მთავარი,სიახლეები

სასამართლოს თქმით, საზარდულში ფეხის ამორტყმა „პოლიციელზე თავდასხმა“ არაა – სილის გაწვნა არის?

28.02.2025
სასამართლოს თქმით, საზარდულში ფეხის ამორტყმა „პოლიციელზე თავდასხმა“ არაა – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთი საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის ფეხის ამორტყმა საზარდულის არეში „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?!

ეს 2022 წლის შემთხვევაა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

„2022 წლის 7 მარტს საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორების: დ.კ.-სა და კ.კ.-სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სასკ-ის 173-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს ი.ბ. და გადაიყვანეს ქ. ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, მისი დროებითი დაკავების იზოლატორში მოთავსების მიზნით.

აღნიშნულ შენობაში ი.ბ. თავს დაესხა დეპარტამენტის საპირფარეშოში მყოფ დ.კ.-ს [მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებაში მონაწილე პოლიციელს] და მას ამოარტყა ფეხი საზარდულში, რის შედეგადაც დ.კ.-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია განჩინებაში [საქმე № 526აპ- 24].

ბრალდების შესახებ დადგენილებით ი.ბ-ს ბრალი წაუყენებს სისხლის სამართლის კოდექსის 353 1 -ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავდასხმას პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების გაყალბებულ ოქმში მისი პირველი დაკავების საფუძვლად ასევე მითითებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რაც მას არ ჩაუდენია.

აქ მითითებულ საქმეში კი, სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა ბრალდებული 353 1 -ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავების განმახორციელებელი პოლიციელისათვის ფეხის ამორტყმა საზარდულის არეში არ წარმოადგენს თავდასხმას პოლიციელზე სისხლის სამართლის კოდექსის 353 1 -ე მუხლის
თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არ მიუღია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სსკ-ის 353 1 -ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის. მითითებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლის 24 სექტემბერს.

  • რა ხდება?

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელი დღეს, 26 თებერვალს კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მთავარი ფოტო: გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე

ამ თემაზე:

სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი პოლიციელის ცემა „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: