟანა გოგატიშვილი, დაკავებული მაღაროელის, მერაბ სარალიძის მეუღლე.

„11 წელია მაღაროში მუშაობს ჩემი მეუღლე. გვირაბგამყვანია და ყოველდღე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევს მუშაობა. დაშავდა ორჯერ, ქვა მოხვდა თავში და ტვინის შერყევით იწვა საავადმყოფოში, ძალიან მძიმედ იყო, თუმცა კომპენსაციაც არ გადაუხდიათ მისთვის.

ყოველ დღე, როცა მაღაროში მიდიოდა, სულ იმაზე ვჯავრობდი, ნეტა თუ მოვა სახლში ცოცხალი-მეთქი. თუ არ მპასუხობდა ტელეფონზე, სულ შიშში ვიყავი. ასეთ პირობებში უწევდა შრომა მუშაობა მასაც და სხვა მაღაროელებსაც. სიცოცხლის რისკის ფასად, მიწის ქვეშ და ისიც კი არ უნდათ, რომ ამუშაონ ეს ხალხი“ – ამბობს ჟანა გოგატიშვილი.

მაღაროელების საპროტესტო აქცია ჭიათურაში, 1 მაისი. ფოტო: „ბათუმელები“.

მისი თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და მძიმე პირობებში ცხოვრობს.

„2 ათას ლარამდე ჰქონდა ხელფასი, მაგრამ ორი შვილი გვყავს, 11 და 5 წლის. გვაქვს ბანკის ვალიც. ათას ლარამდე ბანკში შეგვქონდა. სამი თვე უხელფასოდ იყვნენ მაღაროელები, აქციების შემდეგ რომ ორი თვის ხელფასი ჩაურიცხეს, იმით ვართ, მას შემდეგ არაფერი დაურიცხავთ. გვაქვს სოციალურიც, თუმცა არ არის საკმარისი ოჯახის რჩენისთვის.

მაღაროს გაჩერების შემდეგ ბანკის ვალიც არ გადაგვიხდია, არც კი ვიცი რამდენზეა ასული დავალიანება.

ჩემს მეუღლეს არც მშობლები ჰყავს, არც და-ძმები, რომ რაიმეში ხელი გაუმართონ. ჩემი მშობლებიც ასაკოვანები არიან და არც მათ აქვთ საშუალება.

პატარა ბინაში ვცხოვრობთ.

ბავშვები ორი დღეა სკოლაში არ გამიშვია, დედასთან მყავდა, რადგან ძალიან განიცდიან მამის ამბავს. იტირა კიდეც გოგომ სკოლაში, ძლივს დაუწყნარებიათ. ორივე ბავშვი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს ქმარს არაფერი დაუშავებია და ახლა, ძალიან მძიმე დანაშაულს აბრალებენ, რომელიც არ ჩაუდენია. განვიცდით, გავწყდით ნერვიულობით“ – გვეუბნება ჟანა.

ჟანა გოგატიშვილი

როგორ ფიქრობთ, რისთვის დასჭირდათ თქვენი მეუღლის დაკავება სისხლის სამართლის მუხლით, ფიქრობთ, რომ ამით მაღაროელების გაჩუმება უნდათ? – ვკითხეთ ჟანას.

„ალბათ, არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე“- გვეუბნება ის.

მძიმე სოციალური მდგომარეობის გარდა, ჭიათურელებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოშიც უწევთ ცხოვრება, რადგან მაღაროს გამო, დაზიანებულია გარემო.

„ჩვენს უბანში სახლები მიწაშია ჩაცვენილი, გზაც ძალიან ცუდია, წვიმა თუ არის საერთოდ ვეღარ გაივლი. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჩემს მეუღლეზე და დაკავებულებზე ვფიქრობ, მთავარია ისინი გამოუშვან.

დათანხმდნენ მაღაროელების მოთხოვნებს და იქნებ ჩვენც გვეშველოს.

აღარ ვიცი რა ვთქვა, ისე ვარ გამწარებული. ველოდები როდის გამოუშვებენ ჩემს მეუღლეს“ – ამბობს ჟანა გოგატიშვილი.

მაღაროელების საპროტესტო აქცია ჭიათურაში. ფოტო: „ბათუმელები“.

მერაბ სარალიძე და მეფარიძე, კიდევ ორ მაღაროელთან – აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანთან ერთად 29 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულების ნაწილი ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში მუშაობს, ხოლო გიორგი ნეფარიძე შუქრუთის მცხოვრებია და უკვე წლებია, სოფელ შუქრუთში კომპანიის სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სახლების დანგრევას აპროტესტებს.

მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყეს. ისინი ითხოვენ, რომ მაღაროელებისა და კომპანიის მოლაპარაკებებში სახელმწიფო ჩაერთოს სხვა აქტორების მონაწილეობის გარეშე.

_____________________

მთავარ ფოტოზე: დაკავებული მაღაროელი მერაბ სარალიძე – პროტესტი ჭიათურაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: