მთავარი,სიახლეები

მშვიდობას უკრაინელი ჯარისკაცი აახლოებს მტრის სამიზნეზე დარტყმებით – „აზოვის“ მეთაური

26.02.2025
მშვიდობას უკრაინელი ჯარისკაცი აახლოებს მტრის სამიზნეზე დარტყმებით – „აზოვის“ მეთაური

უკრაინის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის, „აზოვის“ მეთაური, უკრაინის ეროვნული გმირი დენის პროკოპენკო, რომელიც მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება დამოკიდებულია არა უცხო ლიდერებზე, არამედ მათზე, ვის მხრებზეც ფრონტი ეყრდნობა.

„უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის, რომ შედეგი ცნობილია და ყველაფერი ჩვენთვის გადაწყდა. რომ ვიღაც შეთანხმებას მიაღწია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე.

ისინი ცდილობენ უკრაინელების გატეხას იმ ილუზიის შექმნით, რომ ჩვენ ყველა განწირულები ვართ და ბრძოლას აზრი არ აქვს.

გაიხსენეთ, იგივე ხდებოდა სამი წლის წინ. მაგრამ მაშინ უკრაინა გადარჩა, მიუხედავად ყველა პროგნოზისა, გათვლებისა და კაპიტულაციის შესახებ დარწმუნებისა. ჩვენი პასუხი იყო ისეთი, რასაც ჩვენგან არც ჩვენი მტრები ელოდნენ და არც მოკავშირეები. ეს იყო იმ მეომრების პასუხი, რომლებიც აჩერებდნენ მტრის კოლონებს, ხშირად სათანადო მომზადებისა და თანამედროვე იარაღის გარეშე, მაგრამ ყველამ იცოდა რატომ და რისთვის იბრძოდა. ეს წინააღმდეგობა გაწია ათასობით უკრაინელმა, რომლებმაც პირველად აიღეს ავტომატი ხელში 2022 წლის 24 თებერვალს.

ჩვენი სახელმწიფოს არსებობის შენარჩუნება არის არა უცხო ლიდერებს შორის შეთანხმებების შედეგი, არამედ ფრონტზე ასობით ათასი ჯარისკაცის ყოველდღიური ტიტანური მუშაობის შედეგი.

რუსებით გარშემორტყმულ მარიუპოლში სრულიად გულგრილი ვიყავით იმის მიმართ, რომ ვიღაც უკრაინას დამარცხებისთვის განწირულად თვლიდა და ელოდა, რომ დავთმობდით ჩვენს ტერიტორიებს და დამოუკიდებლობას. თითოეულმა ჩვენგანმა მიზანმიმართულად და თავდაუზოგავად შეასრულა თავისი საქმე, მიუხედავად ანალიტიკოსთა სკეპტიციზმისა და იმედგაცრუებისა, რის დატესვასაც მათ ცდილობდნენ უკრაინელებში.

ძლიერ მტერთან მძიმე ბრძოლების დროს ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი სახელმწიფოს ბედი წყდებოდა არა თანამდებობის პირების შორეულ კაბინეტებში, არამედ სწორედ აქ – ბრძოლის ველზე. და ჩვენ მართალი ვიყავით.

სამი წლის შემდეგ ჩვენც ასევე დარწმუნებული ვართ ამაში. ჩვენ ვიხსენებთ იმ რთულ გზას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გავიარეთ და გვესმის, რომ გვაქვს რაღაც საამაყო და აბსოლუტურად ზუსტად ვიცით ვისთვის და რისთვის ვიბრძოლოთ.

ამ სამი რთული წლის განმავლობაში უკრაინამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა არმიის წყალობით, რომლის ნამდვილი მხარდაჭერები მოხალისეები და მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ჯარს ფინანსურად უჭერდნენ მხარს. ეს ნიშნავს, რომ დღეს ქვეყნის ბედი დამოკიდებულია მათზე, ვის მხრებსაც უჭირავთ ფრონტი.

უკრაინელი ჯარისკაცის გამბედაობის შურს მსოფლიოს ნებისმიერი ჯარის კაბინეტის გენერალს. უკრაინის გამბედაობასა და თავდადებას პატივს სცემენ მილიონები. უახლესი სამხედრო დოქტრინა, მსოფლიოს უახლესი გეოპოლიტიკური რუკა, უახლესი ისტორია იწერება სანგრებში – იქ, სადაც უკრაინელი ჯარისკაცი მშვიდობას აახლოებს მტრის სამიზნეზე ზუსტი დარტყმებით“ – წერს პროკოპენკო ფეისბუქზე.

„აზოვი“, რომელსაც მოგვიანებით „აზოვის პოლკი“ უწოდეს, 2014 წელს დაარსდა. „აზოვს“ ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდარულ უკრაინულ პოლკს, რომლის ჯარისკაცებიც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან.

2022 წელს „აზოვის პოლკი“, უკრაინის გენშტაბის ბრძანებამდე დანებების შესახებ, იბრძოდა ქალაქ მარიუპოლში, მესაზღვრეებთან, პოლიციასთან, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადასთან და მარიუპოლის ტერიტორიულ თავდაცვასთან ერთად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: