დმანისიდან, რომელიც 100 კილომეტრითაა დედაქალაქიდან დაშორებული, დღეს, 29 მარტს, „100 კილომეტრიანი მარში“ დაიწყო.
მარშის მონაწილეები გეგმავენ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მსვლელობით ჩავიდნენ თბილისში და შეურთდნენ 31 მარტს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას.
„100 კილომეტრს ფეხით გავივლით და 31 მარტს რუსთაველზე შემოვალთ დამოუკიდებლობის დასაცავად!
მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით ვივლით ეს სამი დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის!
კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს ძალას ამ არაძალადობრივი გზით.
ვაჩვენებთ, რომ არ გავჩერდებით, ვაჩვენებთ, რომ არ დავღლილვართ, რომ უწყვეტი პროტესტის 122-ე დღესაც შეგვიძლია 100 კილომეტრი ფეხით გავიაროთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის,“- ნათქვამია საპროტესტო მარშის მონაწილეთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

100 კილომეტრიანი მარში დმანისიდან დღეს, 29 მარტს დაიწყო ფოტო: რადიო მარნეული
მარში დმანისიდან თბილისამდე, 100 კილომეტრის მანძილზე გაივლის 4 ქალაქს და 20-მდე სოფელს.
„ყველა სახლთან, ყველა ჭიშკართან შევძახებთ – საქართველო ადექი, აჯანყდი უსამართლობის წინააღმდეგ!
შემოუერთდი ჩვენს მარშს ბოლნისო, მარნეულო, თეთრიწყაროვ, წალკავ, გარდაბანო, რუსთავო! კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ერთობის ძალა!
ერთად მოვითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ახალი, სამართლიანი არჩევნები! ახალი, ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფო,“ – ვკითხულობთ მიმართვაში, რომელიც „100 კილომეტრიანი მარშის“ მონაწილეებმა გამოაქვეყნეს.
მარშის მონაწილეები 29 მარტის საღამოს ბოლნისში, ხოლო ხვალ, 30 მარტს მარნეულში დაბანაკდებიან. 31 მარტს კი რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.






